Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 4 დეკემბერი


4 დეკემბრის „იზვესტიას“ მიხედვით, საქართველოს მთავრობა ქმნის ახალ სპეციალურ დეპარტამენტს, რომელიც დაკავებული იქნება დასავლეთში საქართველოს ხელისუფლების დადებითი კუთხით წარმოჩენით. სტატიაში, რომლის სათაურია „ივანიშვილი პი-არ-ით დაარტყამს სააკაშვილს“, ლაპარაკია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი ახალი დეპარტამენტის შექმნით ცდილობს პასუხი გასცეს პრეზიდენტ სააკაშვილს. გამოცემის თანახმად, ივანიშვილმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში დასავლეთის მედიამ მწვავედ გააკრიტიკა მისი მთავრობის საქმიანობა. „იზვესტიას“ თანახმად, ახალ დეპარტამენტს 40 წლის პოლიტოლოგი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ტერა-მედიას“ ხელმძღვანელი ვალერიან გორგილაძე ჩაუდგება სათავეში. გაზეთის რედაქცია მკითხველს აქვე სთავაზობს ახალი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის განმარტებას:

„კომუნიკაციის გაუმჯობესება საზოგადოებასთან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ - ასეთია პრემიერ-მინისტრის ინიციატივა. საქართველოში ამჟამად ელიტების ცვლა მიმდინარეობს. წინა ელიტა, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს, იყენებს კარგად გამართულ კავშირებს დასავლეთთან, ახალი ბიუროკრატია კი ამ კუთხით გამოუცდელია, რაც ქმნის გარკვეულ სირთულეებსა და პრობლემებს. ვფიქრობ, დაგვჭირდება ორიოდე თვე ყველაფრის წესრიგში მოსაყვანად“.

„იზვესტიას“ კიდევ ერთი რესპონდენტი, ალექსანდრე თვალჭრელიძე, მიიჩნევს, რომ ლობისტების მომსახურებაზე უარის თქმით ბიძინა ივანიშვილმა შეცდომა დაუშვა, რადგანაც არანაირი დევნა პოლიტიკური ნიშნით საქართველოში არ მიმდინარეობს. გაზეთის თანახმად, ახალ დეპარტამენტში 30-მდე ადამიანი იმუშავებს.

გაზეთი „კომერსანტი“ კი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის შესახებ წერს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ვანო მერაბიშვილმა ყალბი პასპორტით სცადა საქართველოს სახელმწიფი საზღვრის გადაკვეთა, რის გამოც ყოფილი მინისტრი ჩვენების მისაცემად შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამ ინციდენტის შესახებ სხვა რუსული გაზეთებიც წერენ. „იზვესტიასთვის“ პეტრე მამრაძეს უთქვამს, რომ, ვანო მერაბიშვილის გარდა, ორ-ორი პასპორტი ასევე უნდა ჰქონდეთ სააკაშვილის ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირებს. მამრაძის ვარაუდით, სწორედ ამ მეორე, ანუ ყალბი პასპორტით დატოვა საქართველო იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა.

ქართველი პოლიტიკოსების გარდა, რუსული პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელმაც, ოფიციალური ინფორმაციით, „უმნიშვნელო სპორტული ტრავმა“ მიიღო. „კომერსანტის“ ცნობით, რუსეთის საგარეო უწყება უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თურქეთში ყოფნისას სერგეი ლავროვმა სასტუმროში ხელი მოიტეხა და ანკარის ერთ-ერთ ჰოსპიტალს მიაკითხა. სამინისტროს განმარტებით, უმნიშვნელო სპორტული ტრავმა ლავროვმა თურქეთში ვიზიტის დაწყებამდე მიიღო.

„ნოვაია გაზეტა“ კი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის როლისა და ადგილის შესახებ აქვეყნებს ვრცელ ანალიტიკურ სტატიას, რომელსაც სათაურად წამძღვარებული აქვს შემდეგი მოსაზრება: „რომ გადარჩეს, პუტინი სტალინად უნდა იქცეს“.

სტატიის შესავალში ვკითხულობთ: „პუტინის წინაშე დგას იგივე ამოცანა, რაც სტალინის წინ გასული საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში იდგა, მაგრამ პუტინს პრობლემას უქმნიან არა გაბურჟუებული რევოლუციონერები, არამედ მაფიოზებად ქცეული პეტერბურგელი ჩეკისტები“.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG