Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 30 აპრილი


რუსეთის ბეჭდურმა მედიამ დიდი ყურადღება დაუთმო საქართველოში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაციის „კავკასიის ფონდის“ საქმიანობის კვლევასა და მის დახურვას. „იზვესტიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ფონდი მოხსენიებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის კონსპირაციულ ორგანიზაციად. რუსული გამოცემის მიხედვით, ფონდის დახურვის გადაწყვეტილებაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიუღია, რასაც, რედაქციის მტკიცებით, ადასტურებს გაზეთის მიერ მოპოვებული დოკუმენტები. ერთ-ერთი ცნობის თანახმად, სამინისტრომ ფონდის დახურვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი არსებობა რუსეთის სპეცსამსახურებისთვის გახდა ცნობილი. ციტატა ტექსტიდან, რომელიც, „იზვესტიის“ მტკიცებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის: „სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ორგანიზაციის დაფინანსების შეწყვეტისა და მისი საქმიანობის შეჩერების შესახებ, რადგანაც ფონდმა ჩაატარა ღონისძიებები რუსეთის ჩრდილოკავკასიელი მოქალაქეების გადაბირების მიზნით. 2012 წლის მიწურულს ცნობილი გახდა, რომ „კავკასიის ფონდის“ საქმიანობით რუსეთის სპეცსამსახური დაინტერესდა. არაერთხელ ორგანიზაციის ოფისს მიაკითხეს ადამიანებმა, რომლებიც თავს ასაღებდნენ რუსეთში საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებად და რომლებსაც თითქოსდა ფონდთან ურთიერთობის დამყარება სურდათ. ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, ზოგიერთ მათგანს კავშირი ჰქონდა რუსეთის სპეცსამსახურებთან“.

„იზვესტიის“ მიხედვით, 2008 წლის 7 ნოემბერს დაარსებული ფონდის ძირითადი საქმიანობა ჩრდილოკავკასიელი ახალგაზრდებისა და ინტელიგენციის წარმომადგენელთა გადაბირება იყო. სტატიის ავტორის ვარაუდით, ბოსტონის ტერაქტის ორგანიზატორი ტამერლან ცარნაევიც ამ ფონდის მიერაა გადაბირებული, თუმცა არც ამ საკითხთან და არც ფონდის დახურვასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაზეთისთვის განმარტება არ მიუცია. სამაგიეროდ, ვარაუდებს გამოთქვამენ რუსი სპეციალისტები. პოლიტოლოგი სერგეი ჩერნიახოვსკი მიიჩნევს, რომ ფონდის გარშემო შექმნილმა ნეგატიურმა ფონმა აზრი დაუკარგა მის არსებობას, ხოლო ალეკსეი მარტინოვის ვარაუდით, ფონდის რეალური დამფუძნებლები დამარცხდნენ პოლიტიკურ ბრძოლაში.

„კავკასიის ფონდის“ შესახებ წერს „ნოვაია გაზეტაც“, რომელიც აქვეყნებს ინტერვიუს ფონდის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ გელა ხმალაძესთან. ინტერვიუს სათაურად გამოტანილია რესპონდენტის შემდეგი ციტატა: „ტამერლან ცარნაევს არასოდეს მიუღია მონაწილეობა ჩვენს ღონისძიებებში. „კავკასიის ფონდი“ არ თანამშრომლობდა ჯეიმსტაუნის ფონდთან. მით უმეტეს, ჩვენი ფონდი არ იყო დაკავებული ეგრეთ წოდებული „გადაბირებით“. ეს აშკარა სიცრუეა“.

გელა ხმალაძის თქმით, ფონდის საქმიანობაში პრიორიტეტული იყო სამი მიმართულება: მეცნიერება, განათლება და კულტურა. აქცენტი კეთდებოდა კულტურულ-ისტორიულ კავშირებზე. ფონდი ყოველწლიურად სასწავლებლად იწვევდა 5-6 ახალგაზრდას ჩრდილო კავკასიიდან, რომლებიც უმაღლეს განათლებას რუსულ ენაზე იღებდნენ. მაღალი მოთხოვნა იყო ჰუმანიტარულ საგნებზე: ისტორია, არქეოლოგია, პოლიტოლოგია, ასევე სამხატვრო აკადემიასა და კონსერვატორიაზე. ფონდი იხდიდა სტუდენტების ცხოვრებისა და სწავლის საფასურს, ამასთან, ფონდი ფინანსდებოდა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების - ძირითადად ბიზნესმენების - შემოწირულებებით.

გაზეთი „კომერსანტი“ კი საქართველოს საგარეო პოლიტიკის ორიენტირებზე წერს. სტატიაში, სათაურით „ბიძინა ივანიშვილი არ გადაუხვევს ნატოს გზას“, ლაპარაკია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე, რომელიც თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარზე გაკეთდა: „ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი. ვერც ერთი მთავრობა ვერ გადაუხვევს ამ გზიდან“. ივანიშვილმა ასევე გადაუხადა მადლობა ალიანსს მძიმე დღეებში აღმოჩენილი დახმარებისათვის. „2008 წელი იყო უმძიმესი ჩვენი ქვეყნისათვის. რუსეთმა დაიკავა ჩვენი ტერიტორიის მეხუთედი, ადგილი ჰქონდა ქართველი მოსახლეობის ეთნიკურ წმენდას, მაგრამ ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს იმ მხარდაჭერას, რაც იმ დღეებში აღმოგვიჩინა ნატომ“.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG