Accessibility links

logo-print
გაზეთი „კომერსანტი“ რუსი და ქართველი დიპლომატების პრაღაში გამართული შეხვედრის შესახებ წერს. გაზეთის მიხედვით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი და საქართველოს მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე შეთანხმდნენ გააგრძელონ კონსულტაციები სრულმასშტაბიანი სატრანსპორტო კავშირის აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გამარტივებისათვის. რეგულარული სატრანსპორტო კავშირის აღდგენაში იგულისხმება სატვირთო ავტომობილების შეუზღუდავი გადაადგილება საქართველოს სამხედრო გზაზე „ზემო ლარის“ საკონტროლო გამშვები პუნქტის გავლით, ისევე როგორც საავიაციო მომოსვლა, რომელიც ამჟამად ძირითადად ჩარტერულ რეჟიმში ხორციელდება.

რაც შეეხება სავიზო რეჟიმის გამარტივებას, შეთანხმების შემთხვევაში, შეღავათები გავრცელდება საქართველოს მოქალაქეთა მხოლოდ გარკვეულ ნაწილზე - კერძოდ, სტუდენტებზე, მეცნიერებზე, კულტურის მუშაკებსა და რუსული ორგანიზაციების მიერ მიწვეულ ადამიანებზე. „კომერსანტის“ ცნობით, მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება სოჭის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე. ზურაბ აბაშიძის თქმით, საქართველო არ არის წინააღმდეგი მონაწილეობა მიიღოს ოლიმპიურ თამაშებში, თუმცა ოფიციალური თბილისისათვის მნიშვნელოვანია, რომ თამაშებში მონაწილეობას იღებდნენ მხოლოდ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი ქვეყნები. გაზეთის მიხედვით, საქართველოს მხარე უკმაყოფილოა იმით, რომ ოსმა და აფხაზმა სპორტსმენებმა რუსეთის დროშის ქვეშ მიიღეს მონაწილეობა ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში.

საქართველო-რუსეთის ურთიერთობის შესახებ წერს „ნოვაია გაზეტა“, რომელიც მკითხველს სთავაზობს ვრცელ რეპორტაჟს საქართველოდან. რეპორტაჟი იწყება იმ გზის აღწერით, რომელიც რუსეთის მოქალაქემ საქართველოში მოსახვედრად უნდა გაიაროს: რკინიგზით საქართველოში ბაქოს გავლით თუ მოხვდებით; გაცილებთი მარტივია თვითმფრინავით მგზავრობა, რაც, ჩარტერული რეისების სახით, ყოველდღეა შესაძლებელი. სწორედ აეროპორტში, საბაჟო კონტროლის გავლისას, გამოელაპარაკა რუსი ჟურნალისტი მოსკოვიდან საქართველოში მომავალ მეუფე ანტონს, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტს, რომელიც რუსეთში სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდა. „ეს სიგიჟეა! მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, თუ არ ჩავთვლით ბალტიის ქვეყნებს, მხოლოდ საქართველოსთან შემოიღეთ ვიზები. რის გამო გვსჯით? სააკაშვილის გამო? კი მაგრამ ეს ხომ პოლიტიკაა? ხალხი რა შუაშია? იყავით დიდსულოვნები! მაგრამ არა, ყველა რუსულ უმაღლეს სასწავლებელში მხოლოდ ქართველი სტუდენტებისათვის გაძვირდა ორჯერ სწავლა. გარდა ამისა, აბიტურიენტები ვერ იღებენ ვიზებს, რის გამოც იძულებული არიან განათლება საზღვარგარეთ, ინგლისურ ენაზე მიიღონ. ამის მერე კიდევ გიკვირთ , რომ საქართველოში თითქმის ვერავინ ლაპარაკობს რუსულად? გამოდის, თქვენ თავად დაკარგეთ საქართველო და ამაში ჩვენ გვადანაშაულებთ. სადაა ლოგიკა? ავიღოთ თუნდაც ორი ოსეთი. ერთი, რომელიც რუსეთშია, მილიონ ადამიანს ითვლის, მეორე კი, საქართველოში მდებარე, სულ რაღაც - 30 ათასს. ეს პატარა აღიარეთ სახელმწიფოდ, ის დიდი კი - არა! აი, ასეთი დიდებული ლოგიკაა! მე ვეკითხები რუსეთს: საქართველოს სახით ვინ გინდათ, მეგობარი თუ მონა? მეგობრობისთვის მზად ვართ, მონობისთვის კი - არა! შეცვალეთ პოლიტიკა და თითის ქნევის ნაცვლად მეგობრულად, კეთილმეზობლურად დაგველაპარაკეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა დარჩენია მცირე ქვეყანას, რომელსაც ცუდი ურთიერთობა აქვს დიდ მეზობელთან? ევროპისა და ნატოს გარდა, სხვა გზას არ გვიტოვებთ“. ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის, ანტონის ამ მოსაზრებას „ნოვაია გაზეტაში“ გაეცნობით.

გაზეთმა „იზვესტიამ“ კი ყურადღება დაუთმო ტოვსტონოგოვის სახელობის დიდი დრამატული თეატრიდან სამხატვრო ხელმძღვანელის, თემურ ჩხეიძის წასვლას. რედაქციისათვის მიცემულ ინტერვიუში ქართველმა რეჟისორმა თანამდებობის დატოვების მიზეზებზე ილაპარაკა: „დადგა დრო, როცა თეატრში ცვლილებები უნდა გატარდეს, თუმცა მე პირადად ამის გაკეთება არ შემიძლია. ბევრი მიწოდებს რეტროგრადს, მაგრამ ესაა ჩემი პრინციპული არჩევანი - შევინარჩუნო ტოვსტონოგოვის მემკვიდრეობა. დარწმუნებული ვარ, გავა სულ რაღაც 10 წელი და კლასიკა ისევ დასჭირდება რუსულ თეატრს. ერთმა ახალგაზრდა კაცმა მითხრა, რომ ჩემი სპექტაკლები ანაქრონიზმად აღიქმება. მინდა მადლობა ვუთხრა მას ამგვარი გულწრფელობისათვის“. ინტერვიუს თემურ ჩხეიძესთან გაზეთი „იზვესტია“ აქვეყნებს.
XS
SM
MD
LG