Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი უფლებადამცველები უარს ამბობენ „უცხოეთის აგენტობაზე“


მოსკოვი
მოსკოვი
მიმდინარე კვირაში რამდენიმე ცნობილმა რუსმა უფლებადამცველმა გამოაცხადა, რომ აპირებს კანონის დარღვევას. საქმე ეხება რუსეთში 21 ნოემბერს ამოქმედებულ კანონს, რომლის შესაბამისადაც, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ და „პოლიტიკურად აქტიურობენ“, უცხოეთის აგენტებად უნდა დარეგისტრირდნენ.

რუსეთის უძველესი უფლებადამცველი ორგანიზაციის, მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის დამფუძნებელი ლიუდმილა ალექსეევა კანონს „აბსურდულად მიიჩნევს“.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როცა უფლებადამცველები - ზოგადად, კანონმორჩილი ხალხი - არ მოქმედებენ კანონმდებლობის ტექსტის მიხედვით, რადგან ეს კანონი გვაყენებს სრულიად შეუძლებელ მდგომარეობაში. „უცხოელ აგენტებად“ დარეგისტრირება, როგორც ამას კანონი მოითხოვს, ჩვენ არ შეგვიძლია, რადგან ეს ნიშნავს არასწორი ინფორმაციის მიწოდებას“, – ამბობს 85 წლის უფლებადამცველი.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიაში მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფთან ერთად მონაწილეობს ათობით ორგანიზაცია, მათ შორის, არჩევნების მეთვალყურე დამოუკიდებელი ჯგუფი „გოლოსი“, კორუფციის საკითხებზე მომუშავე „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, უფლებადამცველი ორგანიზაციები „აგორა“ და „სამოქალაქო თანადგომა“. არადა, რუსეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ კანონი სისრულეში იქნება მოყვანილი. არავინ უწყის, რა სახეს მიიღებს ამ საკითხის გარშემო უთანხმოება.

ალექსეევას უჭირს ვარაუდის გამოთქმა - ვნახოთ, რა იქნებაო, ამბობს ის და დასძენს, რომ, მისი ორგანიზაციის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედების შემთხვევაში, მას აუცილებლად გაასაჩივრებს სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
ვფიქრობ, რომ სანქციებს შემოიღებენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით - იქნება ჯარიმები და საქმე მივა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობამდეც. ჩემი აზრით, კონფლიქტი იქნება...
ევგენი არხიპოვი


სანქციები კი მოსალოდნელია. ახალი კანონით, რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციას, შესაძლოა, ექვს თვემდე ვადით აუკრძალონ მუშაობა „უცხოეთის აგენტად“ დარეგისტრირებაზე უარის შემთხვევაში. რეგისტრაციასთან ერთად, კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებს თავის „უცხოეთის აგენტად“ მოხსენიებას საკუთარ საქმიანობაზე ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებისას. კანონით გათვალისწინებულია ფულადი ჯარიმაც - 100 ათასიდან 300 ათას რუბლამდე, რაც შეესაბამება 3200-დან 9600-მდე დოლარს - ორგანიზაციებისათვის, რომლებიც არ დაიცავენ კანონს. კანონდარღვევის გამეორების შემთხვევაში, გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი დევნაც.

ადვოკატი ევგენი არხიპოვი, რომელიც ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეებზე მუშაობს, აღნიშნავს, რომ კანონი მკაფიოდ არ არის ჩამოყალიბებული და იძლევა სხვადასხვაგვარად ინტერპრეტაციის საშუალებას - მოსალოდნელია, რომ მისი განხორციელება მოხდეს პრეცედენტების მიხედვით.

ადვოკატი პესიმისტურად აფასებს ბოიკოტის გეგმის პერსპექტივებს:

„ვფიქრობ, რომ სანქციებს შემოიღებენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით - იქნება ჯარიმები და საქმე მივა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობამდეც. ჩემი აზრით, კონფლიქტი იქნება“.

რუსეთში „უცხოეთის აგენტად“ დასარეგისტრირებელი ვადა 20 ნოემბერს ამოიწურა.

მოსკოველი პოლიტოლოგი დმიტრი ორეშკინი როგორც განმარტავს, ახალი კანონი ნებისმიერ შემთხვევაში მომგებიანია კრემლისთვის, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციებში ბევრი ოპონენტი ჰყავს: თუ ორგანიზაცია უარს იტყვის კანონის შესრულებაზე, მას დააჯარიმებენ, ხოლო თუ დაყაბულდება „უცხოეთის აგენტად“ დარეგისტრირებას, ის საკუთარი თავის დისკრედიტაციას მოახდენს რუსეთის მოსახლეობის დიდ ნაწილში.
XS
SM
MD
LG