Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 5 თებერვალი


რუსეთის პრესა აქტიურად გამოეხმაურა მოლაპარაკების დაწყებას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რუსეთის მთავარ სანიტარულ ექიმს შორის. „ქართული ღვინის ფასი რუსეთში 300 რუბლიდან აითვლება“ - ამ სათაურით გაზეთ „იზვესტიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ლაპარაკია იმ შეთანხმებაზე, რომელსაც, საქართველოს ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან დავითაშვილისა და რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ონიშჩენკოს თქმით, მხარეებმა მიაღწიეს. დავითაშვილის თქმით, შეთანხმება მიღწეულია ყველა პრინციპულ საკითხზე, მათ შორის, მომავალ კვირაში „როსპოტრებნადზორის“ სპეციალისტების საქართველოში ჩასვლისა და ვითარების ადგილზე შესწავლის თაობაზე. „ამის შემდეგ დავიწყებთ პროდუქციის რეგისტრაციას რუსეთის ბაზარზე დაბრუნების მიზნითო“, უთქვამს ლევან დავითაშვილს „იზვესტიისათვის“. მისივე თქმით, საბუთების გაფორმებას თვე-ნახევარი დასჭირდება, ხოლო ქართული ღვინის ფასი საცალო ვაჭრობაში, სავარაუდოდ, 300 რუბლიდან, ანუ 16 ლარიდან, აითვლება. საქართველოს ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ ქართულ ღვინოს რუსეთში ზაფხულის დადგომამდე შეიტანენ, თუმცა ვადებთან დაკავშირებით მეტ სიფრთხილეს იჩენს რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი. გენადი ონიშჩენკოს თქმით, მისი თანამშრომლები შეისწავლიან ვითარებას ათეულობით ქარხანაში და შეაფასებენ იმას, თუ რამდენად შეეფერება სინამდვილეს ქართველი მეღვინეების მიერ მიწოდებული ინფორმაცია.

„საქართველოს მოეჩვენა დესეთეში მიპატიჟება“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი „კომერსანტი“, რომლის რედაქცია რუსი დიპლომატის მიხაილ ევდოკიმოვის განცხადების პასუხად საქართველოს პოლიტიკურ ელიტაში ატეხილ ხმაურზე წერს. გაზეთის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დესეთეს ქვეყნების პირველი დეპარტამენტის დირექტორმა მინსკში ყოფნისას განაცხადა, რომ არის მცდელობა დაიწყოს მოლაპარაკება საქართველოს ხელისუფლებასთან დესეთეში დაბრუნების თაობაზე. „საქართველო არავის გაურიცხავს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან. ამ ქვეყანამ თავად მიიღო ორგანიზაციის დატოვების გადაწყვეტილება“, უთქვამს ევდოკიმოვს, რომლის განცხადებამ, „კომერსანტის“ სიტყვებით, თბილისში აფეთქების ეფექტი გამოიწვია. ოპოზიციურმა „ნაციონალურმა“ მოძრაობამ ხელისუფლებას ეროვნული ინტერესების ღალატში დასდო ბრალი, მმართველმა პარტიამ კი განაცხადა, რომ არანაირი მოლაპარაკება დესეთეში დაბრუნებასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს, რაც კვირის ბოლოს რუსეთის საგარეო უწყებამაც დაადასტურა. „კომერსანტში“ გამოქვეყნებული სტატია სრულდება მამუკა არეშიძის მოსაზრებით, რომლის თანახმადაც რუსი დიპლომატის განცხადება მიზნად ისახავდა საქართველოს საზოგადოების რეაქციის შემოწმებას.

„ნოვაია გაზეტა“ კი აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას, სათაურით „მოკითხვა რბილი ძალისაგან“, რომელშიც საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და პოლიტიკურ ვითარებაზე მეზობელი სახელმწიფოს - რუსეთის - გავლენაზეა საუბარი: „სააკაშვილის რეფორმები არ იწვევდა აღფრთოვანებას მოსახლეობაში, მაგრამ მეზობლად რომ ყოფილიყო ისეთი ქვეყანა, რომელშიც რეფორმები და დასავლეთისკენ სწრაფვა არ იქნებოდა გამოცხადებული დანაშაულად ისტორიისა და კაცობრიობის წინააღმდეგ, ალბათ, ყველაფერს გადაიტანდნენ ისევე, როგორც ოდესღაც გადაიტანეს პოლონეთსა და ესტონეთში. და არ არის საჭირო იმის მტკიცება, რომ ეს სხვა საქმე და სხვა მენტალიტეტია, რადგანაც საქმე მენტალიტეტში კი არა, ერთი ადამიანის სიჯიუტეშია. ესტონეთში მას ერქვა მარტ ლაარი. საქართველოში იგივე მოინდომა სააკაშვილმა, მაგრამ ესტონური დემოკრატიის გარეშე და ძალაუფლების რუსული ვერტიკალით. შეიძლებოდა რამე გამოსულიყო, მაგრამ გვერდით იყო რუსეთი. და ივანიშვილმა თვალები აუხილა საქართველოს არა მარტო პატიმართა წამებაზე, არამედ შეახსენა ხალხს, რომ საერთოდაც სხვანაირად შეიძლება ცხოვრება, ანუ ისე, როგორც რუსეთში. და მას გაუგეს, მართალია, არა ყველამ, მაგრამ იმდენმა, რომ პარლამენტში უმრავლესობის მოგროვება შეძლო. რაც უფრო მტკივნეულია რეფორმები, მით უფრო სასურველია ალტერნატივა. და რუსეთი, როგორიც არის სინამდვილეში და არა ისეთი, როგორიც შეიძლება ყოფილიყო, აღმოჩნდა ამ ალტერნატივის სიმბოლო“.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG