Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 23 ივლისი


"რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების გარეშე განვითარებულ საქართველოს ვერ ავაშენებთ" - ნინო ბურჯანაძის ეს ციტატა გამოიტანა "იზვესტიამ" ინტერვიუს სათაურად, რომელიც გამოცემამ საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან ჩაწერა. ნინო ბურჯანაძეს მიხაილ ვიგნანსკი ესაუბრა. ინტერვიუ შეეხება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს, დამოკიდებულებას მიხეილ სააკაშვილთან და ამჟამინდელ მთავრობასთან. ბურჯანაძე ვრცლად საუბრობს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და აკრიტიკებს "ქართული ოცნების" პოზიციას ამ საკითხზე. პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს: „’ქართულ ოცნებას’ კომპეტენცია და ცოდნა არ ჰყოფნის, ასევე არ აქვს საკმარისი გამბედაობა, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას. ვერ ბედავს თქვას, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობის დარეგულირების გარეშე ჩვენ ვერ ავაშენებთ განვითარებულ და გაერთიანებულ საქართველოს. მართალია, ისინი საუბრობენ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების აუცილებლობის შესახებ, თუმცა კონკრეტულ ნაბიჯებს მაინც ვერ დგამენ". ბურჯანაძე რუსეთთან ურთიერთობის საკითხს ინტერვიუში კიდევ უბრუნდება, როცა ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელ ქვეყანას ესტუმრება პირველად, თუკი არჩევნებს მოიგებს, პასუხობს, რომ როცა პრეზიდენტის პოსტი 2003 წელს დროებით დაიკავა, პირველად რუსეთში ჩავიდა და ახლაც თვლის, რომ მაშინ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
ინტერვიუში ბურჯანაძე უშუალოდ საპრეზიდენტო არჩევნებსაც ეხება და ამბობს, რომ ის ერთადერთი კანდიდატია, რომლის რეიტინგიც ყოველ საათში იზრდება და ფიქრობს, რომ არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატის დამარცხებას შეძლებს. ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ "ქართულმა ოცნებამ" იმედი გაუცრუა ამომრჩეველს, როცა სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად ხალხს "გაურკვეველი კოჰაბიტაციის პროცესი" შესთავაზა. "მასწავლებლები, ექიმები, ინჟინრები - სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც უსამართლოდ გაათავისუფლეს სამსახურებიდან, ელოდნენ, რომ ოდესმე მათ აღადგენდნენ. თუმცა სამართლიანობა მხოლოდ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისთვის ახდა", - ამბობს ნინო ბუჯანაძე ინტერვიუში.

რუსულ-ქართულ ურთიერთობებს ეხება „კომერსანტში“ გამოქვეყნებული გიორგი დვალის სტატიაც. სტატია შეეხება მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას თბილისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან. ჟურნალისტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის იმ მონაკვეთებზე, სადაც სააკაშვილმა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა. სტატიაში მოყვანილია რამდენიმე ციტატა სააკაშვილის გამოსვლიდან. ჟურნალისტი ხაზს უსვამს პრეზიდენტის კომენტარს 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებზე და შემდეგი ციტატა მოჰყავს: "მაშინ ერთი ბარელი ნავთობის ფასი ძალიან მაღალი იყო, ასევე ამბობდნენ, რომ ის 500 დოლარამდეც გაიზრდებოდა. რუსეთს სურდა ამაზე ასობით მილიარდი დოლარი გაეკეთებინა". დვალი ყურადღებას ასევე ამახვილებს ბიძინა ივანიშვლის შესახებ პრეზიდენტის ნათქვამზე, პრემიერ-მინისტრმა კრემლისგან 2 მილიარდი დოლარი მიიღო და ახლა თავს ვალდებულად თვლის რუსეთის წინაშეო.

რუსეთის პრესაში აქტუალურია გენადი ონიშენკოს გამოსვლაც, სადაც რუსეთის მთავარმა სანიტარმა საქართველოში არსებულ ამერიკულ ლაბორატორიებზე ისაუბრა. ამ თემას ეხმაურება "ვედომოსტი", რომელიც ონიშენკოს გამოსვლიდან მნიშვნელოვან ციტატებს სთავაზობს მკითხველს. გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ, მართალია, ”როსპოტრებნადზორის” ხელმძღვანელი აღნიშნავს ქართული პროდუქტებისა და ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნების გარდაუვალობას, მაგრამ ამატებს, რომ ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიები, რომლებიც, ონიშენკოს ინფორმაციით, ყოფილ საბჭოთა ბაზებზეა განთავსებული, ეჭვქვეშ აყენებს ქართული პროდუქციის სანდოობას. ონიშენკო განმარტავს, რომ ორგანიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია საკვები პროდუქტების სიჯანსაღე. "სწორედ საკვები პროდუქტებია ადამიანის ორგანიზმში მავნე ნივთიერებების მოხვედრის ერთ-ერთი მთავარი გზა. ეს მავნე ნივთიერებები კი შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად გამოიყენო", - ამბობს რუსეთის მთავარი სანიტარი.
XS
SM
MD
LG