Accessibility links

logo-print
აგვისტოს ომის მეხუთე წლისთავთან დაკავშირებით რუსულ პრესაში რამდენიმე სტატია გამოქვეყნდა. სხვადასხვა გამოცემა სხვადასხვაგვარად გამოეხმაურა დმიტრი მედვედევის ინტერვიუს, რომელიც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა "Russia Today"-ს მისცა. მედვედევის ცალკეულ ფრაზებზე კომენტარები და საპასუხო განცხადებები რამდენიმე ქართველმა პოლიტიკოსმა გააკეთა. მაგალითად, "არგუმენტი ი ფაქტი" აქვეყნებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსულ-ქართულ ურთიერთობებში ზურაბ აბაშიძის კომენტარს. "ჩვენი პოზიცია შემდეგია: 2008 წელს საქართველო აგრესიის მსხვერპლი გახდა. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენც გადავდგით რამდენიმე არასწორი ნაბიჯი და დავუშვით შეცდომები", - აცხადებს აბაშიძე. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ქართული მხარის მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობდა დმიტრი მედვედევიც.

ზურაბ აბაშიძის განცხადებას "კომსომოლსკაია პრავდაც" აქვეყნებს და პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის კიდევ რამდენიმე ფრაზა მოჰყავს. გამოცემა ასევე ყურადღებას ამახვილებს აბაშიძის გამონათქვამზე, რომ ომის ყველაზე მძიმე შედეგი საქართველოსთვის რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოფიციალურად აღიარებაა. "ჩვენ არც ველოდით და არც ველით, რომ რუსეთის პოზიცია 180 გრადუსით შემობრუნდება. თუმცა საჭიროა ნაბიჯ-ნაბიჯ მუშაობა იმისთვის, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირება დაიწყოს", - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა "ამერიკის ხმას" მისცა, ეხმაურება "მოსკოვსკი კომსომოლეცი". გამოცემა ივანიშვილის რამდენიმე გამონათქვამზე ამახვილებს ყურადღებას. "ერთადერთი გზა მეგობრული ურთიერთობებია. არავითარ შემთხვევაში - საუბრებშიც კი - არ უნდა ვიფიქროთ ძალის გამოყენებაზე. ჩვენ უნდა ავაშენოთ დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო, რათა კვლავ გავაღვიძოთ აფხაზებსა და ოსებში თანაცხოვრების სურვილი" - ივანიშვილის ეს ციტატაა მოყვანილი "მოსკოვსკი კომსომოლეცში". გამოცემა ხაზს უსვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებებს, სადაც ის ამბობს, რომ საქართველო მხოლოდ მშვიდობიანი გზებით აპირებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

"საქართველო ახლა უფრო სანდო ქვეყანაა" - სტატიას ასეთი სათაურით შეხვდებით ყოველკვირეულ ანალიტიკურ ჟურნალში "კომერსანტ ვლასტ"-ში. გამოცემა აქვეყნებს ვრცელ ინტერვიუს საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილთან. ინტერვიუ აგრძელებს გასულ კვირაში რუსეთის პრესაში ყველაზე აქტუალურ თემას, თუ როგორ აპირებს საქართველოს ახალი მთავრობა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას და როგორ ხედავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მომავალს. საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ოლგა ალიონოვა ესაუბრა.

ჟურნალისტის პირველი შეკითხვა შეეხება მდგომარეობას აგვისტოს ომიდან ხუთი წლის შემდეგ და ახალი მთავრობის პოზიციას როგორც ქართულ-რუსულ, ასევე ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ამ შეკითხვაზე პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს, რომ სწორედ ქართულ-რუსული ურთიერთობები განაპირობებს ვითარებას სოხუმსა და ცხინვალში. "2008 წელმა გვაჩვენა, რომ კონფლიქტი იყო საქართველოსა და რუსეთს შორის და სწორედ ამ კონფლიქტმა განაპირობა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობები. ამიტომ, დღეს უკვე რთული გასაგებია, თუ სად სრულდება კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის და სად იწყება ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური ურთიერთობები. სწორედ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობამ დაჩრდილა ყველაფერი და სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს ვითარებას სოხუმსა და ცხინვალში დღეს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა. მინისტრმა იქვე ხაზი გაუსვა რუსულ-ქართულ ურთიერთობების დარეგულირების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ მიუხედავად სირთულისა, ბევრი მუშაობის შედეგად, სიტუაციის ნორმალიზება ეტაპობრივად მაინც მოხდება.

ინტერვიუში ჟურნალისტმა მინისტრს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა საქართველოს სურვილზე გაწევრიანდეს ნატოში და იმაზე, თუ რამდენად დაეხმარება ეს საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაში. ზაქარეიშვილმა განმარტა, რომ ნატოში გაწევრიანება საქართველოს მიზანია და ქვეყანა ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა შედეგი ექნება ნატოში გაწევრიანებას კონფლიქტის ზონაში, ზაქარეიშვილი პასუხობს, რომ საქართველოს ნატოს წევრობა იქნება რეგიონში მშვიდობის გარანტი. ასევე, სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ: "რაც უფრო მეტ ზეწოლას გრძნობს საქართველო რუსეთისგან, მით უფრო მეტად მიისწრაფვის ნატოსკენ".
XS
SM
MD
LG