Accessibility links

ნავთობზე რეკორდულად დაბალი ფასები და დასავლეთის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს. 15 დეკემბერს ეკონომისტები რუსეთისთვის შავ ორშაბათად მოიხსენიებენ. ამ დღეს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რუბლის გასამყარებლად თითქმის 2 მილიარდი დოლარის ინტერვენცია განახორციელა. მიუხედავად ამისა, რუბლი 19 პროცენტით გაუფასურდა. მომდევნო დღე კიდევ უფრო მტკივნეული იყო.

„ამერიკის ხმისთან“ ინტერვიუში საერთაშორისო ეკონომიკის პეტერსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ანდერს ასლუნდი აცხადებს, რომ რუსეთის ეკონომიკას წინ უფრო რთული გამოწვევები ელის.

„ბოლომდე ცნობილი არ არის თუ რამ გამოიწვია ეს კრიზისი. ჩემი აზრით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ ბაზარმა გააცნობიერა, რომ რუსეთის ფინანსური მდგომარეობა ისეთი მყარი არ იყო, როგორც ეს მანამდე გვეგონა. „როსნეფტმა“ 600 მილიარდი რუბლის ოდენობის ბონდები გაყიდა. ეს იმის ნიშანია, რომ რუსეთის ფინანსური რეზერვი რეალურად არ იყო შეფასებული. საერთაშორისო სანქციებმა რუსეთის აქტივების ლიკვიდურობა გაყინა.“

რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების დაწესების შემდეგ, ეკონომისტების ნაწილი აცხადებს, რომ სანქციებს რუსეთზე მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს იმის გამო, რომ რუსეთის საერთაშორისო ვალი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი და ამჟამად კატონის ინსტიტუტის ეკონომიკური მკვლევარი ანდრეი ილარიონოვი ამბობს, რომ რუსეთის ეკონომიკის შეფასება დასავლეთში არასწორად ხდება:

„მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვაოთ სავალუტო და ეკონომიკური კრიზისები. რუსული ვალუტა უდაოდ კრიზისშია. რუბლმა თითქმის 50 პროცენტიანი დევალვაცია განიცადა. ეკონომიკას რაც შეეხება, აქ არ არსებობს მყარი მონაცემები, რომლებიც კრიზისზე მიუთითებს. ნოემბრის მაჩვენებლებით, რუსეთის ეკონომიკა რეცესიას არ განიცდის.“

რეცესია მაშინ იწყება, როცა ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის კლება თანმიმდევრულად 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობს. ეკონომისტების ნაწილი, მათ შორის, ილარიონოვიც რუსეთისთვის ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებს და აცხადებს, რომ რუსეთს რეცესია არ ემუქრება. რუბლის დევალვაცია და ვალუტის გაცვლის კურსის ვარდნა რუსულ წარმოებას კონკურენტუნარიანობას მატებს. ეს ორი ფაქტორი რუსეთში წარმოების ხარჯს და შესაბამისად პროდუქციის ფასსაც შეამცირებს.

„ამით რუსული ინდუსტრია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ უფრო კონკურენტუნარიანი გახდება. ეს სცენარი არაერთხელ გვინახავს. 1998 და 2008-2009 წლების კრიზისების შემდეგ, როცა ეროვნულმა ვალუტამ კატასტროფული დევალვაცია განიცადა, რუსეთის ინდუსტრია პირიქით, გაძლიერდა. ჩემი აზრით, 2015 წელს რეცესიის ნაცვლად რუსეთში ინდუსტრია გაძლიერდება და წლის ბოლოს ქვეყანას კარგი თუ არა ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა ექნება.“

წარმოების გაზრდა და ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება საკმარისი არ არის იმისთვის, რომ რუსეთმა ეკონომიკური სირთულეები დაძლიოს. თუ რუსეთის ეკონომიკას გლობალური ბაზრის ნაწილად განვიხილავთ და არა ცალკე მდგომ ერთეულად, მოსკოვი მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით ვერ შეძლებს კრიზისიდან გამოსვლას, როგორც ამას ილარიონოვი აღწერს.

„თუ არ გაქვს ლიკვიდურობა მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობას მნიშვნელობა არ აქვს,“ აცხადებს ასლუნდი.„საბოლოო ჯამში, ის არის მნიშვნელოვანი, თუ რა ოდენობის ნაღდი ფული გაგაჩნია. აღმოჩნდა, რომ მანამდე გამოცხადებული 420 მილიარდი დოლარის ოდენობის რეზერვი რუსეთს სინამდვილეში არ გააჩნია. ცენტრალური ბანკი ამ თანხიდან მხოლოდ 200 მილიარდს აკონონტროლებს. ამ რეალობის გაცნობიერების საფუძველზე, ინვესტორებმა რუსული ბაზრიდან გამოსვლა დაიწყეს. დღეს რუსეთის საგარეო ვალი 600 მილიარდს აღემატება, ქვეყანას კი 200 მილიარდზე მეტი ნაღდი ფულის კაპიტალი არ აქვს.“

ასლუნდს მიაჩნია, რომ რუსეთში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები საერთაშორისო სანქციების გათვალისწინებით უნდა შეფასდეს. სანქციების შეწყვეტის შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ ჩანს, რაც მოსკოვს ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო გაურთულებს.

„დღეს რუსეთში დასავლეთიდან თითქმის არანაირი დაფინანსება არ შედის.“ ასლუნდისთვის ყველაზე საინტერესო ფაქტორი კი ის არის, რომ „ჩინეთის სახელმწიფო ბანკებიც კი ვერ ბედავენ რუსეთისთვის კრედიტის მიცემას.“

რუსეთის ეკონომიკაზე ან პოლიტიკაზე სანქციების გავლენას ილარიონოვი „მითს“ უწოდებს. „დასავლეთის სანქციები სუსტი, დაგვიანებული და შერჩევითია, რომლებმაც საჭირო შედეგი ვერ მოიტანა. რუსეთში მიმდინარე სავალუტო კრიზისის კატალიზატორი არის არა ნავთობზე ფასების ვარდნა ან დასავლეთის სანქციები, არამედ თვითონ ბატონი პუტინი.“

კომპლექსური ეკონომიკების სწორხაზოვანი შეფასება რთული საკითხია. მიმდინარეობს თუ არა რუსეთში ეკონომიკური კრიზისი და ემუქრება თუ არა ქვეყანას რეცესია რამდენიმე თვეში ფაქტების საფუძველზე გამოჩნდება. მანამდე კი ცნობილია შემდეგი ძირითადი მაჩვენებლები: რუსული რუბლი დოლართან მიმართებაში თითქმის 50%-ით გაუფასურდა, ქვეყნიდან 100 მილიარდი დოლარის ოდენობის უცხოური ინვესტიცია გავიდა, ივნისის შემდეგ ნავთობზე ფასები თითქმის 50%-ით შემცირდა (ნავთობისა და გაზის ექსპორტი რუსეთის ბიუჯეტის ნახევარს ავსებს) და ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 2015 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი, სავარაუდოდ, 4%-ის შეიკუმშება.

XS
SM
MD
LG