Accessibility links

რუსეთი ტერორიზმს სტალინისეულ „კოლექტიურ მართლმსაჯულებას“ უპირისპირებს


მაშინ, როცა სოჭის ზამთრის ოლიმპიადამდე რამდენიმე თვე რჩება, უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ახალ კანონს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრების თაობაზე. კრიტიკოსები შიშობენ, რომ კრემლის ეს ნაბიჯი რუსეთისათვის იოსებ სტალინის ეპოქაში დაბრუნებას ნიშნავს.

როდესაც კრიტიკოსები სტალინისდროინდელ „კოლექტიურ პასუხისმგებლობასთან“ ავლებენ პარალელს, მათ მხედველობაში აქვთ ის გარემოება, რომ ტერორისტული აქტის ჩამდენი პირების ახლობლებმა და ნათესავებმა, 3 ნოემბერს ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი აქტის თანახმად, სრულად უნდა ზღონ „მატერიალური და მორალური“ ზიანი. კანონი ასევე ანიჭებს უფლებას სამართალდამცველ ორგანოებს, ექსტრემისტების მეგობრებსა და ნათესავებს ჩამოართვან ქონება, მათ მიმართ კი, ვინც ტერორისტებს „წვრთნასა და გადამზადებაში“ დაეხმარება, კანონი 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ კანონს არანორმალურს უწოდებს მაირბეკ აჩაგაევი, რომელიც „ჯეიმსთაუნ ფაუნდეიშენის“ ჩრდილოეთ კავკასიის საქმეების ანალიტიკოსია:

„ეს სრულიად არანორმალურია. ეს ნიშნავს დაბრუნებას 1930-იან წლებში, როდესაც სტალინმა ჩადენილი დანაშაულისთვის „კოლექტიური სასჯელი“ შემოიღო. ანუ, ჩვენ ისევ აღმოვჩნდით სტალინის პერიოდში, რომელსაც იხსენებს და რომელიც ასე უყვარს ვლადიმირ პუტინს“.

უშიშროების სამსახურის ამჟამინდელი ტაქტიკა განსხვავდება იმისგან, რომელსაც ის ერთი წლის წინ მიმართავდა. ერთი წლის წინ, სპეციალური ოპერაციის პარალელურად, ის მიმართავდა სხვა სახის ზომებს, რათა ხალხი ტყიდან გამოეყვანა - ქმნიდა რეაბილიტაციის კომისიებს და სხვა...
ვინაიდან „ახლობლები და ნათესავები“ ჩეჩნეთის მსგავს მუსლიმანურ რესპუბლიკებში მთლიან კლანს წარმოადგენს, კანონის ბუნდოვანებამ, შესაძლოა, სამართლებრივი დევნის ობიექტად უამრავი ადამიანი აქციოს.

მაირბეკ ვაჩაგაევის თქმით, პუტინის მიერ ხელმოწერილი კანონით, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, ჩეჩნეთის მსგავსად, ძალისმიერი მეთოდებით დააწყნაროს დაღესტნისა და ინგუშეთის რესპუბლიკები, სადაც ყველაზე ხშირად ხდება თავდასხმები ფედერალური თუ რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენლებზე. ამ მოსაზრებას ეთანხმება საგამომძიებლო ვებსაიტ „აგენტურა.რუ-ს“ დამფუძნებელი ანდრეი სოლდატოვი, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსეთი ცვლის ექსტრემისტების შემორიგების ტაქტიკას:

„უშიშროების სამსახურის ამჟამინდელი ტაქტიკა განსხვავდება იმისგან, რომელსაც ის ერთი წლის წინ მიმართავდა. ერთი წლის წინ, სპეციალური ოპერაციის პარალელურად, ის მიმართავდა სხვა სახის ზომებს, რათა ხალხი ტყიდან გამოეყვანა - ქმნიდა რეაბილიტაციის კომისიებს და სხვა. ახლა კი ჩანს, რომ ასეთი მოქმედებები წყდება ჩრდილოეთ კავკასიის თითქმის ყველა რესპუბლიკაში და უშიშროების სამსახური მხოლოდ მკაცრი ზომების პოლიტიკას გაატარებს“.

ვლადიმირ პუტინმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრების კანონი მიიღო მას შემდეგ, რაც დაღესტნელმა თვითმკვლელმა ქალმა ტერაქტი მოაწყო ვოლგოგრადის სამგზავრო ავტობუსში და ექვსი ადამიანი მოკლა. ოპონენტების თქმით, აღნიშნული კანონი ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ კრემლის მიერ ამოქმედებული მკაცრი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. ასე მაგალითად, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში მცხოვრებ ქალებს უკვე ჩაუტარეს ე. წ. დე-ენ- ემის ანალიზი, რათა სწრაფად დაადგინონ თავდამსხმელის ვინაობა, თვითმკვლელი ქალების მიერ ტერაქტის ჩადენის შემთხვევაში.
XS
SM
MD
LG