Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პასუხის პასუხი


რუსეთი საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას სთავაზობს - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის წერილობით განცხადებაში, რომელიც 2 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნდა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი მზად არის, თბილისის ცალმხრივი გადაწყვეტილების საპასუხოდ, თვითონაც შემოიღოს უვიზო რეჟიმი საქართველოსთან.

ამას წინ უსწრებდა 28 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება პარლამენტში. დეპუტატების წინაშე გამოსვლისას მან თქვა: „მზად ვართ უფრო დიდი შანსი მივცეთ მშვიდობას და გამოვდივართ ინიციატივით, ცალმხრივად გავაუქმოთ სავიზო რეჟიმი რუსეთთან.“

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, ექსპერტების ნაწილი თვლიდა, რომ ეს კარგად გათვლილი სვლა იყო. „ამ სვლით საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს გაუგზავნა გამოწვევა და აცნობა, თუკი თქვენ ამბობთ, რომ ქართველი ხალხი თქვენი მტერი არ არის, მაშინ თქვენ გააკეთეთ რამე ისევე, როგორც ჩვენ ვაკეთებთ რუსი ხალხისათვის” - უთხრა რადიო თავისუფლებას საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა ბაკურ კვაშილავამ.

ამ გამოწვევას რუსეთმა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შემოთავაზებით უპასუხა. როგორი შეიძლება იყოს საქართველოს ხელისუფლების პასუხი - რუსეთის პასუხზე?

ამის გასარკვევად რადიო თავისუფლება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ნინო კალანდაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, ”დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას ქართული მხრიდან არაფერი უდგას წინ და ეს საქართველოს ბევრჯერ აქვს გაცხადებული, ოღონდ ბუნებრივია, რომ ამას წინმსწრებად უნდა მოსდევდეს პროცესი, რომელიც გულისხმობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარებას. როგორც კი მოხდება საქართველოს ტერიტორიების - უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიების - დეოკუპაცია, როგორც კი დატოვებენ რუსეთის ჯარები საქართველოს ტერიტორიას, დაუყოვნებლივ შეიძლება ამ საკითხზე საუბარი. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ითქვას, ერთი და იგივე სახელმწიფოს სამი საელჩო არსებობდეს საქართველოს ტერიტორიაზე ეს არის დაუშვებელი და, შესაბამისად, სრულიად წარმოუდგენელია, თუ რა ფორმატში შეიძლება მიმდინარეობდეს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის დიალოგი.”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი მზად არის, თბილისის ცალმხრივი გადაწყვეტილების საპასუხოდ, თვითონაც შემოიღოს უვიზო რეჟიმი საქართველოსთან. „ჩვენ ვიყავით და ვრჩებით დაინტერესებული რუსეთისა და საქართველოს ხალხებს შორის კავშირების განმტკიცებით. მზად ვართ, საპასუხოდ შემოვიღოთ უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისათვის“ - ნათქვამია ლუკაშევიჩის განცხადებაში.

პოსტსაბჭოთა სივრცის შესწავლის ცენტრის ხელმძღვანელის, ალექსეი ვლასოვის აზრით, ეს განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვი მზად არის, ზოგი საკითხი - ყოველ შემთხვევაში, მოქალაქეთა გადაადგილებასთან დაკავშირებით - განიხილოს უფრო რბილ, უფრო თავშეკავებულ რეჟიმში, ვიდრე ნახევარი წლის ან ერთი წლის წინ:

”კი, გასაგებია: რუსეთი ახლა ნამდვილად არ წავა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხების განხილვაზე, მაგრამ რუსეთსა და საქართველოს შორის მოქალაქეთა გადაადგილების თემა - ეს არის საკითხი, რომლის მოგვარებაც შესაძლებელია იმ ტერიტორიების კონტექსტის გარეშეც, რომლებიც რუსეთს აღიარებული აქვს, საქართველოს კი არა აქვს აღიარებული.” - უთხრა ალექსეი ვლასოვმა რადიო თავისუფლებას.

ნინო კალანდაძე ამბობს, რომ თუკი რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაუქმების მოტივაცია და სურვილი გააჩნია მას ეს შეუძლია ნებისმიერ დროს განახორციელოს საქართველოს თანხმობის გარეშე. თუმცა: ”ვიზების საკითხების გაუქმება საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში, არ განიხილება როგორც წინაპირობა იმისა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე მოლაპარაკება დაიწყოს.”

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG