Accessibility links

„ივანიშვილმა დასავლეთის ფრონტზე კონტრშეტევა წამოიწყო“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსეთში გამომავალი გაზეთი „იზვესტია“, რომელიც, საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაგეგმილი ვიზიტების შესახებ. სტატიის თანახმად, 18-19 ივლისს ივანიშვილი ესტუმრება ლიტვასა და პოლონეთს, ხოლო16 ივლისს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება საქართველოს დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და რამდენიმე სხვა დეპუტატი. რედაქციის განმარტებით, ეს ის ქვეყნებია, რომლებიც საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ყველაზე მეტად განიცდიან პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური გუნდის შევიწროებას და გამოთქვამენ ეჭვს პოლიტიკური დევნის თაობაზე.

„იზვესტიას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ივანიშვილი ვარშავასა და ვილნიუსში გამართავს შეხვედრებს უმაღლეს დონეზე, რომლის დროსაც განხილული იქნება სამზადისი ევროკავშირის სამიტისათვის, რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობას ეძღვნება. რაც შეეხება ამერიკაში ვიზიტს, სტატიის მიხედვით, დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის წევრების შეხვედრა ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტისა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან.

პოლიტიკური მიმომხილველები საყვედურობენ „ქართული ოცნების“ ლიდერებს იმის გამო, რომ მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ოპონენტებს პი-არ-ის თვალსაზრისით. ყოველივე ეს კარგად ჩანს ისეთ ევროპულ ფორუმებზე, როგორიცაა ევროსაბჭოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეები. სტატიაში მოტანილია საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის კომენტარი, რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვანია პირდაპირი კავშირების დამყარება, მათ შორის, ოპონენტებთანაც: „დასავლეთის მიმართულებით ძალისხმევა უნდა იყოს მეტად კოორდინირებული. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ადეკვატურად აღიქვამს შენიშვნას იმასთან დაკავშირებით, რომ უკეთ უნდა აუხსნას საერთაშორისო მეთვალყურეებს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების არსი“.

გაზეთი „კომერსანტი“ კი საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ წერს. „დეპუტატი ნონ გრატა“ - ასე ჰქვია სტატიას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში შესვლაზე უარი უთქვამს სომხეთის პარლამენტის დუპუტატ შირაქ ტოროსიანისათვის, რომელიც ითვლება სეპარატისტული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად უპირატესად ეთნიკური სომხებით დასახლებულ ჯავახეთის რეგიონში.

სტატიის თანახმად, დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი სომეხი დეპუტატი აპირებდა სამცხე-ჯავახეთში ჩასვლას, თუმცა ქართველმა მესაზღვრეებმა, თბილისთან კონსულტაციის შემდეგ, საზღვრის გადაკვეთაზე უარი უთხრეს. წლების განმავლობაში ტოროსიანი თავკაცობდა ორგანიზაცია „ჯავაკხს“, რომლის წევრები მოითხოვენ ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონების ავტონომიას. თავად შირაქ ტოროსიანის მტკიცებით, „ჯავაკხი“ არასოდეს ითხოვდა ჯავახეთის საქართველოდან გამოყოფას, საუბარი იყო მხოლოდ ეთნიკური სომხების უფლებების დაცვაზეო.

„კომერსანტში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ამჯერად საქართველოში უპრობლემოდ შეუშვეს „ჯავაკხის“ კიდევ ერთი ლიდერი, ვააგნ ჩახალიანი, რომელიც მიმდინარე წლის იანვრამდე ათწლიან სასჯელს იხდიდა მასობრივი არეულობის მოწყობის ბრალდებით. სწორედ მას უწოდა მიხეილ სააკაშვილმა „საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთავარი მტერი“.

„რუსეთს დეფოლტი არ ემუქრება“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „კომსომოლსკაია პრავდა“, რომელიც რუსეთის ეკონომიკის საკითხებზე „სბერბანკის“ პრეზიდენტსა და ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, გერმან გრეფს ელაპარაკა: „დეფოლტის ნამდვილად არ უნდა გვეშინოდეს. რუსეთს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მაკროეკონომიკური ვითარება აქვს. ჩვენი სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდია პროდუქტის 10%-ზე ნაკლებია, მაშინ როცა ევროპის ქვეყნების მნიშვნელოვან ნაწილს ეს მაჩვენებელი 100 პროცენტზე მაღალი აქვს. ამიტომაც ჩვენთვის დეფოლტის გამოცხადება წარმოუდგენლად მეჩვენება. გარდა ამისა, ცენტრალური ბანკის ოქროსა და ვალუტის რეზერვი ნახევარ ტრილიონ დოლარს აჭარბებს. ეს რესურსები საკმარისია იმისათვის, რათა მოვიგერიოთ ნებისმიერი სპეკულატური შემოტევა“. რუსი ფინანსისტის გერმან გრეფის ამ აზრს „კომსომოლსკაია პრავდაში“ გაეცნობით.
XS
SM
MD
LG