Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეს ფსიქიატრიულ მკურნალობას აიძულებენ


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
რუსეთის საგამომძიებლო უწყებამ დაასრულა იმ 17 აქტივისტის საქმის გამოძიება, რომლებიც 6 მაისს მოსკოვში გამართულ ანტისამთავრობო დემონსტრაციაში ღებულობდნენ მონაწილეობას. პროკურატურის ბრალდების საფუძველზე, ბევრ მათგანს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გარდა ამისა, 15 ოქტომბერს გამოძიებამ მოითხოვა, ერთ-ერთი დაკავებული აქტივისტი იძულების წესით მოათავსონ ფსიქიატრიულ სავადმყოფოში.

თუკი რუსეთის საგამომძიებლო კომიტეტი თავისას გაიტანს, მაშინ მიხაილ კოსტენკოს სულ მალე ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოამწყვდევენ. მის მიმართ საგამომძიებლო უწყების გადაწყვეტილებამ აღაშფოთა რუსეთის უფლებადამცველი ორგანიზაციები, რადგან კოსტენკოს, სამხედრო სამსახურში მიღებული ტრავმის შედეგად, ფსიქიკური პრობლემა აწუხებს.

ნატალია ტაუბინა, „საზოგადოებრივი ვერდიქტის ფონდის“ ხელმძღვანელია. სწორედ ამ ფონდის ადვოკატები იცავენ სასამართლოში მიხაილ კოსტენკოს ინტერესებს. ნატალია ტაუბინა ამბობს, რომ ახალგაზრდა კაცი არ წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებისათვის და გამომძიებლებმა იგი არ უნდა გაამწესონ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში:

„თავისუფლებაში ყოფნისას ის უკვე თითქმის 10 წელიწადი იმყოფებოდა დაკვირვების ქვეშ. ამასთან, იგი არასოდეს საჭიროებდა სტაციონარულ მკურნალობას, რეგულარულად ღებულობდა მედიკამენტებს და ყოველ მეორე კვირას დადიოდა ექიმთან. და ეს საკმარისი იყო.“
არსებობს ბევრი ვიდეოჩანაწერი, საიდანაც აშკარად ჩანს პოლიციელების დანაშაულებრივი ქმედებები. არსებობს მრავალი ჩვენება, მაგრამ არავითარი საგამომძიებლო მუშაობა არ ჩატარებულა ...
სერგეი დავიდისი

მიხაილ კოსტენკო, სხვა დემონსტრანტებთან ერთად, შარშან მოსკოვის ბოლოტნაიას მოედანზე დააკავეს იმ მიტინგის დარბევის დროს, რომელსაც უფლებადამცველები უპრეცედენტოს უწოდებენ, მისი შედეგიდან გამოდინარე. გასული წლის 6 მაისს პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის მიერ ვლადიმირ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული სანქცირებული მიტინგის დარბევისა და დემონსტრანტებთან შეტაკების შემდეგ პოლიციამ 400-მდე დემონსტრანტი დააკავა, ათობით კაცი კი შეტაკებაში დაშავდა. პოლიცია ამტკიცებს, რომ დემონსტრანტები პოლიციელებს რკინის ჯოხებს ურტყამდნენ და ასფალტის ნამსხვრევებს უშენდნენ, რის გამოც, ოფიციალური ინფორმაციით, 40-მდე პოლიციელი დაშავდა.

ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეები კი აცხადებენ, რომ პოლიცია მათ რეზინის ხელკეტებს ურტყამდა და თავადვე მოახდინა შეტაკების პროვოცირება იმით, რომ აქციის მონაწილეები თავშეყრისათვის აკრძალულ სივრცეში შერეკა.

სერგეი დავიდისი, მოსკოვში არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია „მემორიალში“ პოლიტიკური პატიმრების პროგრამის ხელმძღვანელი, სასამართლო ხელისუფლებას ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში ადანაშაულებს:

„არსებობს ბევრი ვიდეოჩანაწერი, საიდანაც აშკარად ჩანს პოლიციელების დანაშაულებრივი ქმედებები. არსებობს მრავალი ჩვენება, მაგრამ არავითარი საგამომძიებლო მუშაობა არ ჩატარებულა, ფორმალური პასუხებიც კი არ მიგვიღია.“

ბოლოტნაიას მოედანზე მოწყობილი არეულობის ბრალდებით დაკავებული 17 პირის ადვოკატები შიშობენ, რომ სასამართლო პროცესი პროკურატურის ორკესტრირებით გაიმართება და ეჭვმიტანილებს შესაძლოა მრავალ წლით პატიმრობა მიუსაჯონ. არც ისაა გამორიცხული, რომ ბრალდებულთა სია გაიზარდოს - რუსეთის საგამომძიებლო კომიტეტს ხომ ჯერ არ დაუსრულებია ე.წ.„ბოლოტნაიას“ საქმის გამოძიება. გამომძიებლები აცხადებენ, რომ ისინი ჯერ კიდევ სწავლობენ შარშანდელი 6 მაისის არეულობაში ეჭვმიტანილი 70-მდე პირის საქმეს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG