Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 6 ნოემბერი


რუსული გამოცემა ”იზვესტია” პუბლიკაციას უძღვნის პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, რომლის თანახმადაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უნდა დატოვოს ავლაბრის რეზიდენცია, იგივე პრეზიდენტის სასახლე, და სამუშაოდ სახელმწიფო კანცელარიაში გადავიდეს. „იზვესტია“ წერს, რომ ყოფილი ცენტრალური კომიტეტის 12-სართულიან შენობაში განთავსებულია უშიშროების საბჭოს ოფისი, აქვე ტარდება მთავრობის სხდომები, ამავე შენობის მე-11 სართულზე 2003 წლამდე, ანუ სანამ ვადამდე გადადგებოდა, ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის კაბინეტიც იყო.
პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის თვითმფრინავის ხარჯების შემცირებასაც გეგმავს და გამოთავისუფლებული თანხით დევნილებისა და სოციალურად დაუცველთა საკითხების დაფინანსებას აპირებს.

2004 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მიხელ სააკაშვილმა გადაწყვიტა თავისი მოვალეობის შესრულებას შესდგომოდა ყოფილი საგზაო პოლიციის შენობაში, რომელიც დედაქალაქის ძველ უბანში, ავლაბარში, მდებარეობდა. ყაზარმული ტიპის ორსართულიანი შენობა მე-19 საუკუნეში აშენდა ტფილისის ჟანდარმერიისთვის, ნათქვამია ”იზვესტიას“ სტატიაში. არაოფიციალური მონაცემებით, შენობის რეზიდენციად გადაკეთება 800 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.

„იზვესტიას“ რესპონდენტი პეტრე მამრაძე, რომელიც შევარდნაძის კანცელარიას 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, 4 წელი კი სააკაშვილის მთავრობის აპარატს ედგა სათავეში, ამბობს, რომ ავლაბრის რეზიდენცია თავისი ზომით ბევრი ევროპელი პრეზიდენტის სასახლეზე დიდია. 2010 წელს, როცა პრეზიდენტის სასახლეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სტუმრობდა, ტელეკამერებმა ასახეს მისი უკიდურესად გაოცებული გამომეტყველება პრეზიდენტის რეზიდენციაში ექსკურსიისას. ”იზვესტია” იხსენებს ასევე, რომ პრეზიდენტის სასახლის საგანგებო სტუმარი იყო ჰოლივუდის ვარსკვლავი შერონ სტოუნიც.

”იზვესტიას” ერთი პუბლიკაცია შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებს შეეხება. სტატიის ავტორის რეპორტაჟი ფლორიდის შტატში მცხოვრებ ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეების არჩევანს უკავშირდება. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ჩასულ ემიგრანტებს, იქნებიან ისინი ქართველები, სომხები თუ უკრაინელები, ფლორიდაში რუსებად მოიხსენიებენ. ფლორიდის შტატში მდებარე ერთ-ერთ ”რუსულ”კაფეში, რომელსაც უკრაინელი მფლობელი ჰყავს, სახელად ოლგა, ვიზიტორები ამბობენ, რომ მათი ხმები, შეიძლება ითქვას, თანაბრადაა გაყოფილი - ნაწილი მიტ რომნის კანდიდატურას უჭერს მხარს, ნაწილი კი ბარაკ ობამას. თავად კაფეს მფლობელი ოლგა კი, რომელიც უკვე 17 წელია შეერთებული შტატების მოქალაქეა, ამბობს, რომ პოლიტიკაში არ ერევა და ამიტომ არჩევნებში მონაწილეობა ერთხელაც არ მიუღია. ის კაფეს თაროებზე ბოროდინულ პურს, კიევურ ტორტებს აწყობს და ამბობს, რომ მისთვის მთავარი სამუშაოა, ნათქვამია „იზვესტიას“ პუბლიკაციაში.

რუსული გამოცემა „კომერსანტი“ პუბლიკაციას უძღვნის საქართველოს ახალი მთავრობის სურვილს აღადგინოს სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთთან. სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო კავშირი 20 წლის წინ შეწყდა. 1992-93 წლებში აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად, როდესაც ხიდები და გვირაბები აფეთქდა, 190 კილომეტრის სიგრძის სარკინიგზო ლიანდაგი ძლიერ დაზიანდა, მოძრავი შემადგენლობა კი თითქმის მთლიანად განადგურდა.

2003 წელს ვლადიმირ პუტინსა და ედუარდ შევარდნაძეს შორის სოჭში გამართული შეხვედრის შემდეგ მიღწეული იყო რკინიგზის აღდგენის შესახებ შეთანხმება, თუმცა შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, ჯერ დევნილთა საკითხი უნდა გადაწყდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს სარკინიგზო კავშირზე საუბარიო. საქართველოს წინა ხელისუფლება რკინიგზის აღდგენას სკეპტიკურად უყურებდაო, წერს ”კომერსანტი”. გასულ წელს მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ამ მიმართულებით რკინიგზის აღდგენა, პირველ რიგში, რუსეთს აინტერესებს და არა საქართველოსო, ახლა კი, ივანიშვილის მთავრობის პოზიციით, რკინიგზის აღდგენა საქართველოსთვისაც ხელსაყრელია.

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური თეორიის კათედრის დოცენტი კირილ კოკტიში მიიჩნევს, რომ აღდგენილ რკინიგზას, ეკონომიკურის გარდა, პოლიტიკური დივიდენდების მოტანაც შეუძლია.

”რკინიგზის აღდგენა მისასალმებელია, რადგან ის რეგიონის გარკვეულ მთლიანობას დაადგენს და მისი კონფლიქტურობის დონეს დასწევს. ამდენად, თუ ეს შესაძლებელი გახდა, აფხაზური და ოსური საკითხიც აღარ იქნება საომარ-კონფლიქტური საკითხი და გახდება გულმოდგინე მოლაპარაკებების თემა, რომელიც, ალბათ, რადენიმე ათეულ წელს გასტანს. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამას უფრო ნაკლები დრო დასჭირდეს, მაგრამ, ალბათ, სიტუაცია ძალიან პოზიტიურად შეიცვლება რეგიონში”, ეუბნება მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური თეორიის კათედრის დოცენტი კირილ კოკტიში ”კომერსანტს”.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG