Accessibility links

logo-print

რუსეთმა ნატოსთვის ფასი დაიდო


ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

შაბათს, 7 აპრილს, მსოფლიო უცნაური სანახაობის მომსწრე გახდა: ქალაქ ულიანოვსკში, აეროდრომ „ვოსტოჩნისთან“ შეკრებილმა რუსმა კომუნისტებმა მკაცრად გააკრიტიკეს კრემლი ნატოსთან ურთიერთობის გამო და დაგმეს ბრიუსელსა და მოსკოვს შორის ხელმოწერილი შეთანხმება, რომლის ძალითაც, სწორედ რუსეთის ტერიტორიის გავლით მოხდება ტრანსპორტირება ნატოს იმ ტვირთებისა, რომლებიც პირად შემადგენლობასთან ერთად 2014 წლისათვის დატოვებენ ავღანეთს. ცხადია, რუსი კომუნისტების ეს პროტესტი ვერაფერს შეცვლის. როგორც სერგეი ლავროვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, განაცხადა, რუსეთთან ხელმოწერილი შეთანხმებით, ნატოს სარდლობა არასაბრძოლო ტვირთებს ევროპაში რუსეთის გავლით გაიტანს. თანაც, გარიგება საკმაოდ სარფიანია როგორც ნატოსთვის, ისე რუსეთისთვის, რომლის ბიუჯეტიც საგრძნობ შევსებას მიიღებს. როგორც რუსი სამხედრო ექსპერტი, ონლაინ გამოცემა „ეჟედნევნი ჟურნალის“ რედაქტორის მოადგილე ალექსანდრ გოლცი ამბობს, ლაპარაკია რამდენიმე ათეულ მილიარდ დოლარზე:

„ტრანზიტი რუსეთიდან - ეს არის უსაფრთხო და შედარებით იაფი ტრანზიტი; ეს არის ის, რაც აკმაყოფილებს აშშ-სა და ნატოს. საუბარი შეეხება რამდენიმე მილიონ კონტეინერს, თითოეული კონტეინერი კი, სხვადასხვა შეფასებით, 5000-დან 19 ათას დოლარამდე ღირს. ეს საკმაოდ გვარიანი თანხაა.“

სრულიად თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ამ ოპერაციაში რუსეთი ნატოს პირდაპირი პარტნიორია ...
მაგრამ გვარიანი მოგება მაშინ ნახე შენ, თუკი ნატომ სხვა მარშრუტი ვერ მოძებნა და არასაბრძოლოსთან ერთად საბრძოლო დანიშნულების ტვირთების, შეიარაღებისა და ტექნიკის ნაწილის გადატანაც რუსეთს მიანდო. თანაც, რუსეთს თავად არაფერი ემუქრება, რუსი კომუნისტების რამდენიმე ხმაურიანი აქციის გარდა, რაც ხელახლა გაპრეზიდენტებულ ვლადიმირ პუტინს აწი ვერაფერს დააკლებს. ერთადერთი, რაც მოსკოვს მოეთხოვება, ესაა სატრანზიტო პუნქტის გახსნა ქალაქ ულიანოვსკში, სადაც თავს მოიყრის ავღანეთიდან სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით ჩატანილი ISAF-ის სამხედრო ტვირთები. ულიანოვსკის ტერმინალშივე მოხდება საბაჟო შემოწმება, რის შემდეგაც ნატოს კუთვნილ ტვირთებს რკინიგზით ბალტიისპირა ქვეყნების საზღვრებამდე მიიტანენ. ალექსანდრ გოლცის თქმით, რუსეთის გავლით ალიანსის არასაბრძოლო ტვირთების ტრანსპორტირებაზე არჩევანი პაკისტანში შექმნილმა ვითარებამ განაპირობა:

„ნატოს ძალებსა და აშშ-ს სხვა გზა, უბრალოდ, არ აქვთ. პაკისტანის გავლით ტრანზიტის განხორციელება სულ უფრო და უფრო სარისკო ხდება.“

რატომ არის რუსეთის მარშრუტი უალტერნატივო?

ნატოს სარდლობას შეეძლო გამოეყენებინა ცენტრალური აზიის ქვეყნების - თურქმენეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის - ტერიტორიები, მაგრამ, თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე ავღანური ნარკოტიკების მოხვედრის შიშით, ამ სარფიან გარიგებაზე უზბეკეთმა თავადვე თქვა უარი, ტაჯიკეთს და თურქმენეთს კი ისედაც არ ჰქონდათ დიდი მომხიბვლელობა - პირველი გრძელ გზაზე ძევს და აძვირებს ტრანსპორტირების ღირებულებას, მეორე ქვეყანაში კი, თურქმენეთში, ისეთი დიქტატორული რეჟიმი მძვინვარებს, რომ რაღა მასთან დაგიჭერია საქმე და რაღა ჩინეთსა და ირანთან, რომლებთანაც ასევე სახმელეთო საზღვარი აქვს ავღანეთს.

ასე რომ, ნატოსა და აშშ-ს პარტნიორი და უსაფრთხო სატრანზიტო ქვეყნის დიდი არჩევანი არ ჰქონდათ. თანაც, ჯერ კიდევ მძლავრი ანტირუსული პროპაგანდისა თუ საერთაშორისო კონიუნქტურის უცოდინრობის გამო, ეს საქართველოში შეიძლება ყველასთვის ცნობილი არ იყოს, თორემ რუსეთი წლებია საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს ნატოსთან ავღანეთის უსაფრთხოების საკითხში და რუსეთის გავლით არჩევანის გაკეთება, როგორც ალექსანდრ გოლცი ამბობს, სულაც არ არის შემთხვევითი ამბავი:
საჭირო იქნება მხოლოდ თვეები, შესაძლოა ცოტა მეტი, წელიწადი, რათა ის, რასაც ჩვენ რადიკალურ ისლამიზმს ვუწოდებთ, გადმოახტეს ამუდარიას და მოქმედებაში მოვიდეს ...

„სრულიად თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ამ ოპერაციაში რუსეთი ნატოს პირდაპირი პარტნიორია. მოდი გავიხსენოთ ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ოპერაციის დაწყება, როდესაც რუსეთმა იარაღით მოამარაგა „ჩრდილოეთ ალიანსი“ და ამით შესაძლებლობა მისცა ანტითალიბურ მოძრაობას ამერიკული ძალების საავიაციო დაბომბვის შემდეგ გარკვეული ტერიტორია დაეკავებინა. რუსეთი ყოველთვის პირდაპირ მონაწილეობდა ამ ოპერაციაში.“

გარდა ამისა, ნატოს ჯარების ავიაციით უზრუნველსაყოფად შარშან აშშ-მა რუსეთისაგან 30 მი-17 ტიპის სამხედრო შვეულმფრენიც შეიძინა ავღანეთის არმიისათვის. ბოლო შესყიდვა სულ მთლად ახალი წლის წინ, 29 დეკემბერს განხორციელდა. თუმცა ეკონომიკური სარგებელი არ არის განმსაზღვრელი ფაქტორი ავღანეთის საკითხში ნატოსა და რუსეთის ურთიერთობაში. როგორც ალექსანდრ გოლცი ამბობს, რუსეთს საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უფრო შორს მიმავალი მიზანი ამოძრავებს, ვიდრე საბრძოლო ვერტმფრენების გაყიდვით თუ ნატოს ტვირთების ტრანსპორტირებით მიღებული შემოსავლის სურვილია. ეს არის საფრთხე, რომელიც დაემუქრება რუსეთს, ავღანეთში ნატოს მისიის წარუმატებლობის შემთხვევაში:

„საჭირო იქნება მხოლოდ თვეები, შესაძლოა ცოტა მეტი, წელიწადი, რათა ის, რასაც ჩვენ რადიკალურ ისლამიზმს ვუწოდებთ, გადმოახტეს ამუდარიას და მოქმედებაში მოვიდეს ცენტრალური აზიის სუსტი, არასტაბილური რეჟიმების პირობებში. ეს კი ნიშნავს, რომ უახლოეს წლებში რუსეთი სერიოზულ სამხედრო საფრთხეს შეეჯახება.“

ამ საფრთხის გამო იყო, რომ სერგეი ლავროვმა ორი კვირის წინ მოუწოდა ნატოს ქვეყნებს არ გავიდნენ ავღანეთიდან მანამ, სანამ „ბოლომდე არ იქნება შესრულებული გაეროს უშიშროების საბჭოს ის მანდატი, რომლის ძალითაც ისინი ავღანეთში შევიდნენ.

როგორც სერგეი ლავროვმა დააზუსტა, „უნდა შეიქმნას უსაფრთხოების სრულიად მყარი გარანტიები, რაც ავღანეთის ხელისუფლებას შესაძლებლობას მისცემს, შეინარჩუნოს წესრიგი და კანონიერება.“

ოკუპირებული საქართველო ოკუპანტის სამსახურში?

ნატოს სამხედროები ავღანეთში

ნატოს სამხედროები ავღანეთში

ძალიან საინტერესო და, ერთი შეხედვით, პარადოქსული ვითარებაა: რუსეთი, რომელიც წლების განმავლობაში ეწინააღმდეგება ნატოს გაფართოებას, ახლა კატეგორიულად მოუწოდებს ნატოს არ იჩქაროს ავღანეთიდან გასვლა და მანდატის შეწყვეტა, რადგან, როგორც ზემოთ ითქვა, ალიანსის უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ოპერაცია კრემლს აძლევს გვარიან შემოსავალს ტვირთების ტრანზიტიდან რუსეთზე გამავალი „ჩრდილოეთის მარშრუტით“ და, რაც მთავარია, ნატოს ოპერაცია ავღანეთში რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებშიცაა. ალიანსის ჯარისკაცები - მათ შორის, ქართველი ჯარისკაცები - მსხვერპლის ფასად ინარჩუნებენ მყიფე მშვიდობას ავღანეთში, რომლის დესტაბილიზაცია ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და რუსეთს ლტოლვილთა ნაკადით, ნარკოტიკების, იარაღისა და ტერორიზმის გავრცელებით ემუქრება.
პარადოქსია, აბა, რა არის!

რუსეთი ნატოს არცთუ უანგაროდ, მაგრამ მაინც არსებითად ეხმარება წარმატებით შეასრულოს თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი - ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერი - მისია. ნატოს სჭირდება რუსეთის ტერიტორია ლისაბონის სამიტის გადაწყვეტილების შესასრულებლად და ავღანეთიდან მილიარდობით დოლარის ღირებულების ტვირთების გადასატანად. შესაბამისად, სანამ ტვირთების დაბინავება არ დასრულდება, ანუ 2014 წლამდე, ნატო თავს შეიკავებს ისეთი ნაბიჯების გადადგმისაგან, რაც მოსკოვის გაღიზიანებას გამოიწვევს. რუსი კომუნისტების 7 აპრილის აქცია ულიანოვსკში მხოლოდ სიმბოლური შეხსენებაა იმისა, თუ რა მარტივად შეიძლება მოხდეს „ჩრდილოეთ მარშრუტის“ ბლოკირება ნატოს ტვირთებისათვის, თუკი ალიანსი რუსეთისათვის მიუღებელ ნაბიჯს გადადგამს, ვთქვათ, სამხრეთ კავკასიის მიმართულებით გაფართოების მხრივ და, ბოლოს და ბოლოს, საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმაში ჩართავს.

აქედან გამომდინარე, თუ ნატოს ავღანურ სტრატეგიაში რაიმე არ შეიცვალა, მოსკოვს გარანტირებული აქვს მოკლევადიანი სამხედრო-პოლიტიკური და ფინანსური წარმატების მიღება. თანაც, მისი ხელშემწყობი, ამ ლოგიკით, გამოდის არა მხოლოდ მისი სტრატეგიული მოწინააღმდეგე სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, არამედ, რაც ყველაზე დიდი პარადოქსია, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოც. დიახ, ამ ანგარიშით, 950 - ახლო მომავალში კი 1500 - ქართველი ჯარისკაცის ხანგრძლივი დროით ყოფნა ავღანეთში, ისევე შედის კრემლის გრძელვადიან ინტერესებში, როგორც მთელი ISAF-ის ოპერაცია, რომელსაც ჰაერივით სჭირდება და მზად არის დიდი თანხები გადაიხადოს რუსეთზე გამავალი „ჩრდილოეთის მარშრუტისათვის“ საკუთარი ზურგის უზრუნველსაყოფად.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG