Accessibility links

საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს რუსეთის წინადადებაზე ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესახებ. განცხადება, რომ რუსეთის მხარე ასეთი ინიციატივით გამოდის და მზადაა, საქართველოს ცალმხრივი გადაწყვეტილების საპასუხოდ, თვითონაც შემოიღოს უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისათვის, დღეს გამოქვეყნდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე. მაგრამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მხარე არ განიხილავს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხს, სანამ ამ ქვეყანას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია: „ჩვენ ვიყავით და ვრჩებით დაინტერესებული რუსეთისა და საქართველოს ხალხებს შორის კავშირების განმტკიცებით. მზად ვართ, საპასუხოდ შემოვიღოთ უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისათვის. საამისოდ აუცილებელია, რომ ქართულმა მხარემ უზრუნველყოს საიმედო სამართლებრივი პირობები, რომლებითაც გარანტირებული იქნებოდა საქართველოში ჩასული რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება. გამოვდივართ აგრვეთვე ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის წინადადებით“, - ნათქვამია ლუკაშევიჩის განცხადებაში. რუსეთის მხარე ამ განცხადებით გამოეხმაურება საქართველოს გადაწყვეტილებას რუსეთთან უვიზო მიმოსვლის ცალმხრივად დაწესების შესახებ. უვიზო რეჟიმი ძალაში შევიდა თებერვლის მიწურულს.
XS
SM
MD
LG