Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 21 აგვისტო


გაზეთმა „იზვესტიამ“ გასულ კვირაში გამოაქვეყნა სტატია, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საქართველოში. საუბარია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის გადაწყვეტილებაზე, ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ქართული სოფლების ადგილას ააშენოს სამრეწველო ზონა. „ამ ტერიტორიაზე არ აშენდება საცხოვრებელი სახლები, ამიტომაც აზრი არ აქვს გეოგრაფიული სახელების შენარჩუნებას“ , უთქვამს თიბილოვს გაზეთის კორესპონდენტისთვის, რომლის აღწერითაც, ქართული ანკლავი, ვიდრე აგვისტოს ომის დროს განადგურდებოდა, უშუალოდ ებჯინებოდა ქალაქ ცხინვალს: „ცხინვალის დამთავრებისთანავე იწყებოდა ქართული სოფლის, თამარაშენის სახლები. სულ ქართულ ანკლავში შედიოდა რვა დასახლებული პუნქტი. მათ შორის ყველაზე დიდები განთავსებული იყვნენ ტრანსკავკასიური მაგისტრალის გასწვრივ, რომელიც სამხრეთ ოსეთს ჩრდილოეთთან აკავშირებს. ეს სოფლებია: ქურთა, კეხვი, აჩაბეთი და თამარაშენი. ანკლავი მთავრდებოდა ოსურ დასახლება ჯავასთან, სადაც ამჟამად სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაა განთავსებული.“

სტატიის მიხედვით, ზოგიერთი ცხინვალელი, მათ შორის ადმინისტრაციის თანამშრომლებიც აღიარებენ, რომ ქართველთა მიტოვებულ სახლებს შეგნებულად უკიდებდნენ ცეცხლს, რათა, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ქართულ მოსახლეობას უკან დაბრუნების საშუალება არ ჰქონოდა. სტატია მთავრდება ლეონიდ თიბილოვის შემდეგი განცხადებით: „სახლები ჯერ არ აგვიღია, თუმცა ვაპირებთ ის ტერიტორია, რომელზეც ეს ნანგრევები მდებარეობს, იურიდიულად ისე გავაფორმოთ, რომ, ხვალ იქნება თუ ზეგ, ვერავინ მოგვედავოს“.

გაზეთი „კომერსანტი“ კი საქართველოს შიდაპოლიტიკურ ამბებზე წერს. სტატიაში, რომლის სათაურია „ მილიარდერმა პრეზიდენტი გამოიწვია“, ლაპარაკია კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივაზე, გაიმართოს ტელედებატები მასა და მმართველი პარტიის ლიდერებს, მათ შორის, პრეზიდენტ სააკაშვილს შორის.

„მზად ვარ ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ფორმატში მივიღო მნაწილეობა სააკაშვილთან დებატებში. თუ პრეზიდენტი უარს იტყვის, მაშინ დებატებს გავმართავ სხვა ლიდერებთან, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი იქნებიან - ხუთი თუ შვიდი ერთდროულად“ - ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადების პასუხად „კომერსანტის“ ჟურნალისტს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ განუცხადეს, რომ გამოწვევა მიღებულია და რომ მმართველი პარტია ისედაც მონაწილეობს სხვადასხვა სახის დებატებში, მათ შორის - „ქართულ ოცნებასთანაც“, თუმცა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით დარჩიაშვილმა, რუსული გაზეთის კორესპონდენტს ისიც უთხრა, რომ ეჭვი ეპარება პრეზიდენტსა და ოპიზციის ლიდერს შორი დებატების გამართვის შესაძლებლობაში. დარჩიაშვილის თქმით, „სახელმწიფოს მეთაური და მილიარდერი, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა, არათანაზომიერი სიდიდის პოლიტიკოსები არიან“.

საინტერესო სტატიას აქვეყნებს გაზეთი „ვედომოსტი“, რომლის რედაქცია აანალიზებს მკვლევარების ევგენი მინჩენკოსა და კირილ პეტროვის მოხსენებას „ვლადიმირ პუტინის დიდი მთავრობა და პოლიტბიურო ორი“. ექსპერტების თქმით, კრემლში დაბრუნებულმა პუტინმა შექმნა მოდელი, რომლის საშუალებითაც პრეზიდენტი ერთპიროვნულად მართავს, ფაქტობრივად, მთელ აღმასრულებელ ხელისუფლებას. ყველაფერი ეს მოხერხდა სხვადასხვა საშუალებით - მათ შორის, ადმინისტრაციაში პუტინის ყოფილი მინისტრებისგან შემდგარი სამმართველოს შექმნით. ამ ადამიანებს ყველა საშუალება აქვთ კონკურენცია გაუწიონ მთავრობის მინისტრებსა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს. მოხსენების მიხედვით, პუტინს მინიჭებული აქვს „არბიტრისა და მოდერატორის“ როლი კონკურენციაში მყოფ კლანებს შორის ბალანსის დასაცავად, ხოლო ადამიანები, რომელთა ინტერესების შეთანხმებაც ხდება, პირობითად გაერთიანებული არიან „პოლიტბიურო ორში“. მასში შედიან: პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი, „როსნეფტის“ პრეზიდენტი იგორ სეჩინი, სახელმწიფო კომპანია „როსტექნოლოგიის“ გენდირექტორი სერგეი ჩემეზოვი, მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი და პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე ვიაჩესლავ ვოლოდინი. დაახლოებით 45 კაცისგან შედგება სხვა გავლენიანი ადამიანების ჯგუფი, რომლის წევრებსაც მკვლევარები პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატებს უწოდებენ.

კვლევის მიხედვით, ამ ეტაპზე რუსეთის მმართველი ელიტა დაკავებულია პრობლემით, რომელიც დაკავშირებულია „პრივატიზაციის ახალი ეტაპით“ საკუთრების გადანაწილებასთან. შესაბამისად, „დახურული მმართველი კორპორაცია“ ცდილობს ძალაუფლების საკუთრებაში კონვერტაციას, მემკვიდრეობით გადაცემასა და ლეგალიზაციას როგორც რუსეთში, ასევე საზღვარგარეთ. ანალიტიკურ სტატიას რუსეთის ხელისუფლების სტრუქტურისა და მიზნების შესახებ გაზეთი „ვედომოსტი“ აქვეყნებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG