Accessibility links

logo-print

ვის და რით ეხმარება რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში?


რუსეთის ჰუმანიტარული ტვირთი

რუსეთის ჰუმანიტარული ტვირთი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინასა და „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტთან მიღწეულია შეთანხმება, რომელიც გზას უხსნის აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ჰუმანიტარული ტვირთის შესვლას. ლავროვმა ეს განცხადება გააკეთა 18 აგვისტოს ბერლინში - მას შემდეგ, რაც წინა დღეს ხუთი საათი გასტანა ბერლინშივე გამართულმა შეხვედრამ რუსეთის, უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით.

რუსეთი აცხადებს, რომ ჰუმანიტარული ავტოკოლონა, რომლის ტვირთიც ლუგანსკისა და დონეცკის მოსახლეობისათვის არის განკუთვნილი, 18 აგვისტოს დილით უკრაინის საზღვართან, რუსეთის ტერიტორიაზე გაჩერდა. რუსეთის საზღვრებს მიღმა, როგორც ცნობილია, ეჭვობენ, რომ ჰუმანიტარული დახმარება მართლაც „ჰუმანიტარულია“, და მოსკოვი, სინამდვილეში, სამხედრო ძალებსა და აღჭურვილობას არ უგზავნის უკრაინაში მებრძოლ სეპარატისტებს.

კიევში 18 აგვისტოს გაკეთდა მორიგი განცხადება, რომელშიც სეპარატისტებისათვის მოსკოვის დახმარებაზე მიუთითეს. უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს პრესმდივნის, ანდრეი ლისენკოს, განცხადებით, სეპარატისტებმა რაკეტები დაუშინეს ავტობუსების კოლონას, რომელსაც ქალაქ ლუგანსკიდან დევნილები გადაჰყავდა.

„დღეს, დილის 9:40 საათზე, ტერორისტებმა სისხლიანი დანაშაული ჩაიდინეს. ლუგანსკის მახლობლად, ხიაშჩუვატსა და ნოვოსვიტლივკას შორის, ტერორისტებმა „გრადის“ ტიპის რაკეტები და ჭურვები, რომლებიც ბანდიტებს რუსეთის ფედერაციამ გადასცა, დაუშინეს ავტოკოლონას, რომლითაც სამოქალაქო პირები ცდილობდნენ სამხედრო მოქმედებათა ზონიდან გაქცევას. დაიღუპა ბევრი ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები. მიმდინარეობს სამუშაო იმის დასაზუსტებლად, თუ რამდენია დაღუპული“, - განაცხადა ლისენკომ ლუგანსკის მახლობლად მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

თუ ისევ რუსეთის ჰუმანიტარული დახმარების საკითხს დავუბრუნდებით, „წითელი ჯვარი“ იმ პირობით დაყაბულდა უკრაინის მოსახლეობისათვის რუსეთიდან დახმარების მიწოდებას, თუ ავტოკოლონას დამცველებად სამხედრო პირები არ ეყოლება და თუ აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი რუსეთის მომხრე სეპარატისტები უსაფრთხოების გარანტიებს მისცემენ „წითელი ჯვრის“ თანამშრომლებს.

ამასობაში, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა ბერლინში რამდენიმე კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვერაფერს იტყვის საუბრის „დადებით შედეგებზე“ უკრაინის მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მომხრე სეპარატისტებს შორის ზავის მიღწევის ან, მისი სიტყვებით, „პოლიტიკური პროცესის“ დაწყების მხრივ, თუმცა მაინც არის გარკვეული პროგრესი.

„რიგი მიმართულებებით, რომლებზეც დიდი ხანია, რაც საუბარს ვაწარმოებთ, არის გარკვეული პროგრესი. პირველ რიგში, ეს ეხება ბოლოს და ბოლოს მიღწეულ კონსენსუსს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების სასარგებლოდ“, -განაცხადა ლავროვმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე. ბერლინის შეხვედრის შეფასებისას, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ დღის წესრიგში იდგა აღმოსავლეთ უკრაინაში ზავის მიღწევისა და რუსეთ-უკრაინის საზღვარზე კონტროლის გაუმჯობესების საკითხები.

„რთული საუბარი იყო, მაგრამ ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ ზოგ საკითხში წინსვლას მივაღწიეთ. შევთანხმდით, რომ ჯერ ჩვენს დედაქალაქებში, ჩვენი მთავრობებისა და სახელმწიფოების მეთაურებს მივაწვდით ინფორმაციას და შემდეგ - სავარაუდოდ, სამშაბათს - ერთმანეთს შევუთანხმებთ, რა ფორმით გავაგრძელებთ დღევანდელ საუბარს“, - განაცხადა შტაინმაიერმა ბერლინში მას შემდეგ, რაც კვირა ღამით დასრულდა მისი ხუთსაათიანი შეხვედრა უკრაინის, რუსეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

XS
SM
MD
LG