Accessibility links

შეილახა თუ არა საქართველოს იმიჯი ევროპაში - ამ თემაზე სტატიას „კომერსანტი“ აქვეყნებს და საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავს. სტატიის ავტორი ყურადღებას ამახვილებს 8 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის წინ მომხდარ დაპირისპირებასა და ამ ინციდენტის გამოხმაურებაზე დასავლეთში. „სამწუხაროა იმაზე დაკვირვება, თუ როგორ დაინგრა რამდენიმე თვეში წლობით ნაშენები დემოკრატიული ქართული სახელმწიფო. სამწუხაროდ, საქართველო არასწორ გზას ადგას და ეს უარყოფითად იმოქმედებს მისი მოქალაქეების ცხოვრებაზე“ - ეს ციტატა „კომერსანტს“ ევროპის სახალხო პარტიის განცხადებიდან მოჰყავს და სტატიაში პარტიის პრეზიდენტის, უილფრედ მარტინსის, საქართველოში ვიზიტსა და მის მწვავე კომენტარებსაც ეხება.

სტატიის ავტორს, გიორგი დვალს, ასევე მოჰყავს ციტატები ქართველი პოლიტიკოსების გამოსვლებიდან. „ევროპის სახალხო პარტიას შეუძლია ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განვითარება“, - ამბობს სააკაშვილი. სტატიის ბოლოს კი ავტორი ამ თემაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის, კომენტარს გვთავაზობს. უსუფაშვილი ცდილობს ახსნას ევროპელი პოლიტიკოსების ტენდენციურობა და ამბობს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ევროპის სახალხო პარტია პარტნიორები არიან, თვითონ უილფრედ მარტინსი და მიხეილ სააკაშვილი კი -მეგობრები. სტატია საქართველოს დიპლომატიური აკადემიის რექტორის, იოსებ ცინცაძის, კომენტარით მთავრდება. ის ამბობს, რომ თუკი ქვეყანაში მასობრივი არეულობები გაგრძელდება, ევროპა საბოლოოდ შეაქცევს ზურგს საქართველოს.

ამავე თემას ეხმაურება „არგუმენტი ი ფაქტი“, სადაც შეგიძლიათ იხილოთ სტატია, სათაურით - „აზერბაიჯანმა და საქართველომ ევროპა შეაშფოთეს“. სტატიაში საუბარია ბოლო დროს აზერბაიჯანსა და საქართველოში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებს შორის მომხდარი დაპირისპირებების შესახებ. ავტორი, არტურ კურეევი, მიმოიხილავს რა სამხრეთკავკასიურ სახელმწიფოებში განვითარებულ მოვლენებს, ყურადღებას ამახვილებს ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების დაპატიმრებებსა და მათ მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებზე. თუმცა სტატიის მთავარი თემა არა მიმდინარე პროცესების მიმოხილვა, არამედ ამ ყველაფერზე ევროპელი პოლიტიკოსების გამოხმაურებებია. ავტორი ეხება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კეთრინ ეშტონისა და ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის შტეფან ფულეს განცხადებებს, სადაც ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ აზერბაიჯანსა და საქართველოში შექმნილი მდგომარეობის გამო.

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს „იზვესტიაც“ გამოეხმაურა, თუმცა, „არგუმენტი ი ფაქტისა“ და „კომერსანტისგან“ განსხვავებით, გამოცემა არა საქართველოსა და ევროპის ურთიერთობაზე, არამედ ქართულ-რუსულ კავშირებზე ამახვილებს ყურადღებას. „იზვესტიაში“ შეგიძლიათ წაიკითხოთ ინტერვიუ საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრთან, ვალერი ხაბურძანიასთან, რომელიც პრორუსული პარტიის ჩამოყალიბებას გეგმავს. ხაბურძანია ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ეშინიათ სიტყვისა „პრორუსული“ და დასძენს, რომ ასეთი განმარტება საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ პარტია ქვეყანაში რუსული ინტერესების გატარებას გეგმავს, არამედ ის ეცდება, რომ საქართველოს ინტერესები რუსულ ვექტორს მოარგოს. უშიშროების ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ გეგმავს პრორუსული კოალიციის შექმნას, თუმცა ჯერ მხოლოდ სიტუაციას აკვირდება და ცდილობს განსაზღვროს, თუ ვინ შეიძლება გახდეს პარტიის მომავალი პარტნიორი როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში. ხაბურძანია ინტერვიუში პარტიის სავარაუდო სახელსაც ამხელს და ამბობს, რომ ახალ პოლიტიკურ ძალას შეიძლება „თერგდალეულები“ დაერქვას. ყოფილი მინისტრი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ პარტია არ აპირებს კანდიდატი დაასახელოს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუმცა 2014 წლის ადგილობრივ და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებას დაიწყებს.
XS
SM
MD
LG