Accessibility links

რუსეთის ბეჭდური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მარგარეტ ტეტჩერის გარდაცვალება.

„ტეტჩერმა დააჩქარა ცივი ომის დასრულება“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „იზვესტიამ“ მცირე ზომის ინტერვიუ ედუარდ შევარდნაძესთან, 1985-90 წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთან.

კითხვა-პასუხს წინ უძღვის შესავალი, რომლის მიხედვითაც, შევარდნაძის თანაშემწეს რედაქციისათვის უთქვამს, რომ ედუარდ ამბროსის ძემ ძალიან მტკივნეულად განიცადა მარგარეტ ტეტჩერის გარდაცვალება.

„რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ „რკინის ლედისთან“ ურთიერთობამ?“ - ამ კითხვაზე შევარდნაძე რუსული გაზეთის რედაქციას უპასუხებს:

„ტეტჩერი იყო მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი პოლიტიკური ფიგურა. ბედნიერი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა რამდენჯერმე შევხვედროდი მას. პირველივე შეხვედრამ, რომელიც 1986 წელს ლონდონში ჩემი ვიზიტის დროს შედგა, წარუშლელი შთაბეჭდილება დამიტოვა. მის რეზიდენციაში, დაუნინგ სტრიტზე, ორ საათზე მეტი ვილაპარაკეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ გარეთ გამომყვა, ქუჩაში გამომაცილა, რაც პროტოკოლით გათვალისწინებული არ ყოფილა. ჟურნალისტებმა შენიშნეს, ამგვარი ჟესტი კარგის ნიშანი უნდა იყოსო. ტეტჩერმა ასევე მიმიწვია პარლამენტში, სადაც დეპუტატებს უნდა შეხვედროდა. შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა. რამდენიმე ფრაზაში ატევდა ძალიან რთული და მნიშვნელოვანი პრობლემის მთელ არსს. უბრალოდ, გამაოგნა მისმა ამ უნარმა“.

ინტერვიუს ფინალურ ნაწილში ედუარდ შევარდნაძემ ასევე ილაპარაკა მარგარეტ ტეტჩერის მნიშვნელოვან და პოზიტიურ როლზე როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის ურთიერთობის დათბობაში, ასევე „ცივი ომის“ დასრულებაში, რაც, შევარდნაძის თქმით, „რკინის ლედის“ პრინციპულმა პოზიციამ საგრძნობლად დააჩქარა.

„რა დაკარგა საქართველომ რუსეთთან მტრობით და ამერიკასთან მეგობრობით“ – ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული „არგუმენტი ი ფაკტი“-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორი, გიორგი ზოტოვი, რამდენიმე დღე საქართველოში იმყოფებოდა. კორესპონდენტი შეხვდა ბევრ განსხვავებული პროფესიის ადამიანს, თუმცა ყველა აძაგებდა ამერიკიის შეერთებულ შტატებს, საქართველოს წინა ხელისუფლებას და საქართველოს პრეზიდენტს დაცინვით მიშიკოთი მოიხსენიებდა.

„ძალიან კარგია, რუსეთთან რომ უნდა შევრიგდეთ. იცით, მიშიკო, უბრალოდ, უვარგისია! რა საჭირო იყო ასეთი რამის გაკეთება? ის შეუარცხყოფას აყენებდა რუსეთს, ამერიკას კი ეპირფერებოდა. არადა, ამერიკას ისე ვჭირდებით, როგორც ძაღლს მეხუთე ფეხი“, უთქვამს თბილისელ ტაქსის მძღოლს რუსი ჟურნალისტისათვის, რომლის დაკვირვებითაც, საქართველოს მცხოვრებლები საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტზე მეტად ამერიკის შეერთებულ შტატებზე არიან გაბრაზებულები. ამ არგუმენტის გასამყარებლად გიორგი ზოტოვს მოტანილი აქვს ჩურჩხელების გამყიდველი ქალის ნათქვამი: „ისე მოგვექცნენ, როგორც გასათხოვარ გოგონას, რომელსაც ცოლად წაყვანას დაჰპირდნენ, მაგრამ მოატყუეს. არც ჩვენი პროდუქცია შეიძინეს და არც ჯარი დაგვახმარეს, როცა რუსეთის ტანკებმა, სააკაშვილის არმიის განადგურების შემდეგ, თბილისის მისადგომები დაიკავეს“.

„არგუმენტი ი ფაკტის“ კორესპონდენტი ასევე ელაპარაკა ოკუპაციის მუზეუმის თანამშრომელ მანანას, რომელიც წინააღმდეგი არაა, თუკი რუსეთთან ურთიერთობის დათბობის ფონზე მუზეუმი დაიხურება. „მთავარია გაუქმდეს სავიზო რეჟიმი, რათა სამუშაოდ წავიდე ჩემს დასთან ეკატერინბურგში“.

„ნოვიე იზვესტია“ კი მასობრივი ინფორმაციის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების შესახებ წერს. საუბარია უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენების გამო ადამინისტრაციული სასჯელის დაკისრებაზე. კანონის თანახმად, მოქალაქეები დაჯარიმდებიან 2 ათასიდან 3 ათას რუბლამდე, თანამდებობის პირები - 5 ათასიდან 20 ათას რუბლამდე, ხოლო იურიდიული პირები - 20 ათასიდან 200 ათას რუბლამდე. გარდა ამისა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საგანი დაექვემდებარება კონფისკაციას, ანუ, ბეჭდური გამოცემის შემთხვევაში, განადგურდება მთელი ტირაჟი.
XS
SM
MD
LG