Accessibility links

logo-print

რატომ მოხსნა პუტინმა თავდაცვის მინისტრი?


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თავდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი, ანატოლი სერდიუკოვი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თავდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი, ანატოლი სერდიუკოვი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ გამოირჩევა მინისტრების ხშირი ცვლით. მაგრამ მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაწყებულია გამოძიება სამხედრო ქონების გაყიდვასთან დაკავშირებული კორუფციული გარიგებების დასადგენად, თავდაცვის მინისტრ ანატოლი სერდიუკოვს თანამდებობის დატოვება მოუხდა. მის შემცვლელად პუტინმა დაასახელა სერგეი შოიგუ - მოსკოვის ოლქის გუბერნატორი.

სწორედ შოიგუსთან შეხვედრაზე განმარტა პუტინმა საკადრო ცვლილების მიზეზი. „თქვენ იცით ვითარების შესახებ, რომელიც, სამწუხაროდ, ბოლოხანს შეიქმნა თავდაცვის სამინისტროს გარშემო. იმისათვის, რომ შეიქმნას ამ სფეროში წამოჭრილი ყველა საკითხის ობიექტური გამოძიებისათვის აუცილებელი პირობები, მიღებულია გადაწყვეტილება დაკავებული თანამდებობიდან თავდაცვის მინისტრის, ანატოლი სერდიუკოვის გათავისუფლების შესახებ“, - განაცხადა პუტინმა თავდაცვის ახალ მინისტრად დასახელებულ სერგეი შოიგუსთან შეხვედრაზე, რომელიც რუსეთის ტელევიზიით გადაიცა.

გასულ კვირაში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გამოაცხადა, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები კომპანია „ობორონსერვისის“ მიერ უძრავი ქონებისა და მიწის ნაკვეთების რელიზაციისას თაღლითობის ფაქტებთან დაკავშირებით. კომპანია „ობორონსერვისი“ კი გასულ წლამდე, სერდიუკოვის კონტროლს ექვემდებარებოდა.

„ობორონსერვისის“ მუშაობის მთავარი მიმართულებებია სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფა, შეიარაღებული ძალების მოქმედებისათვის საჭირო ენერგეტიკული ობიექტების ექსპლუატაციის, რემონტისა და მოდერნიზაციის ორგანიზება, შეიარაღებული ძალების სავაჭრო-საყოფაცხოვრებო მომსახურებისა და კვების უზრუნველყოფა, პოლიგრაფიული პროდუქციის წარმოების უზრუნველყოფა და ა.შ.
მინისტრის მთავარი შეცდომა იყო ის, რომ მან მეტისმეტად ბევრი ამოცანა მიანდო თავის ხელქვეითებსა და იმ სტრუქტურებს, რომლებიც იქმნებოდა შეიარაღებული ძალებისათვის საჭირო მომსახურების უზრუნველსაყოფად ...

„საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, „ობორონსერვისის“ ქმედების შედეგად სახელმწიფოს მიადგა, სავარაუდოდ, სამი მილიარდი რუბლის, ანუ 95 მილიონამდე დოლარის ზარალი.

თუმცა, ჟურნალ “ნაციონალანაია ობორონას“ მთავარი რედაქტორი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე იგორ კოროჩენკო ირწმუნება, რომ თავდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი, ანატოლი სერდიუკოვი კარგად მუშაობდა.

„მინისტრის მთავარი შეცდომა იყო ის, რომ მან მეტისმეტად ბევრი ამოცანა მიანდო თავის ხელქვეითებსა და იმ სტრუქტურებს, რომლებიც იქმნებოდა შეიარაღებული ძალებისათვის საჭირო მომსახურების უზრუნველსაყოფად. ერთწლიანი სამხედრო სამსახურის პირობებში სავსებით ნათელია, რომ არმია უნდა გათავისუფლდეს ყველა სახის სამეურნეო სამუშაოებისაგან და დაკავდეს მხოლოდ საბრძოლო და ფიზიკური მომზადებით. შეგახსენებთ, რომ სწორედ სერდიუკოვის მმართველობისას, კოლოსალურად - ორნახევარჯერ, სამჯერ - გაიზარდა სამხედრო მოსამსახურეების ფულადი ანაზღაურება! და სერდიუკოვმა უზარმაზარი თანხმები გამოყო ფლოტის არმიის შეიარაღების მოდერნიაზეაციაზე. მაგრამ მან ზედმეტად დიდი ნდობა გამოუცხადა თავის ხელქვეითებს, და აშკარაა, რომ ეს გახდა ამ ხმამაღალი სკანდალის ერთ-ერთი მიზეზი“, - ამბობს ჟურნალ „ნაციონალნაია ობორონის“ რედაქტორი.

ანატოლი სერდიუკოვი 2007 წლის თებერვლიდან მუშაობდა თავდაცვის მინისტრის პოსტზე. მისი მოხსნის ფონია რუსეთის მზადება სამხედრო ხარჯების მნიშვნელოვნად გასაზრდელად.

რუსეთის პრეზიდენტის ვარაუდით, ახალი მინისტრი - სერგეი შოიგუ თავს გაართმევს ახალ ამოცანებს. 1994-2012 წლებში შოიგუ იყო რუსეთის საგანგებო მდგომარეობათა მინისტრი. ის წელს, მაისში დაინიშნა მოსკოვის ოლქის გუბერნატორად.
XS
SM
MD
LG