Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 15 იანვარი


„საქართველომ ამნისტიის ერაში შეაბიჯა“ - სტატიას ასეთი სათაურით „კომერსანტი“ აქვეყნებს. ავტორი, გიორგი დვალი, მიმოიხილავს ამნისტიის პროცესს საქართველოში და დასძენს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო საქართველოს ახალი მთავრობა აქტიურად გააკრიტიკა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ საპარლამენტო ოპოზიცია და პრეზიდენტი თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ კანონპროექტის ერთ-ერთ პუნქტს, რომელიც „პოლიტპატიმრებს“ ეხებოდა, თუმცა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მაინც შეძლო პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა და 13 იანვარს საქართველოს ციხეები 190-მა პატიმარმა დატოვა.

სტატიის ავტორი ყურადღებას ამახვილებს ადამიანებზე, რომლებიც რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გაასამართლეს და მაგალითად მოაქვს იური სკრილნიკოვის საქმე, სკრილნიკოვისა, რომელმაც საპატიმრო დაწესებულება უკვე დატოვა. გიორგი დვალს სკრილნიკოვის ადვოკატის, ზურაბ როსტიაშვილის, ციტატები მოჰყავს: „იური საქართველოში გაზაფხულზე ნათესავის საფლავის მოსანახულებლად ჩამოვიდა. მას 39 ათასი დოლარი ყალბი ფული ჩაუდეს და შემდეგ ჯაშუშობისთვის გაასამართლეს“.

სკრილნიკოვის თემას აგრძელებს „მოსკოვსკი კომსომოლეცი“ სტატიით „’ქართველი ტყვე’ შინ დაბრუნდა“. ჟურნალისტი მიხაილ მასლოვი სტატიის შესავალში მკითხველს შეახსენებს, რომ იური სკრილნიკოვის საქმეს გაზეთმა ჯერ კიდევ 2012 წლის 24 ოქტომბერს მიუძღვნა სტატია, სადაც მოთხრობილი იყო „უბრალო ზელენოკუმსკელი რუსი მოქალაქის ბედი, რომელიც უსაფუძვლოდ დააპატიმრეს საქართველოში“.

„მოსკოვსი კომსომოლეცი“ რუსეთში დაბრუნებულ ყოფილ პატიმარს დაუკავშირდა და გაესაუბრა. „თითქოს თავიდან დავიბადე... ბედნიერი ვარ, რომ დავუბრუნდი ჩემს ოჯახსა და შვილებს. მადლობა ყველას, ვინც მთელი ეს პერიოდი ჩემი და ჩემი ახლობლების გვერდით იყო“, - უთხრა სკრილნიკოვმა გაზეთს.

ამნისტიის თემას აგრძელებს „იზვესტია“, რომელიც ციხიდან ახლად გათავისუფლებულ გიორგი დემეტრაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. ინტერვიუ შეეხება გიორგი დემეტრაძის დაპატიმრებასა და მის ცხოვრებას ციხეში, თუმცა სტატიის დასაწყისში ავტორი დემეტრაძის სპორტულ მიღწევებს უსვამს ხაზს, განსაკუთრებით კი იმას, რომ ქართველმა ფეხბურთელმა კარიერის „საუკეთესო წლები“ რუსეთში, ვლადიკავკაზის ალანიაში გაატარა და 1999 წელს რუსეთის ჩემპიონატის ბომბარდირიც გახდა.

ინტერვიუში გიორგი დემეტრაძე აცხადებს, რომ არასდროს ჰქონია კავშირი ქურდულ სამყაროსთან. ფეხბურთელი ამბობს, რომ ფეხბურთის თამაში ციხეშიც არ შეუწყვეტია, სადაც პატიმრებს საკუთარი გუნდი ჰქონდათ. არჩევნების შემდეგ დემეტრაძის გუნდმა ამხანაგური თამაშიც გამართა საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელებთან. ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა საფეხბურთო კარიერის გაგრძელებას, დემეტრაძე უპასუხებს, რომ თამაში უკვე აღარ შეუძლია, თუმცა შემდეგ შეკითხვაზე, რომელიც კახა კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩს შეეხება, დემეტრაძე ამბობს, რომ შეძლებს ერთი თამაში ჩაატაროს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, რომელიც გაზაფხულზე უნდა გაიმართოს თბილისში „მილანის“ წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG