Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში გრძელდება აკრძალული დასავლური საკვები პროდუქციის განადგურება


რუსეთში გრძელდება აკრძალული დასავლური საკვები პროდუქციის განადგურება. პარალელურად კი, უფრო და უფრო ხმამაღლა ისმის რუსეთის ასობით ათასი მოქალაქის უკმაყოფილება და თხოვნა - საკვები, განადგურების ნაცვლად, ღარიბებს დაურიგდეთ.

„პარმეზანის სიკვდილი“ რუსი პოეტის, ორლუშას, იმავე ანდრეი ორლოვის, სატირული ლექსია, რომლის სათაურიც სიტყვების თამაშია „პარტიზანის სიკვდილზე“. 9 აგვისტოს ამ ლექსზე სიმღერა ჩაწერა ოპერის მომღერალმა ზაზა ზაალიშვილმა და იუტუბზე განათავსა.

ერთ დღეში ეს ვიდეო სხვადასხვა საიტზე უკვე 120 ათასზე მეტმა ნახა. კომენტატორები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ რუსეთის მოქალაქეები იყვნენ,ღიად გამოხატავდნენ უკმაყოფილებას რუსეთის მთავრობის პოლიტიკით, იმით, რომაკრძალულ დასავლურ საკვებ პროდუქციას წვავენ, ტრაქტორებით ჭყლეტენ ან მარხავენ. უკრაინის საზღვართან მდებარე ქალაქ ბელგოროდში, მაგალითად, ტრაქტორებით გასრისეს 10 ტონა კონტრაბანდული ყველი. ყაზახეთის საზღვართან მდებარე ალთაის მხარეში გაანადგურეს ტონობით ჰოლანდიური ვაშლი, პოლონური სოკო და იტალიური კივი.

და ეს ხდება ქვეყანაში, სადაც, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მოსახლეობის 15 პროცენტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. აი, როგორ გამოხატავდნენ უკმაყოფილებას „პარმეზანის სიკვდილის“ ვიდეოს კომენტატორები იუტუბზე:

„პუტინმა რუსები მუხლებზე დააყენა და უფრო დაბლა დასცა, ვიდრე ოდესმე... პუტინის ტროლების გამოისობით ახლა მთელ ცივილიზებულ სამყაროს ჰგონია, რომ რუსები ყველაზე ჩლუნგი ადამიანები არიან - უფრო სწორად, არაადამიანები, რომლებიც შეჰხარიან პროდუქტების განადგურებას, მონები, რომლებიც აქებენ თავიანთ ტირანსა და მკვლელს და მას მხარდაჭერას უცხადებენ."

საკვები პროდუქტების განადგურება იმ ხალხის დაცინვაა, ვისაც ის უნდა შეეჭამა. არა აქვს მნიშვნელობა, პარმეზანია ეს, ქაშაყი თუ ჩინური ატრია. ქვეყანაში, სადაც ხალხი არასოდეს ყოფილა მაძღარი, საკვების განადგურება ხალხის წამებას უდრის. ჩვენს სულელ ხელისუფლებას კი არ ესმის, რომ მათ ამით უცხოელებს კი არ დააკლეს რამე, რუსებს აუფეთქეს ტვინები.

არც ჩეჩნების, არც ქართველების და არც უკრაინელების ამოწყვეტა რუს ხალხს არ შეხებია. „რა ქართველები? დაე დაიხოცონ, რა ჩემი საქმეა“, - ასე ფიქრობენ. მხოლოდ იმპორტული პროდუქტების განადგურებამ ოდნავ შეარყია ნდობა მთავარი ვირთხის მიმართ. და ეგეც მხოლოდ ოდნავ...“

რუსეთის უკმაყოფილო მოქალაქეები აზრს, ცხადია, მხოლოდ იუტუბზე არ გამოხატავენ. ტვიტერზე, მაგალითად, ბოლო დღეებში პოპულარული გახდა ჰეშტეგი #nedaviedu, ანუ არ გაჭყლიტო საჭმელი. ამ ჰეშტეგის პოპულარიზებას ეწევა აქტივისტი ოლგა საველიევაც.მან საიტ change.org-ზე პეტიცია შექმნა, რომელიც მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს საკვები, განადგურების ნაცვლად, გაჭირვებულებს დაურიგდეთ. მან ჩვენს რადიოსთან დასვა კითხვა, რატომ ვყრით საჭმელს, რომელიც ომის ვეტერანებს, პენსიონერებს, მრავალშვილიან ოჯახებს ან კიდევ ვინმე სხვას გამოადგებოდაო?

საქმე მხოლოდ საკვებად ვარგისი პროდუქციის განადგურებაშიც არ არის. დასავლეთის მიერ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს და ნავთობის შემცირებულ ფასს ქვეყანაში ეკონომიკური რეცესია მოჰყვა. 2015 წლის პირველ მეოთხედში რუსეთის ეკონომიკა 2 პროცენტზე მეტით შემცირდა. რუბლის ვარდნამ ქვეყანაში წლიური 16-პროცენტიანი ინფლაცია გამოიწვია. რუსეთის მიერ დასავლეთისთვის დაწესებულმა საკვები პროდუქციის ემბარგომ კი მხოლოდ ივლისში საკვებზე ფასები 20 პროცენტით გაზარდა.

სწორედ ამიტომ, ამბობს ოლგა საველიევა, მის პეტიციას 10 აგვისტოსთვის თითქმის 250 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი. ოფიციალური კრემლი აცხადებს, რომ ეჭვი შეაქვს ხელმოწერების ავთენტურობაში, თუმცა ოლგა საველიევა ამ ეჭვს არ იზიარებს. ის ამბობს, რა გასაკვირია, რომ გაჭირვებული მოსახლეობისთვის საჭმლის განადგურება მიუღებელი იყოსო.

პეტიციას ხელს მოაწერდა, ალბათ, სიუჟეტის დასაწყისში ნახსენები პარმეზანიც, რომლის სიკვდილსაც უმღერა ზაზა ზაალიშვილმა. ტექსტში საზღვარზე გადმოპარულ ყველს დაიჭერენ და აწამებენ. სიკვდილის წინ კი პარმეზანი სინანულით ამბობს, თქვენი ხელით სიკვდილს, ნეტავ ვინმე მოხუც ბებოს შევეჭამეო. ჩემი მეგობარი ხამონიც იმას ნატრობს, ნეტავ ასე სიკვდილს, სადგურის ბომჟებისთვის დაერიგებინათ ჩემი თავიო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG