Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 16 აპრილი


„ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილს ბოლო აღლუმი წაართვა“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას მოსკოვში გამომავალი „იზვესტია“, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტს, უმაღლესი მთავარსარდლის რანგში, ბოლო აღლუმის მიღება მიმდინარე წელს 26 მაისს შეეძლო, თუმცა, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სამხედრო აღლუმის ნაცვლად, სახალხო სეირნობა გაიმართება. „საქართველო ის ქვეყანა არ არის, რომელიც სამხედრო ძლევამოსილების დემონსტრირებას უნდა ახდენდესო“, უთქვამს „ქართული ოცნების“ ლიდერს, რომელსაც, სტატიის მიხედვით, კატეგორიულად არ ეთანხმება პრეზდენტი სააკაშვილი. მისი თქმით, სამხედრო აღლუმზე უარით, მთავრობა ფეხქვეშ თელავს ჯარის ღირსებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „იზვესტია“ მკითხველს ასევე სთავაზობს საქართველოში გამომავალი სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის მთავარი რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის მოსაზრებას: „თბილისის ცენტრში სამხედრო აღლუმის გამართვის ტრადიცია მოძველდა - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2007 წლის 7 ნოემბერსა და 2011 წლის 26 მაისს ამ ადგილზე ხელისუფლება სასტიკად გაუსწორდა ოპოზიციის მიტინგებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ეკონომიკური ფაქტორიც. საქართველოს ყველა კუთხიდან ტექნიკის თბილისში ჩამოყვანისა და ქალაქის გადაკეტვის ნაცვლად, უმჯობესია საზეიმო მარში გაიმართოს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, სადაც აეროდრომიც არის და მძიმე ტექნიკა ასფალტის საფარს ვერ დააზიანებს“.

„იზვესტიაში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, სამხედრო აღლუმების ჩატარების ტრადიცია ააღორძინა მიხეილ სააკაშვილმა, როცა 2006 წელს, მრავალწლიანი წყვეტის შემდეგ, ღონისძიების ჩასატარებლად ბიუჯეტიდან 8 მილიონი დოლარი გამოყო.

„ნოვაია გაზეტა“ კი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ახალ ასპექტებზე წერს. სტატიის სათაურია „ღვინის რუკა“, ქვესათაური - „მოსკოვი და ივანიშვილი სააკაშვილზე შექმნილი მითის მძევლებად იქცნენ“. სტატიის მიხედვით, ყველა მიეჩვია იმ აზრს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაუარესებაში ბრალი სააკაშვილს მიუძღვის, მაგრამ ის უკვე აღარ არის ქვეყნის ლიდერი, თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყნებს შორის სალაპარაკოც აღარაფერია. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც კი არც კულტურული კავშირები გაყინულა, არც მიმოსვლა შეწყვეტილა და არც ბიზნესის ურთიერთობა: „რა უნდა გაუმჯობესდეს ეკონომიკურ თუ ჰუმანიტარულ ურთიერთობებში? ყველაფერი მშვენივრად არის აწყობილი პრეზიდენტების, საგარეო საქმეთა მინისტრებისა და მათი სპეცწარმომადგენლების შეხვედრების გარეშეც. მოსკოვი და ივანიშვილი იქცნენ მძევლებად ფატალურ სააკაშვილზე შექმნილი მითისა. სააკაშვილი ხომ ხმამაღლა და გამომწვევად ამბობდა იმას, რაც მანამდე არაერთხელ უთქვამთ საქართველოს ყოფილ ლიდერებს, იქნებოდა ეს გამსახურდია თუ შევარდნაძე“.

სტატიის მიხედვით, ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება ერთ საათში, მათ შორის ვიზების გაუქმებისა და ქართული ღვინოების რუსეთის ბაზარზე დაშვებისა, მაგრამ ყველაფერი ეს თუ უცბად გადაწყდა, რაღაზე უნდა მოილაპარაკონ შემდეგ, რომელ სფეროებში უნდა დაახლოვდნენ და რაში უნდა დაამტკიცონ ძმობა? აქ საქმე მარტო ის კი არ არის, რომ არც არაფერში, არამედ ის, რომ ასეთი რამ არც არავის სჭირდება.

სტატიის ავტორის თქმით, ურთიერთობის უქონლობა ან მისი დაყვანა ვიზებისა და ღვინის შესახებ მუდმივ დისკუსიამდე ბედნიერად ათავისუფლებს რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემებზე მსჯელობისგან. მეორე მხრივ, შემდგომი დაახლოება ისევე სჭირდება ივანიშვილს, როგორც მოსკოვს. რუსეთი, როგორი დამოკიდებულებაც უნდა გქონდეს მის მიმართ, ოფიციალურად საქართველოსათვის აგრესორია, აფხაზეთის დაბრუნება კი მოსალოდნელი არ არის. ყოველივე ამის გათვალისწინებით, რაზე უნდა ილაპარაკო დიდ მეზობელთან თუ არა ღვინოსა და „ბორჯომზე“? და ძალიანაც კარგია, რომ არსებობს ადამიანი, რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის სახით, რომელიც ყოველთის აღმოაჩენს „ბორჯომში“ რაღაც რადიაციის კვალს.

ანალიტიკურ სტატიას საქართველო-რუსეთის ურთიერთობის შესახებ გაზეთი „ნოვაია გაზეტა“ აქვეყნებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG