Accessibility links

logo-print

მოსკოვი-დამასკის სამგზავრო ავიარეისით ტყვია-წამალი მიჰქონდათ?


თურქეთი, 2012 წლის 10 ოქტომბრის ღამე: სირიის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელსაც ანკარის აეროპორტზე დაშვება აიძულეს

თურქეთი, 2012 წლის 10 ოქტომბრის ღამე: სირიის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელსაც ანკარის აეროპორტზე დაშვება აიძულეს

თურქეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ სირიის სამგზავრო თვითმფრინავით, რომელიც ოთხშაბათს ღამით მოსკოვი-დამასკის რეისს ასრულებდა, გადაჰქონდათ რუსული წარმოების ტყვია-წამალი. ეს გაირკვა ჩხრეკის შედეგად - მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი აიძულეს, ანკარის აეროპორტში დაშვებულიყო. ხუთშაბათს განცხადება გააკეთა რუსეთმაც. მან ახსნა-განმარტება მოსთხოვა თურქეთს ავიალაინერის დაკავების გამო. მოკლედ, საქმე ეხება სამ ქვეყანას შორის ინციდენტს.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ სირიის სამგზავრო თვითმფრინავით სირიის არმიისათვის მიჰქონდათ რუსული წარმოების ტყვია-წამალი. ერდოანმა ანკარაში უთხრა ჟურნალისტებს, რომ თურქეთი ჯერ-ჯერობით განაგრძობს სამხედრო მასალის შემოწმებას, რის საფუძველზეც აპირებს შემდეგი ნაბიჯების გადადგმას.

ერდოანის ეს განცხადება მოჰყვა რუსეთის საგარეო უწყების ბრალდებას, რომ თურქეთში საფრთხე შეუქმნეს მგზავრების სიცოცხლეს, როცა სირიის თვითმფრინავი აიძულეს, დამჯდარიყო ანკარის აეროპორტში. ამას გარდა, ავიალაინერში მყოფ 37 პირს შორის რუსეთის მოქალაქეებს - 17 ადამიანს - უარი უთხრეს რუსეთის წარმომადგენელ დიპლომატებთან შეხვედრაზე.

არადა, დიპლომატები აეროპორტში იყვნენ მისული - ამბობს თურქეთში რუსეთის საელჩოს პრესმდივანი იგორ მიტიაკოვი: „რუსეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების თანამშრომლები აეროპორტში გაემგზავრნენ, რათა ადგილზე გაერკვიათ ვითარება და, საჭიროების შემთხვევაში, დახმარება გაეწიათ რუსეთის მოქალაქეებისათვის“.

თვითმფრინავს, რომელშიც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, ოთხშაბათს ღამით რვა საათი მოუწია ანკარის აეროპორტში დარჩენა ეჭვის გამო, რომ ავიალაინერით სირიაში მიჰქონდათ სამხედრო აღჭურვილობაც. თვითმფრინავს რეისის გაგრძელების საშუალება მისცეს მისი ტვირთის ნაწილის კონფისცირების შემდეგ.

მაგრამ სირიის საგარეო უწყება „მტრულ“ ქმედებაში ადანაშაულებს ანკარას და მოითხოვს თვითმფრინავიდან კონფისცირებული ტვირთის დაბრუნებას. სირიის ავიაკომპანია „Arab Airlines”-ის დირექტორი, ღაიდა აბდულატიფი აცხადებს, რომ, საერთაშორისო შეთანხმებით, სამოქალაქო თვითმფრინავის გაჩხრეკა ზოგადად დაშვებულია, მაგრამ რეგულაციები დაირღვა იმით, თუ როგორ მოხდა ეს ანკარის აეროპორტში.

ამას გარდა, თვითმფრინავში არ ყოფილა რაიმე სახის აკრძალული მასალაო, დასძენს აბდულატიფი: „როცა თვითმფრინავი შეამოწმეს, იპოვეს სამოქალაქო გზავნილები, ელექტრონული აღჭურვილობა, რომლის გადატანაც დაშვებულია და რომელიც ოფიციალურად იყო რეგისტრირებული. რამდენიმე ადამიანს უხეშად მოეპყრნენ - ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად“.

თურქეთსა და სირიას შორის დაძაბულობა გამწვავებულია მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში ხუთი თურქი სამოქალაქო პირი შეეწირა სირიის ტერიტორიიდან გასროლილ ჭურვებს. ინციდენტი, როგორც ცნობილია, უკავშირდება სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარებსა და მეამბოხეებს შორის დაპირისპირებას, რომელიც წელიწადნახევარზე მეტია, გრძელდება. თურქეთმა დაბომბვის საპასუხოდ ცეცხლი გახსნა.

როგორც ოთხშაბათს განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ნეჩდეტ ოზელმა, თურქეთის ჯარები „მეტ ძალას“ გამოიყენებენ სირიიდან თურქეთის ტერიტორიის დაბომბვის გაგრძელების შემთხვევაში. გენერალმა ეს სიტყვები წარმოთქვა სასაზღვრო ქალაქ აქჩაკალეში ვიზიტისას. სწორედ აქჩაკალეში მოჰყვა სამოქალაქო მსხვერპლი სირიიდან გასროლილ ჭურვებს.

თურქეთისაგან განსხვავებით, რუსეთი ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობას დამასკთან. ის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მოკავშირე რჩება კონფლიქტში, რომელმაც, გაეროს მონაცემებით, უკვე 30 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG