Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 29 იანვარი


რუსეთში გამოსული გაზეთების დიდი ნაწილი საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ახალი ეტაპის დაწყებაზე წერს. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ოფიციალური მოსკოვი მიესალმება მთელ რიგ საკითხებზე მოლაპარაკების დაწყებას. გაზეთ „იზვესტიაში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი გენადი ონიშჩენკო შესაძლებლად მიიჩნევს ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე შეტანას, თუმცა იქვე დასძენს, რომ ეშინია საკითხის პოლიტიზებისა:

„ვიზების გაცემის შესახებ ვიშუამდგომლეთ. შესაბამისად, საქართველოდან მოსკოვში ჩამოვა რვა სპეციალისტი. შეხვედრის ფორმატზე მოგვიანებით ვიმსჯელებთ, რათა მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. ქართველმა მეღვინეებმა უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში უზარმაზარი ნაბიჯი გადადგეს წინ“.

„იზვესტიაში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, გენადი ონიშჩენკო ვერც საქართველოდან მინერალური წყლის შეტანის პრობლემას ხედავს. მთავარია დისტრიბუტორები სწორად შეირჩეს, რათა გამოირიცხოს ფალსიფიკაცია, უთქვამს რუსეთის მთავარ სანიტარულ ექიმს. გაზეთის რედაქცია ასევე ელაპარაკა „ბორჯომის“ მწარმოებელი კომპანიის - IDS Borjomi Georgia-ს -გენერალურ დირექტორს ზაზა კიკვაძეს, რომლის თქმითაც, მისი წარმომადგენლები უკვე მართავენ მოლაპარაკებას ლოგისტიკურ კომპანიებთან და ემზადებიან რუსეთის ბაზრის ათვისებისათვის:

„2005 წელს „ბორჯომი“ იკავებდა რუსეთში მინერალური წყლების ბაზრის 13 პროცენტს, ხოლო თუ ბაზარი გაიხსნება, კომპანია გაყიდვის 25 პროცენტით გაზრდას შეძლებს“.

IDS Borjomi-ის, უფრო სწორად, მისი მფლობელი კომპანიის, Salford Capital-ის აქციონერთა შორის მომხდარი ცვლილებების შესახებ წერს „ნოვაია გაზეტა“, რომლის მიხედვითაც, აქციონერთა რიგები დაუტოვებია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს. „ოჯახს აღარ აქვს კავშირი Salford Capital-თან. ეს კომპანია ერთი წელია ჩვენი ოჯახის აქტივების მართვაშიც აღარ მონაწილეობს“, ნათქვამია პატარკაციშვილების განცხადებაში. 2001 წელს დაარსებული Salford Capital-ი, თავისი 600 მილიონ დოლარიანი აქტივებით, ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიად ითვლება აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ბოლო დრომდე მის მფლობელობაში იყო IDS Borjomi, რომლის გაყიდვის შესახებ პატარკაციშვილის ოჯახი კომენტარს არ აკეთებს, თუმცა, „ნოვაია გაზეტას“ ინფორმაციით, ბორჯომის მწარმოებელი კომპანიის აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელი გამხდარა კომპანია, რომელიც კავშირშია რუსულ „ალფა ჯგუფთან“.

საქართველოს ბალეტისა და ოპერის სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელთან ინტერვიუს აქვეყნებს ყოველკვირეული „კომერსანტ ვლასტი“. ვრცელ ინტერვიუში ნინო ანანიაშვილი ლაპარაკობს როგორც საქართველოში დაბრუნების, პედაგოგიური მოღვაწეობისა და შემოქმედების შესახებ, ასევე პოლიტიკაზე. ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რამ განაპირობა ის, რომ საქართველოში შემოქმედებითი ინტელიგენცია ოპოზიციაში ჩაუდგა ხელისუფლებას, ნინო ანანიაშვილმა უპასუხა: „შემოქმედებითი ინტელიგენცია ოპოზიციური უნდა იყოს. ეს ნორმალურია. სადაც ოპოზიცია არ არის, იმ ქვეყანაში ცხოვრება აუტანელია. ჩვენ რვა წელი ვაშენეთ ქვეყანა იმისათვის, რომ ნორმალური ოპოზიცია ყოფილიყო და რომ ხელისუფლების შეცვლა ბუნებრივად მომხდარიყო. რიგით მოქალაქეს საერთაოდ არ უნდა აღელვებდეს ის, თუ ვინ იმყოფება ხელისუფლებაში. ისეთი წყობა უნდა იყოს, რომ მოქალაქეს ხელისუფლების ცვლილება ნეგატიური კუთხით არ უნდა ეხებოდეს. წააგო ერთმა ძალამ? - თავის თავს დააბრალოს! გაიმარჯვა მეორემ? - ყოჩაღ, მაგრამ გააგრძელოს მშენებლობა და არა ნგრევა, წავიდეს წინ! თუმცა რატომღაც გვიყვარს ყოველივე იმის დანგრევა, რაც ჩვენამდე იყო!“.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG