Accessibility links

გაზეთი „კომერსანტი“ მკითხველს სთავაზობს ინტერვიუს ესტონეთის პრეზიდენტ ტომას ჰენდრიკ ილვესთან, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ საუბრობს. ინტერვიუს შესავალში ხაზგასმულია ის გარემოება, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში ვილნიუსი მასპინძლობს ევროკავშირის ქვეყნების შეხვედრას ეგრეთ წოდებულ „აღმოსავლეთის პარტნიორებთან“, რომლებშიც იგულისხმებიან: მოლდავეთი, ბელორუსია, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. ესტონეთის პრეზიდენტის თქმით, შესაძლოა რომელიმე ამ ქვეყანასთან მართლაც გაფორმდეს ასოცირების შეთანხმება, მაგრამ ის იმასაც შენიშნავს წუხილით, რომ ბევრ ქვეყანას სურს ამგვარი ხელშეკრულების გაფორმება, თუმცა სწორი წარმოდგენა არ აქვს ევროკავშირზე.

„ისინი ისე იქცევიან, თითქოს მათთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით გააბედნიერებენ ევროკავშირს. არადა, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ქვეყნები აკმაყოფილებდნენ სამართლებრივი სახელმწიფოს სტანდარტებს, პატივს სცემდნენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და სიტყვის თავისუფლებას“, ამბობს „კომერსანტისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ესტონეთის პრეზიდენტი, რომელიც ჟურნალისტის შეკითხვაზე, აქვს თუ არა უკრაინას ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შანსი, უპასუხებს, რომ ეს საკითხი დიდწილად დაკავშირებულია იულია ტიმოშენკოს პატიმრობასთან. უკრაინის კონტექსტში ესტონეთის ლიდერი საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებაც საუბრობს:

„საერთო ჯამში, ლაპარაკია არა ერთ ადამიანზე, არამედ სამართლებრივ სახელმწიფოზე და, ამ გაგებით, ეს მხოლოდ უკრაინის პრობლემა არ არის. ვიცი, რომ ბევრი ევროპული ქვეყანა ადევნებს თვალყურს იმას, თუ რა ხდება საქართველოში. დევნის თუ არა საქართველოს ხელისუფლება ოპონენტებს? ისინი ამბობენ, რომ საქმე გვაქვს წმინდა წყლის სისხლის სამართლის დანაშაულთან, თუმცა ყოველივე ეს გარედან ცუდად გამოიყურება. თავის დროზე ხოდორკოვსკის საქმემ მნიშვნელოვნად გამოუთხარა ძირი სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის რწმენას რუსეთში. ტიმოშენკოს საქმემაც იგივე როლი ითამაშა უკრაინაში. ახლა კი საქართველოს ახალი ხელისუფლება აპატიმრებს პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატს და გვეუბნება, რომ ის არანაირი კანდიდატი არ არის, რადგანაც დარეგისტრირება ვერ მოასწრო. როგორც ჩანს, მათ ბრიყვები ვგონივართ, მაგრამ ჩვენ ბრიყვები არ ვართ“.

„იზვესტია“ კი საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბის თბილისის „დინამოსა“და რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბანკის „ვი-თი-ბი - ბანკის“ ურთიერთობის შესახებ წერს. გაზეთის მიხედვით, მოსკოვის „დინამოს“ აქციების საკონტროლო პაკეტის შესყიდვის შემდეგ, ბანკმა თბილისის „დინამოს“ სპონსორობაც გადაწყვიტა, ყოველივე ეს კი 7 ივლისს თბილისში გამართული ამხანაგური შეხვედრის შემდეგ გაირკვა. „იზვესტიის“ კორესპონდენტი სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ბანკის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეს ვასილი ტიტოვს ელაპარაკა: „ჩვენს გუნდებს შორის არსებობს კარგი ურთიერთობის დიდი ტრადიცია. თანაც, საქართველოში საფეხბურთო კლუბის სპონსორობა გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე რუსეთში, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. თანაც, ფეხბურთი ის სფეროა, რომელშიც სპონსორობა ძალიან ეფექტიანი შეიძლება იყოს ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით“.

თბილისშიც მიიჩნევენ, რომ რუსულ ბანკთან თანამშრომლობა მნიშვნელოვნად წაადგება ქართული კლუბის განვითარებას. ასე ფიქრობს ცნობილი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე, რომლის თქმითაც, ქართული ფეხბურთის მთავარი პრობლემა ფინანსური სიდუხჭირეა. „რუსული ფეხბურთისგან განსხვავებით, საქართველოს ჩემპიონატში სერიოზული სპონსორები არ გამოჩენილან. ამის გამო, ქართული ფეხბურთი ერთ ადგილზეა გაყინული. თუ „ვი-თი-ბი ბანკი“ მართლა აპირებს დიდი ფულის ჩადებას „დინამოში“, მაშინ კლუბი შეძლებს სხვა დონეზე გასვლასა და გულშემატკივართა ახალი თაობის მიზიდვას. თანაც, თუკი ეს თანამშრომლობა წარმატებული გამოდგება, მაღალი ალბათობით, სხვა სერიოზული ორგანიზაციებიც მიბაძავენ რუსულ ბანკს და ქართული ფეხბურთით დაინტერესდებიან“. სტატიას თბილისის „დინამოსა“ და რუსეთის წამყვანი ბანკის თანამშრომლობის შესახებ გაზეთი „იზვესტია“ აქვეყნებს.
XS
SM
MD
LG