Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 30 ივლისი


გასულ კვირაში რუსეთის პრესა აქტიურად გამოეხმაურა საქართველოში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერს. ამ თემაზე სტატია გამოაქვეყნა რამდენიმე რუსულმა გამოცემამ. "იზვესტიაში" იხილავთ მიხაილ ვიგნანსკის სტატიას: "ნაციონალურმა მოძრაობამ საპრეზიდენტო კანდიდატი აქციისა და ჩხუბის ფონზე დაასახელა". ავტორი სტატიის დასაწყისში ყურადღებას ამახვილებს აქციებზე, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერის პარალელურად იმართებოდა, და აგრეთვე „ექსპო-ჯორჯიას“ პავილიონში შემდგარ საბოლოო შეხვედრაზე, რომელიც ასევე აქციის თანხლებით ჩატარდა. ვიგნანსკი წერს, რომ აქციის ორგანიზატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები", რომლის ხელმძღვანელმა, ნანა კაკაბაძემ, "იზვესტიას" განუცხადა, "ჩვენ გამოვედით, რათა კიდევ ერთხელ მოვითხოვოთ რეჟიმის გასამართლებაო".

„ექსპო-ჯორჯიასთან“ მობილიზებული პოლიციის კორდონის მიუხედავად, აქციამ მშვიდად მაინც არ ჩაიარა. ვიგნანსკი წერს ინციდენტზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი კანდელაკსა და აქციის ერთ-ერთ მონაწილეს შორის მოხდა. ჟურნალისტი აღნიშნავს ასევე სამი მომიტინგის დაკავების ფაქტს. ვიგნანსკის ამ ინციდენტის შესახებ კანდელაკის კომენტარი მოჰყავს, სადაც პარლამენტის წევრი ამბობს, რომ პარტია ტრანსფორმირებას და საზოგადოებისთვის ახალი იდეების შეთავაზებას აპირებს, თუმცა ამ პროცესისთვის ხელის შეშლას ცდილობენ. სტატიის დასასრულს ავტორი გვთავაზობს დავით ბერძენიშვილის მოსაზრებას პრაიმერის შესახებ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „იზვესტიას“ განუცხადა, მიუხედავად ყველაფრისა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მაქსიმუმ ხმების 10%-ის მიღებას შეძლებსო.

ამავე თემას ეხმაურება "მოსკოვსკი კომსომოლეცი", რომელიც მარინა პერევოზკინას სტატიას აქვეყნებს. პერევოზკინა დავით ბაქრაძის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელების შესახებ საუბრისას ამბობს, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე "პოლიტიკური კამიკაძის" როლზე აირჩიეს. სტატიის დასაწყისში პერევოზკინა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ 2010 წელს მიღებული კონსტიტუციური ცვლილებების შემდეგ პრეზიდენტის უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად მცირდება და პირველი პირის როლს უკვე პრემიერ- მინისტრი შეასრულებს. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ასვეე არჩევნებისწინა რეიტინგებზე, რომლებიც NDI-მ გამოაქვეყნა და რომლის მიხედვითაც, არჩევნებში ფავორიტი "ქართული ოცნების" კანდიდატი იქნება,“ნაციონალური მოძრაობა“ კი, დაახლოებით, ხმების 10%-ს მიიღებს. პერევოზკინა წერს, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატის გამარჯვება გარდაუვალია და ამბობს, რომ თუ მარგველაშვილის გაპრეზიდენტებას არჩევნების მეორე ტური დასჭირდა, ეს უკეთესიც იქნება, რადგან არჩევნების გასაჩივრების ნაკლები მიზეზი იარსებებს. ჟურნალისტი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა შეიძლება მეორე ადგილიც ვერ დაიკავოს. პერევოზკინა წერს, რომ მეორე ადგილი ბაქრაძეს NDI-ს მონაცემებით ეკუთვნის, ხოლო თვითონ კვლევითი ცენტრის სანდოობას ჟურნალისტი ეჭვქვეშ აყენებს და იხსენებს, რომ NDI-მ „ნაციონალურ მოძრაობას“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაც უწინასწარმეტყველა, მაგრამ მაშინ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და საპარლამენტო უმრავლესობაც მოიპოვა.

სტატიის დასასრულს პერევოზკინა ამბობს: "თუმცა მოსახლეობა უკვე აძლევს ხმას, ის აფიქსირებს საკუთარ პოზიციას კვერცხებითა და სხვა გასტრონომიული პროდუქტებით, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მისამართით ისვრის". ჟურნალისტი, ბოლოს, ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფარულ ჩანაწერებზე, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღმოაჩინა და წერს: "რა მოხდება, თუკი ამ ჩანაწერებს არჩევნების წინ ტელევიზიით აჩვენებენ ხალხს? ალბათ, ეს ბაქრაძისთვის პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასი იქნება".

საპრეზიდენტო არჩევნების გარდა, რუსეთის პრესა წერდა კიდევ ერთ თემაზე, რომელიც საქართველოს შეეხება. გასულ კვირაში ჩრდილოეთ კავკასიის საოლქო სამხედრო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა დენის კაიმაკოვს, ფედერალური უშიშროების სამსახურის თანამშრომელს, რომელსაც ბრალი სახელმწიფოს ღალატში დასდეს. კაიმაკოვს ბრალი ედებოდა აფხაზეთში, სოფელ ტაგლანთან დისლოცირებული რუსული შეიარაღებული ძალების აღჭურვილობის, გადაადგილებისა და სხვა საიდუმლო ინფორმაციის ქართული მხარისთვის გადაცემაში. "კომერსანტში" გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ 2011 წელს კაიმაკოვს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის კობა თოდუას დავალებით, ოთარ ჯღარკავა და ჯემიკო ოკუჯავა დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც კაიმაკოვი მათ აუდიო და ვიდეოფაილებს აწვდიდა, ასევე აწარმოებდა ფარულ მოსმენებს, ჯღარკავასა და ოკუჯავას დავალებით. სამივე პირი 2012 წლის მარტში დააკავეს. ოკუჯავას და ჯღარკავას აფხაზეთის სასამართლომ შპიონაჟში დასდო ბრალი, ხოლო კაიმაკოვი რუსეთში გაასამართლეს.
XS
SM
MD
LG