Accessibility links

logo-print
გასულ კვირაში რუსულ პრესაში აქტუალური იყო ვანო მერაბიშვილის მიერ ციხეში გამოცხადებული შიმშილობა და სამეგრელოში აღმოჩენილი საცავები. პრესა ასევე აქტიურად ეხმაურებოდა დისკუსიას ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შესახებ. პოლიტიკის გარდა, პრესა კულტურასაც ეხებოდა - მაგალითად, “ნოვაია გაზეტაში“ შეგეძლოთ წაგეკითხათ იური როსტის წერილი მიხეილ ჭავჭავაძეზე.

მიხეილ ვიგნანსკის სტატიას, რომელიც ვანო მერაბიშვილის მოთხოვნებსა და ციხეში გამოცხადებულ შიმშილობას ეხება, “იზვესტია” აქვეყნებს. სტატიაში ავტორი საუბრობს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პატიმრობისა და მისი მდგომარეობის შესახებ. ვიგნანსკი წერს, რომ მერაბიშვილის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ტელევიზორია. ჟურნალისტი იხსენებს ევროპარლამენტარ ქშიშტოფ ლისეკის ვიზიტს ციხეში, რომლის შემდეგაც ლისეკმა განაცხადა, რომ მერაბიშვილს ყველაზე მეტად ინფორმაციის ნაკლებობა აწუხებს. ამის საპასუხოდ სტატიაში მოყვანილია თეა წულუკიანის კომენტარიც. იუსტიციის მინისტრი განმარტავს, რომ იზოლატორში ტელევიზორის ქონის უფლებას პატიმრები მხოლოდ სანიმუშო ყოფაქცევისთვის იღებენ. საკანში ტელევიზორის შეტანის უფლებაზე საუბრობს ელენე თევდორაძეც, რომელმაც „იზვესტიას“ განუცხადა, რომ მსგავსი მკაცრი წესები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაუწესა პატიმრებს, ახლა კი მერაბიშვილს სწორედ საკუთარი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ამყოფებს რთულ მდგომარეობაში.

სტატიაში ყურადღებაა გამახვილებული მერაბიშვილის მეორე მოთხოვნაზეც, გაიხსნას მისი საბანკო ანგარიშები. ამ თემაზე “იზვესტია” „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, მიხეილ მაჭავარიანს ესაუბარა, რომელმაც გაზეთს განუცხადა, რომ დაყადაღებულია არა მხოლოდ მერაბიშვილის ანგარიშები, არამედ უძრავი ქონებაც. “ამ ყველაფრის გამო მის ოჯახს საკმაოდ რთული ფინანსური პრობლემები ექმნება”, - განუცხადა მაჭავარიანმა “იზვესტიას”.
სტატიის ბოლოს ვიგნანსკი წერს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს მერაბიშვილის საქმე ისევე წარმოაჩინოს, როგორც ტიმოშენკოს დაპატიმრება უკრაინაში. ექს-პრემიერის დაპატიმრების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურებაზე “იზვესტიას” პარლამენტარი ლევან ბერძენიშვილი, ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში ყველამ იცის, თუ რა ჩაიდინა მერაბიშვილმა, საზღვარგარეთ კი ჯერ ყველაფერი არ იციან. “ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრულები და ვაჩვენებთ ყველას, რომ ადგილი არ აქვს შერჩევით სამართალს და ეს, უბრალოდ, დამნაშავეთა დასჯაა”, - უთხრა ბერძენიშვილმა “იზვესტიას”.

სამეგრელოში შსს-ს მიერ აღმოჩენილ საცავს, სადაც საბრძოლო იარაღი, ასაფეთქებელი მასალები, დასასჯელ პირთა სია, ნარკოტიკები და ფარული ვიდეოჩანაწერები აღმოჩნდა, ეხება “მოსკოვსკი კომსომოლეცი”. სტატიაში საუბარია იმაზე, თუ რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა საცავში აღმოჩენილი ნივთების ბოროტად გამოყენებას. “ნაპოვნი არქივის შესახებ შეიძლება ვიფიქროთ, რომ არჩევნებში სააკაშვილის მხარდამჭერთა გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში მასობრივი რეპრესიები იგეგმებოდა”, - ვკითხულობთ “მოსკოვსკი კომსომოლეცში”.

“ქართული ღვინის აჩრდილი დადის რუსეთის საბაჟოსთან” - ასეთი სათაურით სტატია „კომერსანტში“ ქვეყნდება და შეეხება ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების პერსპექტივებს. კარლ მარქსის ციტატის პერიფრაზი გენადი ონიშენკოს ეკუთვნის, რომელმაც განაცხადა, რომ ქართული ღვინო მალე კვლავ გამოჩნდება რუსული მაღაზიების დახლებზე. სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთის ბაზარზე უკვე დაბრუნდა „ბორჯომი“, ხოლო საქართველოდან ღვინის ექსპორტს უახლოეს მომავალში ელიან.
XS
SM
MD
LG