Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის რეაქცია "მაგნიტსკის აქტზე"


რუსეთის სახელმწიფო სათათბირო 2012 წლის 21 დეკემბერს
რუსეთის სახელმწიფო სათათბირო 2012 წლის 21 დეკემბერს
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ 21 დეკემბერს დიდი უმრავლესობით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც შეერთებული შტატების მოქალაქეებს უკრძალავს რუსეთში შვილის აყვანას.

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მოკლე დროში შეძლო ახალი კანონპროექტის განხილვა და დამტკიცება - ანგარიშსწორებისაკენ მოწოდების ფონზე მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში შეერთებულ შტატებში ძალაში შევიდა ახალი კანონი, „მაგნიტსკის აქტი". ის სანქციებს უწესებს რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ბრალდებული არიან ადამიანის უფლებების დარღვევაში. რადიო თავისუფლების გადაცემებში არაერთხელ გვქონია საუბარი იმაზე, თუ რატომ დაარქვეს მაგნიტსკის აქტს ეს სახელწოდება. სერგეი მაგნიტსკი, რუსი ადვოკატი, რომელიც კორუფციის საკითხებზე მუშაობდა 2009 წელს გარდაიცვალა მოსკოვის ციხეში. მისი ახლობლები აცხადებენ, რომ მაგნიტსკი საპატიმროში არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

რუსი დეპუტატები არ მალავენ, რომ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს შეერთებული შტატების მოქალაქეებისათვის რუსეთში შვილის აყვანის აკრძალვას, საპასუხო ზომაა ვაშინგტონში „მაგნიტსკის აქტის“ დამტკიცების შემდეგ. მაგრამ ბევშვთა უფლებების დამცველები შიშრობენ, რომ ეს საპასუხო ზომა ყველაზე მეტად ბავშვებს აზარალებს. შეერთებული შტატები ყოველთვის იყო წამყვანი ქვეყანა რუსეთში შვილად აყვანილი ბავშვების რაოდენობით. ამერიკულ ოჯახებს წელიწადში, საშუალოდ, 956 ბავშვი მიჰყავთ რუსეთიდან.
იყვანენ ბაშვებს, რომლებსაც მძიმე დაავადებები აქვთ და მართლა დიდი პრობლემები და მათ სრულფასოვან ადამიანებად აყალიბებენ ...
ლენა სმირნოვა

საქველმოქმედო ფონდ „სოზიდანიეს“ ხელმძღვანელი, ლენა სმირნოვა კანონპროექტს „სრულიად სამარცხვინოს" უწოდებს. „პატივცემულ უცხოელებს, მათ შორის ამერიკელებს, მიჰყავთ ყველაზე მძიმე ბავშვები და მათი 99% საუცხოოდ ცხოვრობს. აქ ისინი საერთოდ ვერაფერს მიიღებდნენ, ზრდასრულ ასაკს რომ მიაღწიონ კიდეც. რადგან იქ მიჰყავთ ყველაზე მძიმე პრობლემების მქონე ბავშვები, არა საუკეთესობი! იყვანენ ბაშვებს, რომლებსაც მძიმე დაავადებები აქვთ და მართლა დიდი პრობლემები და მათ სრულფასოვან ადამიანებად აყალიბებენ“, - ამბობს ბავშვთა უფლებების დამცველი აქტივისტი.

სახელმწიფო სათათბიროში 21 დეკემბერს დამტკიცებული კანონპროექტის მომხრეები კანონპროექტის საჭიროებას ხსნიან იმ გარემოებით, რომ რუსეთიდან წაყვანილი რამდენიმე ბავშვი გარდაიცვალა შეერთებულ შტატებში. კანონპროექტს მინიჭებული აქვს ერთ-ერთი ასეთი ბავშვის, დიმა იაკოვლევის სახელი. წლინახევრის ბიჭუნა 2008 წელს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა მამობილმა ცხრა საათი დატოვა გადახურებულ მანქანაში.

განვლილი 10 წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებში 19 ნაშვილები რუსი ბავშვია გარდაცვლილი. მაგრამ აქტივისტები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ გაცილებით უფრო დიდი საფრთხე ემუქრებათ რუსეთშივე ნაშვილებ ბავშვებს. საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვისტის" მონაცემებით, განვლილ 15 წელიწადში რუსეთში გარდაცვლილია 1220 აყვანილი ბავშვი.

იმისათვის, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში დამტკიცებული კანონპროექტი კანონად იქცეს, ის უნდა დაამტკიცოს პარლამენტის ზედა პალატამაც, რასაც უნდა მოჰყვეს მასზე პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ხელმოწერა.
XS
SM
MD
LG