Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 8 იანვარი


„საქართველო და რუსეთი პარლამენტებით იმეგობრებენ“ - ასეთი სათაურით აქვეყნებს რუსეთში გამომავალი „იზვესტია“ სტატიას, რომელშიც საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების შესაძლო დაახლოების პერსპექტივაზე ლაპარაკობს. სტატიის მიხედვით, თედო ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უახლოეს სესიაზე გამართავს „არაფორმალურ შეხვედრას“ რუს კოლეგასთან - სახელმწიფო სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ალეკსეი პუშკოვთან. „ჩვენი სურვილია საპარლამენტო ურთიერთობის რეზერვების ამოქმედებით შევიტანოთ პოზიტიური წვლილი, გავიაზროთ დეპუტატების როლი სამომავლო ურთიერთობებში, ვიმსჯელოთ პრობლემებზე, რათა უკეთ შევიტყოთ ერთმანეთის განწყობა. ვიცნობ რა ბატონ პუშკოვს, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პოლემიკა და აქტუალური თემების განხილვა მოგვცემს საშუალებას მოვწყდეთ რუტინას და ახალი იმპულსი შევძინოთ დიალოგს“, განუცხადა „იზვესტიას“ თედო ჯაფარიძემ, რომელმაც ასევე არ გამორიცხა ქვეყნებს შორის საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების გაცვლა. თუმცა, სტატიის მიხედვით, ქართველი პოლიტიკოსის ინიციატივის შესახებ არაფერი სცოდნია თავად ალეკსეი პუშკოვს, რომელსაც უთქვამს:

„ამის შესახებ არაფერი მსმენია და, შესაბამისად, მიჭირს იმის თქმა, თუ რაზე ვაპირებთ საუბარს. ისე, ჩვენ არასოდეს გვითქვამს უარი ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე. ეს ქართული დელეგაცია აყენებდა ყოველთვის შეხვედრისათვის შეუსრულებელ ისეთ პირობებს, როგორიცაა რუსეთის ჯარების გაყვანა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან“.

რუსეთ-საქართველოს რთული ურთიერთობების შესახებ წერს გაზეთი „კომერსანტიც“, რომელიც აქვეყნებს ოლგა ალიონოვას ანალიტიკურ სტატიას, სათაურით „საქართველოს მაზანდა პრემიერის კურსით განისაზღვრება“. სტატიის მიხედვით, შეუძლებელია საქართველოს საგარეო კურსის შენარჩუნების პირობებში რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება: „საქართველოს ახალ ხელისუფლებას კრემლთან ურთიერთობის გამოსწორების გზაზე მთავარ წინააღმდეგობად რჩება 2008 წლის რეფერენდუმი, რომელზეც საქართველოს მოქალაქეების 77-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მოსკოვს საქართველოსგან სხვა არც არაფერი უნდა - უარი ნატოში შესვლაზე. რუსეთის მოთხოვნა საქართველომ აღიაროს ახალი რეალობა, ანუ ცნოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა - სინამდვილეში მხოლოდ დეკორაციაა. უბრალოდ, რუსეთის ხელისუფლებას არ შეუძლია ღიად განაცხადოს, რომ საქართველო არ უნდა შევიდეს ნატოში და რომ მას აშინებს ნატოს გაფართოება“.

სტატიის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ ჯერჯერობით სერიოზულ წარმატებებს ვერ მიაღწია და ამ მხრივ რაიმე სახის ცვლილება მოსალოდნელი არ არის. შესაბამისად, ოლგა ალიონოვას აზრით, ახალი ხელისუფლება ცდილობს რეიტინგი პოლიტიკურ ოპონენტთა ანგარიშსწორებით შეინარჩუნოს. ჯერჯერობით ეს ზომები ჭრის - წინა ხელისუფლებაზე გულმოსული ამომრჩეველი კმაყოფილია, თუმცა ზარალდება საქართველოს საერთაშორისო იმიჯი. დასავლეთი ხისტად რეაგირებს „რევანშიზმსა“ და „პოლიტიკურ რეპრესიებზე“. პასუხად ბიძინა ივანიშვილი ჯერ ურჩევს დასავლელ პარტნიორებს არ ჩაერიონ საქართველოს საშინაო საქმეებში, ხოლო შემდეგ საერთოდ აუქმებს თავის ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში: „ყოველივე ეს ძალიან ჰგავს ახალი ხელისუფლების კოლოსალურ შეცდომას, მაგრამ თუ მოსალოდნელი კონფლიქტი დასავლეთთან არის არა შეცდომა, არამედ მიზანმიმართული სტრატეგია, მაშინ ეს შეიძლება მივიჩნიოთ ბიძინა ივანიშვილის მიერ დე-სე-თე-ში საქართველოს დაბრუნების ყველაზე ნიჭიერად დაგეგმილ ოპერაციად“. ანალიტიკურ სტატიას საქართველო-რუსეთის ურთიერთობის შესახებ გაზეთი „კომერსანტი“ აქვეყნებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG