Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უდალცოვის თანაშემწეს ათ წლამდე პატიმრობა ემუქრება


„მემარცხენე ფრონტის“ ლიდერის თანაშემწე კონსტანტინ ლებედევი
„მემარცხენე ფრონტის“ ლიდერის თანაშემწე კონსტანტინ ლებედევი
რუსეთში ოპოზიციური „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერის თანაშემწეს, კონსტანტინ ლებედევს, მასობრივი არეულობის დაგეგმვაში ოფიციალურად დასდეს ბრალი, რაც მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ემუქრება. ოპოზიციონერების დაკავების საქმესთან კავშირში ქართველი პოლიტიკოსის გივი თარგამაძის სახელსაც ახსენებენ.

ოპოზიციური „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერის სერგეი უდალცოვის თანაშემწეს, კონსტანტინ ლებედევს, სამშაბათს ოფიციალურად დასდეს ბრალი მასობრივი არეულობების ორგანიზებაში. ლებედევისთვის წაყენებული ბრალდება თავისუფლების ათ წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ განცხადებით რუსეთის საგამომძიებლო კომიტეტის პრესმდივანი ვლადიმირ მარკინი გამოვიდა და დასძინა, რომ თავად ლებედევი დანაშაულს უარყოფს.

ბრალის წაყენება იმას მოასწავებს, რომ ლებედევი შესაძლოა მალე ოფიციალურად დააპატიმრონ. ის ოთხშაბათს დააკავეს უდალცოვთან და კიდევ ერთ პირთან, ლეონიდ რაზვოჟაევთან, ერთად. მათი დაკავება უკავშირდება რუსეთის ტელეკომპანია „ენ-ტე-ვეს“ მიერ ნაჩვენებ დოკუმენტურ ფილმს, სახელწოდებით „პროტესტის ანატომია - 2“.

ოთხშაბათს ჩხრეკა ჩატარდა სამივე დაკავებულის ბინებში. გაჩხრიკეს უდალცოვის მშობლების ბინაც.
პირველ რიგში, პუტინის აგიტპროპის მიერ შეთითხნილი მასალების დეტალური კომენტირება, ალბათ, ყველა ნორმალური ადამიანის ღირსების ქვემოთ არის. ეს არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი ...
გივი თარგამაძე

ფილმის ავტორები ირწმუნებიან, რომ ეს სამი პირი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დასამხობად მასშტაბურ არეულობას გეგმავდა.

ამასთან, ფილმის ავტორები აცხადებენ, რომ რუს ოპოზიციონერებს ქართველ ოფიციალურ პირებთანაც ჰქონდათ კავშირი. კერძოდ, ფილმის თანახმად, უდალცოვს მოსკოვში შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გივი თარგამაძე, მოლდავეთში საქართველოს კონსული მიხეილ იაშვილი და მათი სამი თანაშემწე.
თარგამაძე ბრალდებას უარყოფს:

„პირველ რიგში, პუტინის აგიტპროპის მიერ შეთითხნილი მასალების დეტალური კომენტირება, ალბათ, ყველა ნორმალური ადამიანის ღირსების ქვემოთ არის. ეს არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი. იმის გათვალისწინებით, რომ ამას განსაკუთრებით მწვავე რეზონანსი არ მოჰყოლია, ვფიქრობ, ხალხის განწყობაც ასეთია. ამას ისინიც პუტინის პირადი, ჯიბის ტელევიზიის მიერ გაკეთებულ ფალსიფიკაციად მიიჩნევენ. და ამდენად, აქ სიმართლის ძიება აზრს მოკლებულია“,განაცხადა თარგამაძემ და დასძინა:

„გვაქვს თუ არა რუსეთის ოპოზიციასთან კავშირები? როგორც იცით, ჩვენ ახლა ოპოზიციაში გადავედით და ეს სტატუსი დავიბრუნეთ. როგორც კი ფორმაში შევალთ და ჩვენს მოქმედებებს დავხვეწთ, რასაკვირველია, სიამოვნებით ვიურთიერთებთ ნებისმიერი ქვეყნის ოპოზიციის წარმომადგენლებთან - მათ შორის, რუსეთისაც. თუკი უდალცოვი იმ დროს უკვე თავისუფალი იქნება, რაშიც, სამწუხაროდ, ეჭვი მეპარება, მასაც სიამოვნებით გავიცნობდი. რასაკვირველია, თუკი იმაზე ვლაპარაკობთ, ამ ბრძოლაში ვის მხარეს არის ჩემი სიმპათიები, ცხადია, რომ ცალსახად ოპოზიციის.“

უდალცოვი ოთხშაბათს მოგვიანებთ გაათავისუფლეს. ჯერჯერობთ გაურკვეველია, ბრალი რაზვოჟაევსაც წაუყენეს თუ არა.

მარკინის განცხადებით, საგამომძიებლო კომიტეტი ცდილობს დაადგინოს, იყო თუ არა ჯგუფი ჩართული რუსეთში ტერორისტული აქტების დაგეგმვაში. მისი თქმით, ეს თუ დადასტურდა, მაშინ უდალცოვსაც და სხვებსაც, ქართველი ოფიციალური პირების ჩათვლით, ტერორიზმში ბრალდებას წაუყენებენ.
XS
SM
MD
LG