Accessibility links

მოსკოვში თავს დაესხნენ ოპოზიციონერ მიხაილ კასიანოვს


მიხაილ კასიანოვი

მიხაილ კასიანოვი

კრემლი გმობს თავდასხმას რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე, მიხაილ კასიანოვზე, და, ამასთან, აცხადებს, რომ არ არსებობს საფუძველი ჩეჩნეთის ლიდერის გამონათქვამებთან ინციდენტის დასაკავშირებლად. ამ საკითხს 10 თებერვალს შეეხო კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი მას შემდეგ, რაც კასიანოვმა გამოაცხადა, რომ სამშაბათ საღამოს მოსკოვში თავს დაესხა მისთვის უცნობი ორი მამაკაცი.

რუსეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ამჟამად ოპოზიციონერმა მიხაილ კასიანოვმა, რადიო „ეხო მოსკვისთან“ ინტერვიუში ისაუბრა ინციდენტზე, რომელიც სამშაბათს, 9 თებერვალს, საღამო ხანს მოხდა.

„გუშინ საღამოს მოსკოვის ცენტრში, ერთ-ერთ რესტორანში, თავს დამესხა ორი პირი - რომ იტყვიან, არასლავური გარეგნობა ჰქონდათ და მკაფიო კავკასიური აქცენტი. მომიახლოვდნენ, ერთმა ტორტი მესროლა და თან შეურაცხმყოფელ სიტყვებს მეძახდა და მემუქრებოდა“, - ამბობს მიხაილ კასიანოვი, ოპოზიციურ პარტია „პარნასის“ (სახალხო თავისუფლების პარტიის) თავმჯდომარე.

როგორც იუწყებიან, ინციდენტთან დაკავშირებით მოსკოვში დააკავეს სამი ჩეჩენი პოლიციელი. ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გასულ კვირაში სოციალური ქსელით გაავრცელა კასიანოვისა და კიდევ ერთი ოპოზიციონერის, ვლადიმირ კარა-მურზას მიმართ მუქარის შემცველი ვიდეო. თუმცა კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი, მისივე განცხადებით, ვერ ხედავს საფუძველს ჩეჩნეთის ხელმძღვანელობასთან 9 თებერვლის ინციდენტის დასაკავშირებლად.

„ეხო მოსკვისთან“ ინტერვიუს დროს კასიანოვს ჰკითხეს, ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომ თავდასხმა იყო მცდელობა, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ხელი ააღებინონ წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გეგმაზე და, საერთოდ, აიძულონ ის რუსეთიდან წავიდეს.

„კი, გუშინ თავდასხმის მონაწილე იმასაც იძახდა, ყვიროდა, რომ მე მტერი ვარ, შენი ადგილი რუსეთში არ არისო და ა.შ. შეიძლება, მართლაც, ასე მივიჩნიოთ, რომ ეს იყო მცდელობა, შემაწყვეტინონ პოლიტიკური საქმიანობა. კი, ეს არის პოლიტიკური საქმიანობისათვის ხელის შეშლა. ეს არის ფაქტობრივად, ანგარიშსწორებით მუქარა. ამიტომ ეს დანაშაულად მიმაჩნია“, - ასე უპასუხა კასიანოვმა რადიო „ეხო მოსკვის“.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აზრით, მასზე სამშაბათ საღამოს მოწყობილი თავდასხმა უკავშირდება მის მოთხოვნას, პროკურატურამ გამოიძიოს მის და ვლადიმირ კარა-მურზას მისამართით ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის, მუქარის საკითხი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG