Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 7 მაისი


რუსეთის ბეჭდურმა მედიამ აქტიურად გააშუქა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიიღოს სოჭის ზამთრის ოლიმპიადაში, რომელიც 2014 წელს უნდა გაიმართოს. გაზეთ „იზვესტიის“ მიხედვით, რუსეთში გასამართ ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველო წარმოდგენილი იქნება 5-7 სპორტსმენით, ძირითადად ფიგურისტებითა და სამთომოთხილამურეებით. სოჭის ოლიმპიადაზე გამოსვლას აპირებს ელენე გედევანიშვილიც - ევროპის 2010 წლის ბრინჯაოს პრიზიორი ფიგურულ სრიალში. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის თქმით, საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია, სავარაუდოდ, 20 კაციანი იქნება. გარდა ამისა, ლერი ხაბელოვს რუსული გამოცემისათვის ისიც უთქვამს, თუ რა არგუმენტებით იხელმძღვანელა ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვეტილების მიღებისას:

„არ შეიძლება ასეთი ღონისძიების ბოიკოტირება, რადგანაც საქართველოს ხელი აქვს მოწერილი ოლიმპიურ ქარტიაზე. თუ ჩვენ უარს ვიტყვით სოჭის ოლიმპიადაზე, გამოდის, პროტესტს ვუცხადებთ საერთაშორისო ოლიმპიურ კომეტიტსა და მთლიანად ოლიმპიურ მოძრაობას“.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ სოჭის ოლიმპიადა ექსცესების გარეშე ჩატარდეს. რამდენიმე დღის წინ კი საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს მაია ფანჯიკიძეს უთქვამს, რომ მისი ქვეყანა აუცილებლად იქნება წარმოდგენილი სოჭის თამაშებზე.

ცნობისათვის: ზამთრის წინა ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც ვანკუვერში გაიმართა, საქართველო წარმოდგენილი იყო რვა სპორტსმენით საციგაო სპორტში, ფიგურული სრიალსა და სამთო-სათხილამურო სპორტში.

გაზეთი „კომერსანტი“ კი საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარების შესახებ წერს. „საქართველოს პროკურატურა ეროვნული უშიშროების საბჭოს მიადგა“ - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში ლაპარაკია მთავარი პროკურატურის სპეციალური ჯგუფის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის გამოძიებაზე, რომლის ფარგლებში რევიზია უტარდება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ფინანსურ დოკუმენტაციას. სტატიის მიხედვით, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაადანაშაულა პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი გუნდი ლობისტური კომპანიების დაფინანსებაში, თუმცა საქმის მთავარი ფიგურანტი, უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ფული იხარჯებოდა მხოლოდ სახელმწიფო ინტერესების უზრუნველყოფისათვის, ხოლო ფინანსური შემოწმება მიზნად ისახავს შურისძიებას პრემიერ-მინისტრის კრიტიკის პასუხად. სტატიის ავტორის თქმით, ინსპექცია, მართლაც, ბოკერიას იმ მკვეთრი განცხადებების შემდეგ დაწყებულა, რომელთა მიხედვითაც, ივანიშვილი ზიანს აყენებს ქვეყნის ერვონულ ინტერესებს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის მუხლით.

რუსულმა პრესამ ასევე აქტიურად გააშუქა ოპოზიციის მიტინგი, რომელიც 6 მაისს მოსკოვში გაიმართა. „ნოვაია გაზეტას“ მიხედვით, მრავალათასიანი მიტინგი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ალეკსეი ნავალნის, მიმართვით დასრულდა: „იმ ადამიანებსაც, რომლებიც თვალს გვადევნებენ მდინარის მეორე ნაპირიდან, თავისებურად უყვართ რაღაც-რაღაცები თავიანთ სამშობლოში. მათ უყვართ ნავთობი, გაზი, ციმციმები მანქანებზე, მაგრამ არ უყვართ ხალხი, რომელიც სულ მუდამ რაღაცას ითხოვს. ხალხს არ უნდა, რომ მათ უზარმაზარ ქვეყანას მართავდეს სააგარაკე კოოპერატივი. როცა ერთი წლის წინ ამ ადგილზე ვიდექი, ჩემ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა იყო ნულის ტოლი, ერთი წლის შემდეგ კი მათი რიცხვი 6-მდეა გაზრდილი. მაგრამ მიმიფურთხებია ამ საქმეებისათვის. ადრეც ვამბობდი და ახლაც ვიტყვი: პუტინი ქურდია! მე არ მაქვს სხვა ქვეყანა, სხვა მოსკოვი და უკან დასახევი გზა. რუსეთი იქნება თავისუფალი!“ - რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ალეკსანდრ ნავალნის, ამ მიმართვას გაზევი „ნოვაია გაზეტა“ აქვეყნებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG