Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართლმსაჯულება რუსულად


სასამართლოებს რუსეთში, არც თუ იშვიათად, რბილი განაჩენი გამოაქვს ხოლმე, როცა საქმე ბობოლა პირების შვილების, თუნდაც, ბოროტ ავტოხულიგნობას ეხებოდეს. „რადიო თავისუფლებამ“ რუსეთის მოქალაქეებს ჰკითხა, ფიქრობთ, რომ რუსეთის სასამარლოს სისტემა მდიდარი მშობლების შვილების მიმართ უფრო ლოიალურია? გამოკითხულთა უმეტესობა ამბობს, რომ ეს ასეა. გიამბობთ რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელთა მონაწილეები გავლენიანი პირების, მოხელეების ან ბიზნესმენთა შვილები იყვნენ.

უზარმაზარ „მერსედესში“ მსხდომნი დემონსტრაციულად არღვევდნენ მოძრაობის წესებს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მოთხოვნას, გაეჩერებინათ მანაქანა და ქმნიდნენ სახიფათო ავარიულ სიტუაციას გზაზე. ჩანაწერიდან, რომელიც მათვე ეკუთვნით, რადგან ამ ყველაფერს იღებდნენ და „პერისკოპის“ საშუალებით გადასცემდნენ, ჩანს, რომ ისინი უცენზუროდ მოიხსენიებდნენ პოლიციის თანამშრომლებს. ჩადენილისთვის მათ ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრებოდათ, მაგრამ სასამართლომ შეცდომად მიიჩნია მუხლი „ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ძალადობის მუქარა“ და მათ ძალიან რბილი სასჯელი აკმარა: პოლიციელების შეურაცხყოფისთვის იძულებითი შრომა 300 საათის განმავლობაში. მანქანაში იყვნენ კომპანია „ლუკოილის“ ვიცე-პრეზიდენტის შვილი, რუსლან შამსუროვი და მისი ორი მეგობარი, აბდუვახობ მაჯიდოვი და ვიქტორ უსკოვი. მანქანა კონფისცირებულ იქნა სახელმწიფოს სასარგებლოდ. ამ შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა, მაგრამ განაჩენი ბევრს მაინც ძალიან რბილად მიაჩნია.

მართლმსაჯულება რუსულად
please wait

No media source currently available

0:00 0:11:27 0:00
გადმოწერა

მსგავსი დასკვნები ხშირად გამოაქვთ მოსკოვისა და რუსეთის სხვა ქალაქების სასამართლოებს, სადაც განიხილავენ ხოლმე რუსეთის ბობოლა პირების შვილების, არც თუ იშვიათად, ბოროტი, სასიკვდილო შედეგის მქონე „ავტოხულიგნობის“ საქმეებს. „რადიო თავისუფლება“ გიამბობთ რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელთა მონაწილეები გავლენიანი პირების, მოხელეების ან ბიზნესმენების შვილები იყვნენ. ალექსანდრ ივანოვის მონაწილეობით ავარია მოსკოვში მოხდა, ლობაჩევსკის ქუჩაზე. მოსკოვის პოლიციის ცნობით, 28 წლის ივანოვი „ფოლქსვაგენ ბორას“ მართავდა. მოწესრიგებულ გადასასვლელზე ავტომანქანა დაატაკა 68 წლის პენსიონერს, სვეტლანა ბერიძეს და მოკლა. ივანოვს ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. მაგრამ იმავე 2005 წელს სასამართლომ საქმე დახურა. ექსპერტებმა დადგინეს, რომ ბრალდებულს არ ჰქონდა ტექნიკური შესაძლებლობა, თავიდან აერიდებინა ფეხით მოსიარულის სიკვდილი, იყო ფხიზელი და არ გადაუჭარბებია სიჩქარისთვის. არა და მოწმეების თქმით, მანქანა მოძრაობდა საათში ასი კილომეტრის სიჩქარით. სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ შვილს არ დახმარებია და გამოძიებაზე გავლენა არ მოუხდენია. ერთი საგულისხმო ფაქტი: იმავე წელს დაღუპული სვეტლანა ბერიძის ნათესავების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ალექსანდრ ივანოვი „ვნეშეკონომბანკის“ დირექტორის მოადგილე იყო, ის 2014 წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიღუპა. მამამისი, სერგეი ივანოვი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თამჯდომარეობიდან გადააყენეს და ეკოლოგიის და ტრანსპორტის საკითხებში პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი გახდა.

2009 წლის ორ დეკემბერს ირკუტსკში, ლენინის ქუჩაზე, „ტოიოტა კოროლა“, რომელიც 60 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობდა, დაეტაკა ორ ქალს, ელენა და იულია პიატკოვებს, რომლებიც ტროტუარზე მიდიოდნენ. ელენა ტრავმებმა იმსხვერპლა, იულია სერიოზული დაზიანებებით ინვალიდად დარჩა. მანქანას მართავდა 28 წლის ანა შავენკოვა, ირკუტსკის ოლქის საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ქალიშვილი. საქმეს საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა მას შემდეგ, რაც ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს შავენკოვა, რომელიც ავარიის შემდეგ გადმოდის მანქანიდან და ათვალიერებს თავის ავტომანქანას და ზედ არ უყურებს დაშავებულებს, არ ეხმარება მათ. მას ორნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს და ხუთი წლით მანქანის მართვა აუკრძალეს. მაგრამ სასჯელის აღსრულება დადაიდო 14 წლით, სანამ მისი ვაჟი, რომელიც ავარიამდე გაუჩნდა შავენკოვას, 14 წლისა შესრულდებოდა. სამამულო ომში რუსეთის გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით, 2015 წელს შავენკოვას ბრალდება მოუხსნეს. მან ერთ-ერთ ტელეინტერვიუში აღიარა, სამსახურს ვერ ვშოულობ, ჩემთან საქმის დაჭერა არავის სურსო. დედამისი, ლარისა შავენკოვა საარჩევნო კომისიაშია დღემდე, ამ ეტაპზე – მდივნად.

შვილი მესამე: რამილ მინინხანოვი. თათრეთის საგზაო პოლიციის ყოფილი უფროსის, რიფტაკ მინინხანოვის ვაჟი, თათრეთის პრეზიდენტის, რუსტამ მინინხანოვის ძმის შვილი.

34 წლის რამილ მინინხანოვის მონაწილეობით ავარია თათრეთში, ალმეტიევსკაში მოხდა. პოლიციის ინფორმაციის თანახმად, მინინხანოვი „რეინჯ როვერით“ მოძრაობდა, როცა შეეცადა გვერდი აექცია გზაზე „მოულოდნელად გამოჩენილი“ ფეხით მოსიარულისთვის, შევარდა ავტობუსის გაჩერებაზე და მოკლა იქ მდგომი 16 წლის ალექსანდრ ტროფიმოვი. საგზაო პოლიციის უფროსი, როცა საკუთარი ვაჟის ამბავზე ლაპარაკობდა, პირობას დებდა, ყველაფერი კანონის ფარგლებში გაირკვევაო. მან ბოდიში მოუხადა ტროფიმოვის ოჯახს, სამძიმარი გამოუცხადა მოკლული ყმაწვილის ახლობლებს, მაგრამ საქმე ამ ავარიის გამო არ აღძრულა. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მძღოლს დატაკების თავიდან აცილების ტექნიკური შესაძლებლობა არ ჰქონია. მოწმეები აცხადებდნენ, რომ მინინხანოვმა, როცა ავარია მოახდინა, გზაზე ხელის შემშლელი პირის გამოჩენა მათ არ დაუფიქსირებიათ.

2015 წლის 27 ივლისის ღამით, ირკუტსკის ერთ-ერთ გზაჯვარედინზე მერსედესის მარკის ავტომანქანა შეეჯახა „ტოიოტა ჰაილენდერს“, რომელიც შუქნიშანზე იდგა. იმდენად ძლიერი იყო შეტაკება ,რომ „ტოიოტა“ გზის შემხვედრ ნაწილზე გადავარდა და ორ სხვა ავტომობილს შეეჯახა. „ტოიოტაში მსხდომები ადგილზე დაიხოცნენ. ისინი აღმოჩნდნენ სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი, მილიციის პოლკოვნიკი, ალბერტ სოკოლოვი და ბიზნესმენი, დენის მატვეევი. ირინა კისელიოვა საავადმყოფოში მოათავსეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ავარიისას ის ნასვამი იყო. ირინას ცხრაწლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. თავიდან, 2016 წლის იანვარში, მას სამნახევარი წლით შედარებით რბილი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯეს. შემდეგ, მარტში, სასჯელის ვადა ოთხ წლამდე გაუზარდა სააპელაციო სასამრთლომ. სექტემბერში გახდა ცნობილი, რომ სასჯელის მოხდის დრო გადაუვადეს, სანამ მის ქალიშვილს 14 წელი შეუსრულდებოდეს. განთავისუფლების შემდეგ ის სხვა რეგიონში გადასახლდა. მასმედიისთვის ცნობილი გახდა, რომ სასჯელის ვადის ნაწილი მან კოლონიის ნაცვლად, საავადმყოფოში გაატარა, თუმცა რა მიზეზით, არაა გარკვეული. ირინა კისელიოვას დედამ, ირკუტსკის ოლქის საქალაქო სათათბიროს დეპუტატმა, ამავე დროს ირკუტსკის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, ავარიის შემდეგ განცხადება დაწერა და დეპუტატის უფლებამოსილებაზე უარი თქვა: დედა ვარ, შვილს მინდა დავეხმარო და არ მსურს ჩემმა სტატუსმა გამოძიებას ხელი შეუშალოსო. ორ თვეში მან კიდევ ერთი განცხადება დაწერა და, ამჯერად, უკვე მოითხოვა დეპუტატის მანდატის დაბრუნება. ახლა ირკუტსკის საქალაქო სათათბიროს საიტზე წაიკითხავთ, რომ ის პარტია „ედინაია როსიას“ დეპუტატია.

ისრაელის 18 წლის მოქალაქის, ტომას ლევიევის მონაწილეობით ავარია მოხდა მოსკოვში, ყირიმის ხიდზე, 2015 წლის 16 ოქტომბერს. ლევიევმა ვერ დაიმორჩილა „ფერარის“ საჭე, როცა მანქანა საათში 200 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობდა და შეეჯახა უცხოური მარკის ორ ავტომანქანას. ავარიის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. „ფერარი“, რომლის ღირებულება 200 ათასი იყო, ადგილზე დაიწვა. მანქანას ლევიევი, როგორც გაირკვა, უფლების გარეშე მართავდა. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ლევიევის „ფერარს“ უკან მიჰყვებოდა სხვა მანქანა, რომელშიც ისხდნენ მისი მცველი და მამა, ავტოსალონის მფლობელი. ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვინ არიან ლევიევის მშობლები, არ გავრცელდა. თვითონ მას პრესა „ბრილიანტის ბიჭს“ უწოდებს. ჟურნალისტები და ბლოგერები ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა კაცი შეიძლება დაკავშირებული იყოს ისრაელელ მილიარდერ ლევ ლევიევთან, რომელიც ალმასის ბიზნესშია ჩართული. არის ვერსია, რომ ტომას ლევიევი კავშირშია რუსეთის სოციალური ქსელის, „ვკონტაკტეს“ დამაარსებლებთან, ლევ ლევიევსა და მიხალ მირილაშვილთან. ავარიის შემდეგ ტომას ლევიევის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომლის ბედი გაურკვეველია. 2016 წლის მაისში გავრცელდა ცნობა, რომ გამოძიება მალე დასრულდებოდა. ლევიევმა კომპენსაცია გადაუხადა დაზარალებულებს და ის დაკითხეს, რის შემდეგაც მოიხსნა მასზე გამოცხადებული საერთაშორისო ძებნა. საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევის გამო, რომელსაც ორი ადამიანის დაშავება მოჰყვა, ტომას ლევიევს შეიძლება ორ წლამდე პატიმრობა დაემუქროს.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG