Accessibility links

რა ეღირება რუსეთში პროტესტის გამოთქმა?


მოსკოვი, 22 მაისი: ოპოზიციონერების აქცია რუსეთის სახელმწიფო სათათბიროსთან

მოსკოვი, 22 მაისი: ოპოზიციონერების აქცია რუსეთის სახელმწიფო სათათბიროსთან

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ფულადი ჯარიმის მნიშვნელოვნად გაზრდას მიტინგის ჩატარებისას დაშვებული კანონდარღვევებისთვის. ცნობების თანახმად, ჯარიმა 1,5 მილიონ რუბლამდე, ანუ 48 000 დოლარამდე უნდა გაიზარდოს მასობრივი აქციის ორგანიზატორებისთვის, თუ ისინი კანონს დაარღვევენ აქციის მზადების, ან ჩატარებისას. ასეთია ინიციატივა (ადმინისტრაციულ კოდექსში შესწორების შეტანის წინადადება), რომელიც ეკუთვნის „ერთიან რუსეთის“ - მმართველი პარტიის წარმომადგენელს.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში პირველი მოსმენით ჩატარებული განხილვის შემდეგ 236 დეპუტატი მიემხრო კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმების გაზრდას მიტინგებზე დაშვებული დარღვევებისათვის. წინააღმდეგი იყო 207 პარლამენტარი, თავი შეიკავა ერთადერთმა.

კანონპროექტის მიხედვით, უნდა დაწესდეს სხვადასხვა მოცულობის ჯარიმა: თუ მასობრივი აქციის ორგანიზატორებს, კანონის დარღვევის შემთხვევაში, 1,5 მილიონი რუბლის გადახდა მოუწევთ, რიგითი დემონსტრანტებისთვის ჯარიმა იქნება არაუმეტეს მილიონი რუბლისა. მოელიან, რომ კანონპროექტის შემდეგი მოსმენით განხილვისას, ჯარიმა შემცირდება, თუმცა, რამდენად, ეს უკვე ივნისში უნდა გაირკვეს, მეორე მოსმენის მსვლელობაში.

რუსი ოპოზიციონერები მკაცრად აკრიტიკებენ კანონპროექტს, რადგან შიშობენ, რომ მისი დამტკიცებისა და, დავუშვათ, არასანქცირებულ დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის ასიათასობით რუბლის ჯარიმის შემოღების შემთხვევაში, ბოლო მოეღება საპროტესტო გამოსვლებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მმართველობის წინააღმდეგ.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეები სამშაბათს დილიდან შეიკრიბნენ აქციაზე პარლამენტის ქვედა პალატასთან - სახელმწიფო სათათბიროსთან - კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით.

„დღეს აქ მოვედით, რათა დავარწმუნოთ დეპუტატები, რომლებიც აქ, გვერდით ჩაგვივლიან (ამიტომაც დავიწყეთ აქცია ასე ადრე),- რომ ეს არ გააკეთონ, არ შეარცხვინონ ჩვენი ქვეყანა, არ დასცინონ რუსეთის მოქალაქეებს! იმედი გვაქვს, მოვახერხებთ, ჩავშალოთ ეს სამარცხვინო ღონისძიება, რომელიც დღეს მზადდება“, უთხრა ჟურნალისტებს პარტია „იაბლოკოს“ ლიდერმა სერგეი მიტროხინმა. მოგვიანებით ის პოლიციამ დააკავა, აქციის რამდენიმე მონაწილესთან ერთად, თუმცა, მალევე გაათავისუფლა.

როგორც „იაბლოკოს“ წევრი კირილ გონჩაროვი ამბობს, პოლიცია მალევე ამოქმედდა მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა პლაკატების გაშლა დაიწყეს: „დამაკავეს, როგორც კი გავშალე პლაკატი. ერთი წუთიც არ მაცალეს. არ აუხსნიათ, რატომ მაკავებდნენ, არც დოკუმენტები წარმოუდგენიათ, არ უთქვამთ, ვინ არიან. უცებ მოგვიახლოვდნენ „ომონის“ თანამშრომლები, ავტობუსისაკენ გვიბიძგეს“.

რუსეთის ოპოზიცია საპროტესტო აქციების უპრეცედენტო სერიებს აწყობს მას შემდეგ, რაც დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებმა, აქტივისტების შეფასებით, უხეში დარღვევებით ჩაიარა. ბოლოხანს რამდენიმე აქტივისტი იქნა დაკავებული დემონსტრაციებში მონაწილეობისათვის. მათ შორის არიან ალექსეი ნავალნი, სერგეი უდალცოვი და ილია იაშინი, რომლებსაც 15-15 დღით პატიმრობა შეუფარდეს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით.

პარტია „ერთიანი რუსეთის“ წარმომადგენელი ალექსანდრ სიდიაკინი (კანონპროექტის ოფიციალური ინიციატიორი) დეპუტატებს არწმუნებდა, რომ ახალი ზომების მიზანია არა მასობრივი გამოსვლების რიგითი მონაწილეების დაფრთხობა, არამედ ქუჩის აქციების უფრო „ცივილიზებულად“ ჩატარება. ის იშველიებდა ინფორმაციას ევროპის ქვეყნებში კანონდარღვევებთან დაკავშირებულ ჯარიმებზე და კოლეგებს სთავაზობდა: ნუ ვაქცევთ სინდისის პატიმრებად „ტელეკამერების წინ მოხტუნავე“ ოპოზიციონერებსო. მოგვიანებით მან უფრო მკვახე შეფასებაც გამოიყენა: საკადრისი მივაგოთ „ნიღბიან გარეწრებს“, პოლიციელებს თავს რომ ესხმიანო.

სხვათა შორის, მეორე მოსმენით განხილვისას, კანონპროექტის ტექსტს, სავარაუდოდ, დაემატება რუსეთში ქუჩის აქციებზე ნიღბით დასწრების აკრძალვა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG