Accessibility links

logo-print
რუსეთის ბეჭდურმა მედიამ დიდი ყურადღება დაუთმო შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხს. გაზეთ „კომერსანტში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მავთულხლართების გაბმა, საქართველოს მთავრობის შემდეგ, კათალიკოს-პატრიარქმაც გააპროტესტა. რუსი მესაზღვრეების მიერ დაწყებული ე.წ. სადემარკაციო სამუშაოების პასუხად, ილია მეორემ ღია წერილით მიმართა რუსეთის პრეზიდენტს:

"გამოვთქვამთ შეშფოთებას რუსი ჯარისკაცების მიერ სოფელ დიცთან საქართველოს დროებითი საზღვრის გადმოწევის გამო. ეს არის ჩვენი მოსახლეობისთვის მეტად მტკივნეული და მოულოდნელი ქმედება, მით უმეტეს, იმ მცდელობების ფონზე, რასაც ჩვენი ქვეყნები ურთიერთობის ნორმალიზებისათვის აკეთებენ და რაც, საქართველოში არსებული რთული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენთვის ადვილად განსახორციელებელი არ არის. ვიმედოვნებთ, თქვენ სწორ შეფასებას მისცემთ შექმნილ ვითარებას და მიიღებთ სათანადო ზომებს აღნიშნული მდგომარეობის დროულად გამოსწორებისათვის“.

„კომერსანტმა“ პატრიარქის წერილთან დაკავშირებით კომენტარი პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს სთხოვა. „პატრიარქი ილია რამდენიმე თვის წინ მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, რომელმაც მორწმუნე ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. ეკლესიის საჭეთმპყრობელი დარწმუნებულია, რომ პუტინთან საჭიროა და შესაძლებელია საქმის დაჭერა, რადგანაც ასეთი თანამშრომლობა უფრო ნაყოფიერი იქნება, ვიდრე პოლიტიკოსთა დემარშები“, უთქვამს სოსო ცისკარიშვილს რუსული გამოცემისათვის. პატრიარქის თანაშემწემ მიქაელ ბოტკოველმა კი განაცხადა, რომ ჯერჯერობით პატრიარქს მოსკოვიდან პასუხი არ მიუღია, თუმცა იმედოვნებს, რომ, პასუხის სახით, რუსი მესაზღვრეები შეაჩერებენ მავრთულხლართების გაბმას საქართველოს სიღრმეში, თუმცა, გაზეთის ცნობით, ამგვარი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, რუსმა მესაზღვრეებმა კიდევ უფრო გააფართოეს ეგრეთ წოდებული სადემარკაციო სამუშაოები.
გაზეთი „იზვესტია“ კი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებისა და ამ ფაქტით ევროპარლამენტის დაინტერესების შესახებ წერს. სტატიის მიხედვით, საქართველოს 3 ივნისს ეწვია ევროპარლამენტის დელეგაცია, რომელსაც კჟიშტოფ ლისეკი ხელმძღვანელობს. რედაქციის მიხედვით, ვიზიტმა შესაძლოა უსიამოვნება მოუტანოს საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც პოლიტიკური ოპონენტები მათი ლიდერის ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევენ და პარალელს ავლებენ უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს დევნასთან.

„იზვესტიის“ კორესპონდენტი ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, მიხეილ მაჭავარიანს, ელაპარაკა: „ტიმოშენკო იქცა პრობლემად უკრაინის დღევანდელი ხელისუფლებისათვის. ამ ჭრილშივე განიხილავს დასავლეთი და, მათ შორის, ევროპარლამენტი ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში ყოფნას. სწორედ მერაბიშვილის სახელს უკავშირდება საქართველოში განხორციელებული პოზიტიური რეფორმების დიდი ნაწილი და კორუფციასთან ბრძოლა“.

„იზვესტიის“ მიხედვით, ოპოზიცია შემთხვევით არ უკავშირებს იმედებს ევროპარლამენტართა ვიზიტს. „ნაციონალური მოძრაობისათვის“ კჟიშტოფ ლისეკი უცხო სულაც არ არის. „ორი წლის წინ მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის შესახებ რეზოლუციის მიღების გამო კჟიშტოფ ლისეკი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა“, ვკითხულობთ „იზვესტიის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
რუსულმა ბეჭდურმა მედიამ ასევე ყურადღება დაუთმო რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ონიშჩენკოსა და ქართველი მეღვინეების უცნაური ურთიერთობის ისტორიას. „დელოვაია გაზეტას“ სტატიის სათაურად გამოტანილი აქვს ონიშჩენკოს შემდეგი სიტყვები: „ქართველები აფუჭებენ ყურძენს, რომლისგანაც ალკოჰოლურ სასმელს აკეთებენ“.

რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის თქმით, საქართველოში მოწეული სხვა ხილიც ვერ გამოირჩევა ხარისხით და, საერთოდ, საქართველოში აღარ დარჩა უნიკალური პროდუქტი, რომლის შეტანაც რუსეთში იქნებოდა შესაძლებელი: „მანდარინი თქვენ არ გაქვთ, ქინძი ჩვენც გვაქვს - უკვე ვისწავლეთ მოყვანა. ქართული თაფლი? კარგი, თაფლს იქით მოგაწვდით, როგორც ალავერდს“.
XS
SM
MD
LG