Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გეგმები აქვს რუსეთს უკრაინის მიმართ?


უკრაინისა და რუსეთის დროშები
უკრაინისა და რუსეთის დროშები
მოსკოვსა და კიევს შორის საკუთარი პოზიციების დასაცავად დაწყებული დაპირისპირება კიდევ უფრო დაძაბა იმ დოკუმენტის პუბლიკაციამ, რომელიც მიჩნეულია კრემლის გეგმად, თავიდან აიცილოს უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაცია. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის კორესპონდენტი ევგენი სოლონინა შეეცადა გაერკვია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული დოკუმენტი. გაგაცნობთ მისი რეპორტაჟის შინაარსს.

უკრაინაში ბევრი ლაპარაკია გაზეთ „ზერკალო ნედელიში“ გამოქვეყნებულ ათგვერდიან დოკუმენტზე, რომელიც, გაზეთის მტკიცებით, წარმოაჩენს მოსკოვისა და მისი უკრაინელი მოკავშირეების მრავალმხრივ ძალისხმევას გააძლიეროს რუსეთის გავლენა უკრაინაზე. აზრთა სხვადასხვაობას იწვევს თავად დოკუმენტის აუთენტურობა, თუმცა არა უკრაინის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ ვოლოდიმერ ოჰრიზკოსათვის, რომელსაც რუსეთის ასეთ განზრახვაში ეჭვი არ ეპარება:

„თქვენ, ალბათ, გსმენიათ ისეთი ტერმინები, როგორიცაა „იძულება“, „ზეწოლა“ და სხვა მსგავსი, რაც ამ დოკუმენტში მრავლად გვხვდება. ეს დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა რუსეთის პოლიტიკის არსს უკრაინასთან მიმართებით. აქ არაფერია ახალი - საქმე გვაქვს ცნობილი იმპერიალისტური კურსის გაგრძელებასთან. იმედია, ამ დოკუმენტს უკრაინაში მყოფი რაც შეიძლება მეტი დასავლელი დიპლომატი გაეცნობა და ყველა დეტალს მიაწვდიან საკუთარ დედაქალაქებს. შესაძლოა, ეს დაეხმაროს მათ სწორი დასკვნის გამოტანაში და, ბოლოს და ბოლოს, იმის გაცნობიერებაში, რომ უკრაინის წინააღმდეგ სისტემური იდეოლოგიური, პოლიტიკური, ეკონომიკური და საინფორმაციო ომი მიმდინარეობს“.

გაზეთში გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, გეგმა სამი მიზნის მიღწევას ემსახურება: შეაჩეროს უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირებული შეთანხმების ხელმოწერა, შექმნას „პრორუსული“ ორგანიზაციების „გავლენიანი ქსელი“, რომელიც ხელს შეუშლის უკრაინის მთავრობას რუსეთისათვის არამომგებიანი გადაწყვეტილების მიღებაში, და 2015 წლისათვის უკრაინა რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი „საბაჟო კავშირისა და ერთიანი ეკონომიკური სივრცის“ ნაწილად აქციოს.

ეს პუბლიკაცია გამოჩნდა რუსულენოვან გამოცემაში მაშინ, როდესაც უკრაინასა და რუსეთს შორის უკიდურესად დაიძაბა ვითარება ყველა სახის უკრაინულ პროდუქციაზე რუსეთის საზღვარზე საბაჟო კონტროლის გაძლიერების გამო. მოსკოვის განსაკუთრებული სამიზნე აღმოჩნდა „როშენის“ შოკოლადის წარმოება, რომელიც პროდასავლელი უკრაინელი პოლიტიკოსის, ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის პეტრო პოროშენკოს საკუთრებაა.

მოსკოვის სავარაუდო საიდუმლო გეგმაში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ ამ ჩანაფიქრის განხორციელებაში გადამწყვეტი როლი უკრაინელმა პოლიტიკოსმა ვიქტორ მედვედჩუკმა და მისი ხელმძღვანელობით მოქმედმა სამოქალაქო მოძრაობა „უკრაინულმა არჩევანმა“ უნდა ითამაშონ.

რადიო თავისუფლება კომენტარისათვის თავად მედვედჩუკს დაუკავშირდა, რომელმაც ყველაფერს „ყვითელი პრესის“ ინსინუაცია უწოდა. თუმცა მედვედჩუკი არ უარყოფს, რომ იგი მხარს უჭერს უკრაინის „საბაჟო კავშირში“ გაწევრიანებას და აცხადებს, რომ მისი და „უკრაინული არჩევანის“ საქმიანობა „სრულიად გამჭვირვალეა“.

მაგრამ რამდენად შესწევს 59 წლის მედვედჩუკს ძალა მოსკოვის ასეთი გეგმის განსახორციელებლად? იგი უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას დროს საკმაოდ გავლენიანი ფიგურა იყო და პრეზიდენტის ადმინისტრაციას ედგა სათავეში.

ხვალ თავად პუტინიც რომ ჩასულიყო მედვედჩუკთან ერთად აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც პუტინის პირადი რეიტინგი დაახლოებით 25 პროცენტია, და მოეწადინა ხალხს ხმა მისთვის მიეცა, ესეც კი ვერ შეძლებდა მედვედჩუკის პოპულარობის გაზრდას...
კონსტანტინ ბონდარენკო
პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდში მედვედჩუკის როლი მთლად ცხადი არ არის, მიუხედავად ინფორმაციებისა, თითქოს იგი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების არაოფიციალური მეკავშირის ფუნქციას ასრულებდეს.

ამ ხმებს ისიც აძლიერებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და რუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი მედვედჩუკის ქალიშვილის ნათლიები არიან.

თუმცა, ასეთი გავლენიანი მეგობრებისა და მათ შორის ნათელმირონობის მიუხედავად, მედვედჩუკის რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ მომავალ არჩევნებში ის საკმაო ხმებს აღმოსავლეთ უკრაინაში, ყველაზე პრორუსულ უკრაინულ რეგიონშიც კი ვერ მოაგროვებსო, - ამბობს უკრაინელი ანალიტიკოსი კონსტანტინ ბონდარენკო:

„ხვალ თავად პუტინიც რომ ჩასულიყო მედვედჩუკთან ერთად აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც პუტინის პირადი რეიტინგი დაახლოებით 25 პროცენტია, და მოეწადინა ხალხს ხმა მისთვის მიეცა, ესეც კი ვერ შეძლებდა მედვედჩუკის პოპულარობის გაზრდას. ის 3-4 პროცენტს თუ მიიღებდა. რუსეთს შეუძლია იმდენი ითამაშოს, რამდენიც სურს, მაგრამ, როგორც წინა საარჩევნო კამპანიამ ცხადყო, მის თამაშს მცირე გავლენა აქვს უკრაინაში“.

საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 2015 წელს ტარდება. ზემოხსენებული დოკუმენტი, რომელიც მოსკოვის სავარაუდო ფარულ გეგმებს ააშკარავებს, სწორედ ამ პერიოდისათვის უნდა იყოს ჩაფიქრებული. უკრაინის დღევანდელი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი შეეცდება შეინარჩუნოს პოსტი. იანუკოვიჩს ხშირად აკრიტიკებს ბრიუსელი მისი ყოფილი მეტოქის, იულია ტიმოშენკოს დაპატიმრების გამო, თუმცა ისიც ფაქტია, რომ დროთა განმავლობაში პრომოსკოვურად განწყობილმა იანუკოვიჩმა მკაფიო ევროპული გზა აირჩია, რისი მაგალითიც უკრაინის მიერ ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამასთან მიერთება და ბრიუსელთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხების გაფორმებაა. ამიტომ
მოსკოვს შეიძლება აღარ მოსწონდეს იანუკოვიჩი და მისი შემცვლელი პოლიტიკური ძალის გააქტიურებას ცდილობდეს. მაგრამ, ასეთ შემთხვევაშიც კი, ვიქტორ მედვდჩუკი ვერ შეძლებს წინააღმდეგობა გაუწიოს ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტს. უკრაინელი ანალიტიკოსების ვარაუდით, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მოსკოვის ფავორიტს შეუძლია მხოლოდ პრომოსკოვურად განწყობილი ამომრჩევლების ხმები წაართვას და ამით დაასუსტოს ვიქტორ იანუკოვიჩი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG