Accessibility links

logo-print
გაზეთი „იზვესტია“ ოპერატიულად გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს განზრახვას სახელი შეუცვალოს რამდენიმე ქუჩასა და მოედანს. „სააკაშვილს ტოპონიმური ომი გამუცხადეს“ - ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული სტატიას, რომლის მიხედვითაც, „ვარდების რევოლუციის“ მორიგ წლისთავს საქართველოს დედაქალაქი პრეზიდენტსა და მის პარტიასთან ასოცირებული დასახელების მქონე ქუჩებისა და მოედნების გარეშე შეხვდება. გაზეთის რედაქცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი შიხიაშვილს ესაუბრა. „სააკაშვილს არ უნდა შეეცვალა სახელი „რესპუბლიკის მოედნისათვის“, სადაც თავისუფლებისათვის ბრძოლის აკვანი დაირწა, და არ უნდა დაერქმია მისთვის „ვარდების რევოლუციის მოედანი““, უთქვამს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომლის განცხადებითაც, მოედანს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერისა და ცნობილი დისიდენტის, მერაბ კოსტავას სახელი დაერქმევა. ასევე საკრებულოს წევრებს ეკუთვნით ინიციატივა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი ეწოდოს თბილისის აეროპორტს, ხოლო „ევროპის მოედანს“ შეეცვალოს სახელი და 100 ათასი მოწამისა დაერქვას. ამასთან „იზვესტიამ“ გაარკვია, რომ არ იგეგმება სააკაშვილის მმართველობის დროს გაჩენილი ისეთი დასახელებების შეცვლა, რომლებიც პირდაპირ კავშირში არ არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“. საუბარია, მაგალითად, ჰეიდარ ალიევის სანაპიროსა და ლეხ კაჩინსკის, ჯორჯ ბუშისა და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩებზე.

რუსეთის ბეჭდურმა მედიამ ასევე აქტიურად გააშუქა რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევის მიერ ხელმოწერილი დადგენილება, რომლის მიხედვითაც შეიქმნა რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის ტრანსსასაზღვრო ნაკრძალი, სახელწოდებით „კავკასიის რელიქტური“. დადგენილების მიხედვით, ნაკრძალი აერთიანებს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე კავკასიის ბუნებრივ-ბიოსფერულ სახელმწიფო ნაკრძალსა და აფხაზეთის რიწის რელიქტურ ეროვნულ პარკს. რუსეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„გაერთიანებული ნაკრძალის შექმნა იძლევა დამატებით შესაძლებლობას შენარჩუნებული იქნეს ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნება, ჩატარდეს სამეცნიერო კვლევები, განხორციელდეს გარემოს დაცვის
მონიტორინგი და შედგეს ეფექტიანი თანამშრომლობა უნიკალური ბუნებრივი კომპლექსების შესანარჩუნებლად“.

რუსეთის მთავრობის ამ გადაწყვეტილებას საპროტესტო განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს საგარეო უწყება. „საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს მოსკოვის უკანონო გადაწყვეტილებას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული დესტრუქციული პოლიტიკა და შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზეთმა „კომერსანტმა“ კი გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია საქართველოში ღვინის წარმოების შესახებ. ჟურნალისტ დმიტრი გუბინის თქმით, საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე ემბარგოს დაწესების შემდეგ ქართული ღვინის ხარისხი მნიშვნელოვნად ამაღლდა, რისი მიზეზიც, რუსი ჟურნალისტის თქმით, ფრანგული ინვესტიციების მოზიდვა უნდა იყოს. სტატიის მიხედვით, 2006 წლის შემდეგ საქართველოში ღვინის წარმოება გადაეწყო ევროპის ბაზარზე. შესაბამისად, მკვეთრად გაუმჯობესდა ღვინის ხარისხი: „საწარმოების გადაიარაღებასთან ერთად, გაიზარდა მევენახეობის ხარისხიც, რამაც, საბოლოო ჯამში, კარგი შედეგი გამოიღო. ადგილის წარმოების მიხედვით ქართული, მაგრამ წარმოების წესით ფრანგული ღვინო უკვე იყიდება ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, აზერბაიჯანში კი პოპულარობით საერთოდაც ნომერ პირველ ღვინოდ ითვლება. ასე რომ, ბატონი ონიშჩენკოს წყალობით, შედეგი არცთუ ურიგო გამოვიდა. და ყოველ ჯერზე, როცა, ჩემი სიბრიყვით, ვყიდულობ საშინელი ხარისხის უკრაინულ ან ყუბანურ ღვინოს, ვფიქრობ, კარგი იქნება, თუკი „როსპოტრებნადზორის“ თავკაცი პესტიციდებსა და ჰერბიციდებს ამ ნაწარმშიც აღმოაჩენს“.
XS
SM
MD
LG