Accessibility links

logo-print

რუსეთში ლიკვიდაცია მოელის „წამების საწინააღმდეგო კომიტეტს“


რუსეთში დახურვას უპირებენ ამ ქვეყანაში მოქმედ ერთ-ერთ ცნობილ უფლებადამცველ ორგანიზაციას, „წამების საწინააღმდეგო კომიტეტს“, რომელიც იანვარში „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადდა. კრემლის ოპონენტების აზრით, 2012 წლიდან მოქმედი კანონი რუსეთის ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი უფლებადამცველების დისკრედიტაციას ემსახურება.

უფლებადამცველ ორგანიზაცია „წამების საწინააღმდეგო კომიტეტის“თავმჯდომარემ იგორ კალიაპინმა 8 ივლისს გააკეთა განცხადება მისი ორგანიზაციის მოსალოდნელ ლიკვიდაციაზე მას შემდეგ, რაც იმავე დღეს სასამართლომ უარი თქვა „უცხოეთის აგენტების“ სიიდან „წამების საწინააღმდეგო კომიტეტის“ ამოღებაზე.

კალიაპინის განმარტებით, სასამართლომ, უბრალოდ, არჩევანი არ დაუტოვა უფლებადამცველებს, რადგან მათთვის მიუღებელია „უცხოეთის აგენტის“ სტატუსი: „პრობლემას ვხედავ იმაში, რომ ეს კანონი გვავალებს თავი წარმოვადგინოთ აგენტად და თან უცხოეთისად, ანუ რომელიღაც სუბიექტად, რომელიც მოქმედებს არა დამოუკიდებლად, არამედ ვიღაცის დაკვეთით საზღვარგარეთიდან. ჩვენი ორგანიზაციის 15-წლიანი მუშაობის განმავლობაში ერთხელაც არ მიგვიღია დაკვეთა არც უცხოეთიდან და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, რომელსაც ჩვენთვის ასევე აქვს მოცემული გრანტები. მერწმუნეთ: რომ ეცადათ ასეთი დავალების მოცემა, ჩვენ ხმამაღლა გამოვხატავდით რეაქციას“, - უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს „წამების საწინააღმდეგო კომიტეტის“ თავმჯდომარემ. მისივე თქმით, ორგანიზაციის ლიკვიდაციაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ ივლისის ბოლოსთვის დანიშნულ კონფერენციაზე. ორგანიზაციის თანამშრომლები გადაწყვეტენ იმასაც, როგორ გააგრძელონ მუშაობა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2012 წელს მოაწერა ხელი კანონს, რომელიც ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციას „უცხოეთის აგენტებად“, თუ ისინი უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას და პოლიტიკასთან კავშირის მქონედ არიან მიჩნეული. „უცხოეთის აგენტს“ რუსეთში უარყოფითი კონოტაცია აქვს, ბევრში იწვევს საბჭოთა პერიოდის დასავლელ ჯაშუშებთან ასოციაციას. შესაბამისად, „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონს უფლებადამცველები მიიჩნევენ მოსკოვის ბერკეტად სამოქალაქო აქტივისტების დევნა-შევიწროებისას, რომელიც დაწყებულია 2012 წელს პრეზიდენტად პუტინის დაბრუნების შემდეგ.

ევროსაბჭოს კომისარმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ნილს მუიჟნიეკსმა ჩვენი რადიოს რუსულ სამსახურთან დღევანდელ ინტერვიუში გააკრიტიკა ზომები, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლება მიმართავს სამოქალაქო სექტორის შესაზღუდად.

„ჩვენი კვლევის თანახმად, მთელ რუსეთში 200-მდე წამყვან უფლებადამცველ ორგანიზაციას ეხება კანონი „უცხოეთის აგენტის“ შესახებ. ესენი არიან ძლიერი პოზიციების მქონე ორგანიზაციები, რომლებიც მრავალი წელია მუშაობენ ადამიანის უფლებების სფეროში. და ეს სიგნალს უგზავნის უფრო მომცრო, ახალ, სუსტ ორგანიზაციებს, იწვევს თვითცენზურას, მათი საქმიანობის შეზღუდვას“, ამბობს ევროსაბჭოს კომისარი.

„წამების საწინააღმდეგო კომიტეტი“ აქამდე მიეკუთვნებოდა მცირერიცხოვან უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რომლებიც ჩეჩნეთშიც მუშაობენ. აქტივისტების ინფორმაციით, იქ რამზან კადიროვის მმართველობის პირობებში სუფევს განუკითხაობა, ფართოდ არის გავრცელებული ძალადობა რესპუბლიკაზე კონტროლის შესანარჩუნებლად.

3 ივნისს რკინის ხელკეტებით და ჩაქუჩებით შეიარაღებული პირები შეიჭრნენ გროზნოში „წამების საწინააღმდეგო კომიტეტის“ ოფისში. ორგანიზაციის თანამშრომლებმა გაქცევით უშველეს თავს... მანამდე, დეკემბერში, ცეცხლი წაუკიდეს ამავე ოფისს. დღემდე დაუდგენელია თავდამსხმელების ვინაობა. ამ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე კი კადიროვის მხარდამჭერებმა კვერცხები დაუშინეს კალიაპინს და მის კოლეგებს, როცა ისინი მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე აკრიტიკებდნენ ჩეჩნეთის ლიდერის მოწოდებას, კოლექტიურად დასაჯონ ექსტრემიზმში ბრალდებული პირების ნათესავები...

ამ თავდასხმების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირმა, უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა „ამნესტი ინტერნეიშნლმა“ და „ჰიუმან რაითს უოჩმა“ მოუწოდეს რუსეთის მთავრობას, უზრუნველყოს ყველა უფლებადამცველის უსაფრთხოება მთელ რუსეთში, ჩეჩნეთის ჩათვლით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG