Accessibility links

როცა უკრაინაში პრორუსული პოლიტიკოსის სახელის მქონე ვიქტორ იანუკოვიჩმა შეცვალა პროდასავლურად მოაზროვნე ვიქტორ იუშჩენკო, ბევრი მოელოდა, რომ კიევი და მოსკოვი ჰარმონიას მიაღწევდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. უკრაინის პრეზიდენტი ახლა მოსკოვშია, თავის კოლეგა ვლადიმირ პუტინს ხვდება. დღემდე მიმომხილველებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ უკრაინა მთლიანად რუსეთის ორბიტაზე გადაინაცვლებდა. ორიენტაცია კიევმა შეიცვალა, მაგრამ არა იმ ზომით, როგორც მოელოდნენ.

სამი თვის არჩეული იყო იანუკოვიჩი, როცა კრემლთან ყირიმში რუსეთის სამხედრო ბაზის 2042 წლამდე შენარჩუნების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამას მოჰყვა უკრაინის უარი ნატოში გაწევრიანების სურვილზე, რაც ადრე ამ ქვეყანას ჰქონდა, და რუსული ენის თაობაზეც უკრაინაში მიღებული კანონი ასევე მოსკოვისთვის მაამებლობას ისახავდა მიზნად. მაგრამ იანუკოვიჩი მოსკოვისთვის მნიშვნელოვან რამეზე ამბობს უარს: არ შედის საბაჟო კავშირში, რომელიც რუსეთის მეთაურობითაა შექმნილი და ბელორუსიას და ყაზახეთსაც აერთიანებს. ამით მოსკოვს თითქოს ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისგან ევროკავშირის რაღაც ალტერნატივის შექმნა სურს. როცა ეს შეთავაზება მიიღო, იანუკოვიჩი თავაზიანი, მაგრამ მტკიცე იყო და განაცხადა, „ყოველგვარი ინტეგრაცია დადებითი შედეგის მომტანია. პირველ რიგში, ჩვენ მადლიერი ვართ იმისთვის, რომ საბაზო კავშირში გვიწვევენ, მაგრამ როგორი იქნება მომავალი, ვნახავთო“.
რუსეთმა მართლა შეიცვალა პოზიცია, როცა აღმოსავლეთთან პარტნიორობის პროგრამა ამოქმედდა. ეს პროგრამა ვერ იქცა იმად, რისიც რუსეთს ეშინოდა ...

საქმე ისაა, რომ თვით უკრაინელ ოლიგარქებს შორის არის ბევრი ისეთი, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთთან ინტეგრაცია უკრაინას მოსკოვის პოლიტიკურ და კომერციულ ინტერესებს დაუქვემდებარებს. იანუკოვიჩმა მოგვიანებით ისიც თქვა, რომ შეიძლება ამ კავშირში შეიყვანოს ქვეყანა, მაგრამ საჭიროა კონსტიტუციის შეცვლაო. მთავარი უთანხმოება ორ ქვეყანას რუსეთის გაზის ფასების თაობაზე აქვს. დღეს უკრაინა ათას კუბურ მეტრ გაზში 420 დოლარს იხდის. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა მიკოლა აზაროვმა ამ თვის დასაწყისში განაცხადა, საბაჟო კავშირში შესვლის სანაცვლოდ გაზი 160 დოლარად, ანუ მესამედ ფასში, შეიძლება მივიღოთო. საგარეო ურთიერთობათა ევროპის საბჭოს წარმომადგენელი ენდრიუ უილსონი ამბობს, ის უკრაინელი ოლიგარქები, რომლებიც ენერგოსფეროში მუშაობენ, უფრო პრომოსკოვურები არიან, სხვები კი დასავლეთისკენ იხრებიანო. უილსონის ანალიზით, ადრე რუსეთი თითქოს თავის ყოფილ სატელიტებს ევროკავშირისკენ გზას არ უღობავდა, ნატოსგან განსხვავებით. ახლა, როცა აღმოსავლეთთან პარტნიორობის პროგრამა გამოჩნდა, მოსკოვი ამას აფასებს დასავლეთის მცდელობად, მისი გავლენის სფეროში შეიჭრას.

„რუსეთმა მართლა შეიცვალა პოზიცია, როცა აღმოსავლეთთან პარტნიორობის პროგრამა ამოქმედდა. ეს პროგრამა ვერ იქცა იმად, რისიც რუსეთს ეშინოდა. მოსკოვი ამგვარ სვლებს საკუთარი მოქმედების ვარიანტად მიიჩნევს ხოლმე. მაგრამ აღმოსავლეთთან პარტნიორობა არ ყოფილა გეოპოლიტიკური სვლა მონაწილე ქვეყნების დასაკავებლად“, ფიქრობს უილსონი.
დღეს უკრაინის საგარეო პოლიტიკას დამოუკიდებლად ვერ მივიჩნევთ. ის ძალიანაა დამოკიდებული აშშ-ზე ...

რუსი პოლიტიკური ანალიტიკოსი სერგეი მარკოვი, სათათბიროს ყოფილი დეპუტატი მმართველი პარტიიდან, აცხადებს, რომ მოსკოვისთვის უკრაინელი ოლიგარქების და დასავლეთის კავშირები მთავარი ხელის შემშლელია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა განვითარებისთვის. მეტიც, მარკოვის აზრით, უკრაინელ ოლიგარქებს ეშინიათ რუს პარტნიორებთან კონკურენციისა, თუმცა ის ფიქრობს, რომ ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა ტრადიციულია:

„დღეს უკრაინის საგარეო პოლიტიკას დამოუკიდებლად ვერ მივიჩნევთ. ის ძალიანაა დამოკიდებული აშშ-ზე, ევროკავშირის ქვეყნებზე, ანუ ნატოს წევრებზე. ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა არ განვითარდეს.“

კიეველ პოლიტოლოგ იური რუბანს კი მიაჩნია, რომ მოსკოვისა და კიევის ურთიერობა დაყვანილია ერთ ულტიმატუმამდე: მოსკოვს არაფერზე ლაპარაკი არ სურს, გარდა საბაჟო კავშირში უკრაინის გაერთიანებისა, ხოლო ამ მოთხოვნას, რუბანის აზრით, მოჰყვება რუსეთის დომინირება პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც.
XS
SM
MD
LG