Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 25 ივნისი


გაზეთი "კომერსანტი" რამდენიმე სტატიით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ ის აპირებს დატოვოს თანამდებობა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე იზრუნოს. 25 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის სათაურია "საქართველის პრემიერი მიდის, მაგრამ არ მიდის", ივანიშვილი განმარტავს თავის განცხადებას, რომელიც ესტონურ გამოცემა Postimees -ისათვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ივანიშვილის თქმით, ის მაშინ წავა პოლიტიკიდან, როცა აღარ იქნება დესტაბილიზაციისა და სააკაშვილის ხელისუფლების რესტავრაციის საფრთხე. სტატიის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია როგორც საკუთარ კოალიციაში, ასევე პოლიტიკური ოპონენტების ბანაკში, თუმცა პოლიტიკის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრი თვალთმაქცობს, როცა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ლაპარაკობს. "მას სურს პოლიტიკური პროცესები გარედან აკონტროლოს ისე, რომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აიღოს", უთქვამს რუსული გამოცემისათვის საქართველოს კულტურის ყოფილ მინისტრს ნიკა რურუას. „კომერსანტი“ ასევე ელაპარაკა Global News-ის ბლოგერ დავით ავალიშვილს: "გარედან ხელისუფლების კონტროლი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფლობ არაფორმალურ ძალაუფლებას ან ხარ ისეთივე სულიერი ლიდერი, როგორიც აიათოლაა ირანში". სტატია მთავრდება საქართველოს საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელის სალომე ზურაბიშვილის კომენტარით: "მისი წასვლა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებაში დატოვებს თავის შერჩეულ და არა ხალხის მიერ არჩეულ ადამიანებს".

გაზეთი „იზვესტია“ კი საქართველოში წარმოებული ღვინოების სამარკო ნიშნების დაცვის შესახებ წერს. საუბარია "წინანდლის", "ტვიშის", "ქინძნმარაულის", "ახაშენის", "მუკუზანისა" და "ხვანჩკარის", როგორც გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოების, დასახელებების დაცვაზე. რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციის შემდეგ კომპანიები, რომლებიც არ მუშაობენ მითითებულ რეგიონებში, ვერ შეძლებენ შესაბამისი დასახელებების გამოყენებას, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, არაკეთილსინდისიერი მეწარმეები ვეღარ შეძლებენ ხვანჩკარისა და ქინძმარაულის ჩამოსხმას მოსკოვის გარეუბანში. სტატიის მიხედვით, რუსეთში რეგისტრირდება 18 დასახელების ადგილწარმოების ღვინიდან მხოლოდ 6. საქართველოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ რუსეთამდე მსგავსი ნაბიჯი ევროკავშირში, ყაზახეთსა და უკრაინაშიც გადადგა. ადვოკატ ალექსანდრ ფილიპოვის თქმით, ამგვარი რეგისტრაციის შემდეგ მეწარმეები, რომლებსაც სურთ აღნიშნული დასახელებების გამოყენება, იძულებული იქნებიან დაამტკიცონ, რომ აწარმოებენ თავიანთ პროდუქციას მითითებულ რეგიონებში და შეესაბამებიან ღვინოების აღწერილ თვისებებს. სათანადო მოწმობის მისაღებად „როსპოტრებნადზორიც“ მოითხოვს დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს ადგილწარმოების დასახელების გამოყენების უფლებას.

ამასთან, რუსეთის მარკეტოლოგთა გილდიის საბჭოს წევრი ნიკოლას კორო მიიჩნევს, რომ ღვინის ქართულ ბრენდებს რუსეთის ბაზარზე კარგი პერსპექტივა აქვთ: "ამ ბრენდებიხ ნოსტალგიური მონატრებითაა გაჟღენთილი 40 წლისა და მეტი ასაკის აუდიტორია, რომელიც საკმაოდ ინტენსიურად მოიხმარს ღვინოს. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში კი ქართული ღვინოების მისაღებად შემზადდა ახალგაზრდა აუდიტორიაც“.

„იზვესტიის“ ცნობით, მიმდინარე წლის 20 ივნისს, პირველად 2006 წლის შემდეგ, რუსეთში შეტანილი იქნა საქართველოში წარმოებული ღვინის ნაწარმის პირველი 30 ათასი ბოთლი.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG