Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ნიშნავს რუსეთის სამხედრო წვრთნები საქართველოს სიახლოვეს


რუსეთის სამხედრო წვრთნები შავ ზღვაში
რუსეთის სამხედრო წვრთნები შავ ზღვაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია შავი ზღვის რეგიონში რუსული შეიარაღებული შენაერთების ფართომასშტაბიანი წვრთნების დაწყების გამო. თბილისი საერთაშორისო თანამეგობრობას სამშვიდობო გარანტიების შექმნის თხოვნით მიმართავს. რას უკავშირდება რუსეთის პრეზიდენტის მიერ მოულოდნელად მიღებული გადაწყვეტილება და რა საფრთხეს უქმნის საქართველოს მისი საზღვრების სიახლოვეს ჩატარებული ფართომასშტაბიანი წვრთნები?

”რუსეთის ქმედება ეწინააღმდეგება ევროპის სამეზობლოში სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის დაცვის ინტერესებს. საქართველო შეშფოთებულია რუსული სამხედრო შენაერთების მოულოდნელი და პროვოკაციული ქმედებებით, ისევე როგორც საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში, საქართველო რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების შეიარაღების და/ან პერსონალის გამოყენების პოტენციური საფრთხით”, - ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში იმ წვრთნების შესახებ, რომელთა ჩატარების ბრძანებაც, ყველასთვის მოულოდნელად, რუსეთის პრეზიდენტმა და მთავარსარდალმა ვლადიმირ პუტინმა 28 მარტს გასცა, ხოლო 29 მარტს ფართომასშტაბიანი წვრთნები გაჩაღდა კიდეც საქართველოს საზღვრების სიახლოვეს. რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვებსაიტი გვატყობინებს, რომ პროცესში ჩართული იქნება 7000 სამხედრო, სევასტოპოლსა და ნოვოროსიისკში ბაზირებული 30-ზე მეტი სამხედრო გემი, ავიაცია, სამხედრო ქვეითები და მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) სწრაფი რეაგირების ძალები. წვრთნების მიზნად ოფიციალურად დასახელებულია ცალკეული შენაერთების ბრძოლისუნარიანობისა და გამართულობის გამოცდა.

მოსკოვის მოულოდნელ გადაწყვეტილებას ეჭვქვეშ აყენებენ თბილისში. როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ვარაუდობს, რუსეთმა შავი ზღვის რეგიონში მოულოდნელად დანიშნული წვრთნებით ქართულ-ამერიკულ საჩვენებელ წვრთნებს უპასუხა. ლაპარაკია ბოლო დღეებში ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე გამართულ წვრთნებზე, რაც ავღანეთში ნატოს ეგიდით მოქმედი უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალებისთვის (ISAF) გათვალისწინებული ტაქტიკით შესრულდა.

საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარისგან განსხვავებით, ამ ორი მოვლენის ერთმანეთთან ”პირდაპირი მიბმის” საფუძველს ვერ ხედავს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რომლის თქმითაც, ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო თავის უმთავრეს სტრატეგიულ მოკავშირე შეერთებულ შტატებთან ერთად სამომავლოდ კიდევ უფრო მასშტაბურ წვრთნებს გამართავს, სადაც რეგიონის სხვა ქვეყნებიც იქნებიან ჩართული.
ეს წვრთნები, ბუნებრივია, ჩვენს დაკვირვებას კიდევ უფრო აათმაგებს, მაგრამ საფრთხეს, პირდაპირს, საქართველო არ გრძნობს ამ წვრთნებიდან. და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი გეგმით სამხედრო წვრთნებს...
ირაკლი ალასანია

ირაკლი ალასანიას თქმით, ”რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული საოკუპაციო ჯარები ამ წვრთნებში ჩართული არ არის და არც საქართველოს საზღვაო აკვატორიაა დარღვეული”, მაგრამ იმით, რომ წვრთნების შესახებ მეზობელ საქართველოს არაფერი შეატყობინა, რუსეთმა საერთაშორისო დონეზე დამკვიდრებული პრაქტიკა უგულებელყო. ასეა თუ ისე, მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ეს წვრთნები საქართველოსთვის უსაფრთხოა:

”ეს წვრთნები, ბუნებრივია, ჩვენს დაკვირვებას კიდევ უფრო აათმაგებს, მაგრამ საფრთხეს, პირდაპირს, საქართველო არ გრძნობს ამ წვრთნებიდან. და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი გეგმით სამხედრო წვრთნებს, სამხედრო აღმშენებლობას. და ამას ვერავინ, ვერც ერთი ქვეყნის მიერ ჩატარებული წვრთნები ხელს ვერ შეუშლის”.

რუსეთის მიერ წამოწყებულ სამხედრო წვრთნებს ”უჩვეულოს” უწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 29 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში. უწყების შეფასებით, პროცესი ”სცდება სამხედრო შენაერთების განლაგების ჩვეულ ადგილს”, რომელიც შესაბამისობაშია "ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების შესახებ" ვენის 2011 წლის დოკუმენტთან”.

”ცალმხრივად განხორციელებული სამხედრო ქმედებები საქართველოს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს იმ ფონზე, რომ რუსეთი კვლავაც უარს აცხადებს უპასუხოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2010 წელს ცალმხრივად ნაკისრ ვალდებულებას ძალის არგამოყენების შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 7 მარტს ერთსულოვნად მიღებული დეკლარაციით დაადასტურა”, - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო და იქვე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, ”გააძლიეროს ძალისხმევა, რათა უზრუნველყოს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება და გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები საქართველოსა და რუსეთს შორის ძალის არგამოყენების მტკიცე რეჟიმის ჩამოყალიბების მიზნით, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებით იქნება გამყარებული”.
ეს არის კუნთების თამაში - არ დაგავიწყდეთ, რომ მეც ვარ ამ რეგიონის უმსხვილესი მოთამაშეო. 7 ათასი სამხედრო მოსამსახურის გამოყვანა შავი ზღვის აკვატორიაში, ვერტმფრენების, მცურავი საშუალებების ჩართვა, მხოლოდ და მხოლოდ ამაზე მიუთითებს...
გიორგი ცხვიტავა

საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ნიკა ჩიტაძე ჩვენთან საუბრისას ვარაუდობს, რომ სამხედრო წვრთნებით რუსეთმა საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას უპასუხა. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი მოსკოვს სულ უფრო მეტად აღიზიანებს:

”ეს არის გზავნილი, რომ სანამ საქართველო საგარეო პოლიტიკურ კურსს არ შეიცვლის, შესაბამისად, რუსეთი, როცა მოინდომებს, ჩაატარებს წვრთნებს, მათ შორის საზღვაო აკვატორიაში... ამიტომ ილუზია იმისა, რომ რუსეთი რაიმე დათმობაზე წავა საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან მიმართებით, ქართულ საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს”.

შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე სამხედრო წვრთნებს მხოლოდ და მხოლოდ ძალის დემონსტრირებად განიხილავს საქართველოს სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, რუსეთი ამ შემთხვევაშიც ტრადიციული მეთოდებით მოქმედებს:

”ეს არის კუნთების თამაში - არ დაგავიწყდეთ, რომ მეც ვარ ამ რეგიონის უმსხვილესი მოთამაშეო. 7 ათასი სამხედრო მოსამსახურის გამოყვანა შავი ზღვის აკვატორიაში, ვერტმფრენების, მცურავი საშუალებების ჩართვა, მხოლოდ და მხოლოდ ამაზე მიუთითებს”.

რუსეთის მოულოდნელ ნაბიჯს, რომელიც, ექსპერტთა აზრით, შესაძლოა ნატო-საქართველოს ურთიერთობებს უკავშირდებოდეს, თავად ნატო ძალიან მშვიდად შეხვდა. ყოველ შემთხვევაში, ასე განაცხადა ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ, რომელიც 29 მარტს მოსკოვში ”ეხო მოსკვის” სტუმარი იყო. ”წვრთნები ჩვეულებრივი საქმეა სამხედროებისთვის”, - განაცხადა მან, თუმცა იქვე გამოთქვა ერთი შენიშვნა, რომელიც წვრთნების მიზნების ბუნდოვანებას უკავშირდება:

”ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, თუკი მსგავს წვრთნებთან დაკავშირებით უფრო მეტი გამჭვირვალობა იქნებოდა - თუ რა მიზნები აქვთ მათ და ასე შემდეგ. მითხრეს, რომ თვითონ ჯარიც გაკვირვებული უნდა ყოფილიყო წვრთნების მოულოდნელობით, რათა ენახათ, შეუძლიათ თუ არა მათ სწრაფად რეაგირება”, - განაცხადა ალექსანდრ ვერშბოუმ და დასძინა: ”ამას ჩვენც ვაკეთებთ ხანდახან, მაგრამ კოლეგებს ვუთხარი, რომ ნატოსთვის მაინც შეიძლებოდა ამის თქმა. ჩვენ არ გავთქვამდით თქვენს საიდუმლოს”.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG