Accessibility links

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: რუსეთს მკაფიო მესიჯი უნდა მიეღო


აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო

ვაშინგტონში, პეტერსონის ეკონომიკის ინსტიტუტში გამოსვლისას შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრ ჯეიკობ ლიუს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგების შეფასება სთხოვეს. ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად იმას უნდა მიექცეს ყურადღება, თუ რამ გამოიწვია ამ სანქციების მიღება იმ დროს, როცა მსოფლიოს და შეერთებული შტატების ეკონომიკების ზრდისთვის, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, ამდენი შრომა იქნა გაწეული.

ჯეკ ლიუ

ჯეკ ლიუ

ჯეიკობ ლიუმ თქვა, რომ არავის უნდოდა ასეთი ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ არსებობს მოვლენები, რაც პასუხის გაცემას მოითხოვს. „უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის საქციელი პასუხის გაცემას მოითხოვდა. მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტის უგულებელყოფა მიუღებელია. ასევე მიუღებელია, პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით, ქვეყანაში ისეთი ვითარების გამოწვევა, როგორიც დღეს უკრაინაშია შექმნილი. რუსეთს შეერთებული შტატებისგან და მსოფლიოსგან მკაფიო მესიჯი უნდა მიეღო, რომ ასეთ საქციელს არ შეურიგდებოდნენ,“ - აცხადებს ჯეკ ლიუ და დასძენს, რომ არსებული ეკონომიკური სანქციები, ოდესმე არსებულ სანქციებთან შედარებით, ბევრად უფრო დახვეწილია. იგი ამბობს, რომ ეს სანქციები საგანგებოდ ისე შემუშავდა, რომ რუსეთზე მაქსიმალური ზემოქმედება იქონიოს, ევროპის და ამერიკის ეკონომიკებზე არასასურველი გავლენის რისკი კი მინიმუმამდე იქნას შემცირებული.

„ვფიქრობ, ჩვენ ეს შევძელით. რუსეთის ეკონომიკა სანქციების შემოღებამდეც ცუდ მდგომარეობაში იყო, სანქციების შემდეგ კი საგრძნობლად გაუარესდა. ეკონომიკის სანდო ექსპერტების მიერ რუსეთში ჩატარებული ყველა შეფასება აჩვენებს, რომ ახლანდელი სანქციების ძალაში დარჩენის შემთხვევაში, რუსეთის ეკონომიკას მძიმე მომავალი ელის. ამჟამად ამ სანქციების შედეგების არასასურველ გავრცელებას მიკრომასშტაბით - ცალკეული კომპანიების დონეზე ვხედავთ. მაკრომასშტაბით ეს არც ამერიკის და არც ევროპის ეკონომიკაზე არ ასახულა. რა თქმა უნდა, ევროპის ეკონომიკა რუსეთთან უფრო მჭიდროდაა ინტეგრირებული ვიდრე ამერიკის ეკონომიკა. რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის ზოგადი შემცირება უფრო მეტად იმ ქვეყნებზე აისახება, რომელთა ეკონომიკის დიდ წილს რუსეთში ექსპორტი შეადგენს-“აცხადებს ის.

ლიუს უჭირს იმის თქმა, რომ ევროპისთვის ან ამერიკისთვის არავითარი შედეგები არ დადგება. „მაგრამ ამ შედეგებს თუ შევადარებთ, რუსეთი ამ ტვირთის სრულ სიმძიმეს იგრძნობს, სხვები კი შედარებით ზომიერ ტვირთს იკისრებენ. ამის მიზანი იმ გზის შექმნაა, რომელიც რუსეთს უკან დაახევინებს, რათა რუსეთმა პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, გამოიყვანოს შეიარაღებული ძალები, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ შეიყვანა. მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ცეცხლის შეწყვეტის ამჟამინდელი შეთანხმება, რომელიც ბოლო დღეებში დაძაბულობით გამოირჩევა, ამ უკანდახევის საშუალებას შექმნის. ამის ალტერნატივა უფრო გამკაცრებული სანქციები იქნება. გამკაცრების ნაბიჯები ამ სანქციების არასასურველი შედეგების დადგომის რისკს გაზრდის. შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის მთავრობა მტკიცე პოზიციას ინარჩუნებს და სხვა წამყვანი სახელმწიფოების მთავრობებიც გააგრძელებენ რუსეთისთვის მკაცრი სიგნალების გაგზავნას, რომ ეს მიუღებელი საქციელია და უნდა შეიცვალოს“ - აცხადებს ამერიკელი ოფიციალური პირი.

ანდერს ასლუნდი

ანდერს ასლუნდი

ამავე თემაზე, „ამერიკის ხმამ“ კომენტარი სთხოვა ვაშინგტონში დაფუძნებული პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის ექსპერტს ანდერს ასლუნდს. ასლუნდი ამბობს, რომ არსებულმა სანქციებმა რეალური შედეგი უკვე გამოიღო. მისი თქმით, სანდო შეფასებების მიხედვით, სანქციებმა წელს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5 %-ით შემცირება გამოიწვია, რაც „50 მილიარდი დოლარის ტოლფასია და ეს კიდევ გაგრძელდება. ივლისის შემდეგ ყველაზე დიდი გავლენა, რუსეთისთვის საერთაშორისო ფინანსური კრედიტების გაყინვას მოჰყვა. ამჟამად, რუსეთს ჩინეთის დიდი სახელმწიფო ბანკებიც კი არ აძლევენ არანაირ კრედიტს“ - აცხადებს ის.

გავლენიანი ექსპერტი ამბობს, რომ მსოფლიოს ფინანსებში შეერთებული შტატების დოლარი დომინირებს და რომ ამერიკული დოლარის გარეშე ბევრს ვერაფერს შეძლებ. „გლობალური საერთაშორისო რეზერვების და, რაც მთავარია, გადახდების ორ მესამედს დოლარი შეადგენს. ამერიკულ დოლარს კი შეერთებული შტატების მთავრობა აკონტროლებს. მეორე უმნიშვნელოვანესი ვალუტა კი ევროა - დასძენს ექსპერტი - ევრო, რომელიც გლობალური რეზერვების მეოთხედს შეადგენს. ამ ორი ვალუტის გარეშე ბევრს ვერაფერს გახდები. სანქციები, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ივლისში დააწესეს, ნიშნავს, რომ არცერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, არცერთი ბანკი არ არის მზად იმისთვის, რომ რუსეთს კრედიტი მისცეს. რისკი ძალიან დიდია და ბანკები ამ რისკის გასაწევად მზად არ არიან“ - აღნიშნა ანდერს ასლუნდმა.

XS
SM
MD
LG