Accessibility links

logo-print

რუსეთში დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა რუსეთის რიგით მეოთხე საერთაშორისო აეროპორტის გახსნა, აეროპორტისა, რომელიც მგზავრების გადაყვანას თავდაპირველად ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში - ყაზახეთსა და ყირგიზეთში - მოემსახურება. თუმცა ღონისძიების ორგანიზატორებმა, როგორც ჩანს, აშკარად იჩქარეს, რადგან აეროპორტს საერთაშორისო სტანდარტებამდე ჯერ ბევრი უკლია.

ჟუკოვსკის საერთაშორისო აეროდრომის გახსნას 31 მაისს რუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი დაესწრო. მოსკოვიდან 40 კილომეტრის დაშორებით, დედაქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე აეროპორტი წელიწადში 4 მილიონი მგზავრის გადაყვანას მოემსახურება. ჟუკოვსკის ყოფილ სამხედრო-სამოქალაქო დანიშნულების აეროპორტის გადაკეთება საერთაშორისო მნიშვნელობის ობიექტად და მისი მართვა კომპანია „რამპორტ აერომ“ იკისრა. აეროპორტში მგზავრებისა და ტვირთის შემოწმების უახლესი ტექნიკა და ასობით სათვალთვალო კამერა დამონტაჟდა, რამაც, აეროპორტის ხელმძღვანელების აზრით, ფრენების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. 30 მაისს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა ჟუკოვსკის საერთაშორისო აეროპორტის გახსნას მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა:

„მსურს ყველას მივულოცო ეს მოვლენა. ის მნიშვნელოვანია მოსკოვისთვის და მთელი ჩვენი ქვეყნისათვის. საერთოდ, სხვადასხვა ტარიფის გამოყენებით, მისაღებ ფასებში, რაც უფრო მეტი ასეთი მომსახურების მიღება შეეძლებათ ჩვენი ქვეყნისა და საზღვარგარეთის ქვეყნების მოქალაქეებს, მით უფრო უკეთ იგრძნობენ თავს ადამიანები“.

თუმცა ჟუკოვსკის აეროპორტს, როგორც გაირკვა, სრული დატვირთვით მუშაობამდე ბევრი აკლია.

თავდაპირველი შეფასებით, კვირაში 20 რეისს ყირგიზეთის ავიახაზები და ყაზახური საავიაციო კომპანია „სკატ ეარლაინსი“ შეასრულებენ. პირველი რეისი 20 ივნისს სწორედ ყირგიზეთის მიმართულებით შესრულდება.

როგორც გაირკვა, ჟუკოვსკის აეროპორტის მშენებლობა თავის დროზე ჩაფიქრებული იყო იმისათვის, რომ მგზავრთა ნაკადებისაგან განეტვირთა მანამდე არსებული სამი საერთაშორისო - დომოდედოვოს, შერემეტიევოს და ვნუკოვოს - აეროპორტი.

თუმცა მას შემდეგ, რაც დასავლეთის ეკონომიკური სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკაში რეცესია დაიწყო, რუსეთში მნიშვნელოვნად შემცირდა საავიაციო მიმოსვლა თურქეთისა და უკრაინის მიმართულებით. ამის გამო რუსეთში გაკოტრდა მეორე უმსხვილესი საავიაციო კომპანია „ტრანსაერო“.

შარშან ოქტომბერში ეგვიპტის სინის ნახევარკუნძულის თავზე რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ რუსი მოქალაქეები სულ უფრო იშვიათად დაფრინავენ თავიანთ ერთ-ერთ საყვარელ ტურისტულ ქვეყანაში.

გარდა ამისა, ჟუკოვსკის აეროპორტი, მოსკოვის დანარჩენი სამი საერთაშორისო აეროდრომისგან განსხვავებით, რკინიგზით ჯერჯერობით არ უკავშირდება ქალაქის ცენტრს, რის გამოც მგზავრებს საკმაოდ შორი მანძილის გავლა საკუთარი მანქანებით და შემდეგ კი ავტობუსებით მოუწევთ. გარდა ამისა, სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის ჟუკოვსკის საერთაშორისო აეროდრომს აკლია ორი ტერმინალი, რომელთა დასრულება 2020 წლისათვის იგეგმება.

პერსპექტიული გეგმით კი, ჟუკოვსკის სრულფასოვან მუშაობას 10 მილიარდი რუბლის ინვესტიცია და კიდევ 5 წელიწადი დასჭირდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG