Accessibility links

logo-print
„იზვესტია“ ეხება თბილისში, კაფე „La Truffe"-ში, შაბათს მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაშავდნენ. სტატიაში „ქართულ რესტორნებში სააკაშვილი არასასურველი სტუმარი გახდა“ მიხაილ ვიგნანსკი, თვითმხილველებზე დაყრდნობით, წერს, რომ რესტორანში იმ დღეს სააკაშვილიც იმყოფებოდა, თუმცა „La Truffe" ინციდენტამდე ცოტა ადრე დატოვა და უშუალოდ ჩხუბს არ შესწრებია. იქ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვანო მერაბიშვილი, და მისი მეუღლე, რომლებიც დაცვამ სასწრაფოდ გაიყვანა რესტორნიდან. ჟურნალისტს სტატიაში მოჰყავს ინციდენტის მონაწილეების - ზაზა გოროზიას, მამუკა ბაკურიასა და მანანა გიორგობიანის - კომენტარები. ჟურნალისტი ასევე გაესაუბრა დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის ხელმძღვანელს, სოსო ცისკარიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ ინციდენტში პოლიტიკური ანგარიშსწორების კვალის ძიება არასწორია და ჩხუბი იმის გამო მოხდა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი არამეგობრულადაა განწყობილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიმართ. თუმცა ექსპერტმა იქვე დაამატა, რომ, მიუხედავად ამისა, პარტიის მხარდამჭერებმაც და ოპონენტებმაც თავი უნდა შეიკავონ მსგავს ინციდენტებში მონაწილეობისგან. სტატიას მიხაილ ვიგნანსკი ასრულებს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით მოპოვებული ინფორმაციით. როგორც „იზვესტიას“ერთ-ერთი რესტორნის თანამშრომელმა უთხრა, სააკაშვილი მის რესტორანსაც ხშირად სტუმრობს, თუმცა ბოლო დროს რესტორნის სხვა კლიენტები ამის გამო უკმაყოფილებას არ მალავენ და ზოგჯერ დემონსტრაციულად ტოვებენ დაწესებულებას. ვიგნანსკი ბოლოს ამატებს, სააკაშვილმა საერთოდ უარყო, რომ იმ დღეს რესტორანში იმყოფებოდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდაო.

რუსულ პრესაში აქტუალურია „ქართული ოცნების“ მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის დასახელებაც. ამ თემაზე სტატიებს „კომერსანტი“ და „მოსკოვსკი კომსომოლეცი“ აქვეყნებენ.

„კომერსანტში“ შეგიძლიათ იხილოთ გიორგი დვალის სტატია „საქართველოს ხელისუფლებამ მეცნიერულ გადაწყვეტილებას მიაგნო“, სადაც ავტორი დასაწყისში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ფილოსოფოსია. ავტორს სტატიაში მოჰყავს ციტატები ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძისა და ირაკლი ალასანიას განცხადებებიდან, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური გუნდი მარგველაშვილის კანდიდატურას ერთხმად უჭერს მხარს. ავტორი ასევე ეხება იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ჯერ კიდევ არ დაუნიშნავს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი და ამატებს, ამასთანავე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საპრეზიდენტო კანდიდატის წამოყენებას ჯერ არ ჩქარობს. სტატია ეხება პრეზიდენტობის კიდევ ორ კანდიდატს - ნინო ბურჯანაძესა და შალვა ნათელაშვილს. ავტორი აღნიშნავს, რომ ბურჯანაძე ერთადერთი კანდიდატია, რომელიც ღიად უჭერს მხარს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას რუსეთის ფედერაციასთან. სტატიის დასასრულს, ავტორს მოჰყავს „გორბი“ ჯგუფის ხელმძღვანელის, სოციოლოგ გიორგი ფაჩულიას კომენტარი, მომავალ არჩევნებში მარგველაშვილს რეალური კონკურენტი არ ეყოლება და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი შეიძლება მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდესო.

„მოსკოვსკი კომსომოლეცში“ გამოქვეყნებულ სტატიაშიც ავტორი ხაზს უსვამს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის პროფესიას. სტატიაში „საქართველოს პრეზიდენტი ფილოსოფოსი გახდება?“ მარინა პერევოზკინა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოში პრეზიდენტის უფლებები მნიშვნელოვნად შეიზღუდება. ჟურნალისტი წერს, რომ ეს შეიძლება კარგიცაა, რადგან, როგორც სტატიაშია ნათქვამი, „საქართველოს ნაციონალურ ლიდერებში არ უმართლებს“. ჟურნალისტი იხსენებს საქართველოს პირველ და მესამე პრეზიდენტებს და მათ „ისტერიულ ქარიზმატულ“ ლიდერებად მოიხსენიებს. მარინა პერევოზკინა ამბობს, რომ ისტორიას ახსოვს ერთი ასეთი ლიდერი, ადოლფ ჰიტლერი, რომელსაც ქარიზმასთან ერთად სერიოზული ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონდა. „თუ პირდაპირ და უხეშად ვიტყვით, საქართველოში უყვართ გიჟები“, - წერს პერევოზკინა სტატიაში. ამის შემდეგ ჟურნალისტი ამატებს, რომ მარგველაშვილი საერთოდ არაა ქარიზმატული და არც ფეთქებადი ხასიათით გამოირჩევა და შეიძლება ის მართლა იყოს კარგი პრეზიდენტი, თუ ქვეყანას ძლიერი პრემიერ-მინისტრი ეყოლება. სტატიის ბოლოს ჟურნალისტი გიორგი მარგველაშვილის ბიოგრაფიულ მონაცემებს იშველიებს და წერს, რომ მარგველაშვილი, ალბათ, გახდება კიდეც საქართველოს პრეზიდენტი, თუ „ქართული ოცნება“ საკუთარი ამომრჩევლებისთვის იმედების გაცრუებას შემოდგომამდე არ მოასწრებს.
XS
SM
MD
LG