Accessibility links

logo-print
26 აგვისტოს ხუთი წელი შესრულდა რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის -აღიარებიდან. ამ თარიღს სტატიების ციკლით გამოეხმაურა ჟურნალი „კომერსანტ ვლასტი“, რომლის სპეციალური კორესპონდენტი ოლგა ალიონოვა მივლინებით სოხუმში იმყოფებოდა. „ომის შემდგომი ხუთწლედი“ - ასეა დასათაურებული ვრცელი სტატია, რომელშიც ჟურნალისტი იმის გარკვევას ცდილობს, თუ რა შეიცვალა აღიარებიდან ხუთი წლის განმავლობაში. ერთი რამ ცხადია, ასკვნის ავტორი, რესპუბლიკაში შევიდა რუსული ფული, რუსეთის ჯარი და რუსი ტურისტების ნაკადი, მაგრამ საკითხავია, რამდენად დამოუკიდებელი გახდა აფხაზეთი ამ დროის განმავლობაში? „გაკეთდა ხარისხიანი გზები. ღამით განათებულია მთავარი ტრასები. შენდება სასტუმროები, რეკონსტრუქცია უტარდება ძველ შენობებს. რუსეთის მონაწილეობა აღნიშნულ ცვლილებებში თვალსაჩინოა. აფხაზეთის ბიუჯეტი 70 პროცენტით რუსეთის ფინანსური დახმარებით ივსება“, ვკითხულობთ სტატიაში. ვითარებაში გასარკვევად რუსი ჟურნალისტი ადგილობრივი გაზეთის „ჩეგემსკაია პრავდას“ რედაქტორს ინალ ხაშიგს დაუკავშირდა. „ვითარება სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში ძალიან მძიმეა. ის ადრეც მძიმე იყო, მაგრამ, რუსეთიდან მიღებული ფულის წყალობით, სტაბილური გახდა: ხალხი რეგულარულად იღებდა ხელფასს, რაღაც შენდებოდა, მაგრამ ვიღებდით ფულს და არ ვავითარებდით ეკონომიკას. ძლიერ ვიყავით დამოკიდებული რუსეთის დაფინანსებაზე. ახლა ეს დაფინანსება აღარ არის და ხელისუფლებაც კარგავს მართვის ბერკეტებს. ყველა სამსახური, რომელიც დაკავებულია ბიუჯეტის შევსებით, შესაძლებლობის ზღვარზე მუშაობს. ხელისუფლების თხოვნით, რამდენიმე მსხვილ საწარმოს წინსწრებით აქვს გადასახადები დაფარული“, უთქვამს ინალ ხაშიგს „ვლასტის“ კორესპონდენტისათვის.

ჟურნალის სპეციალური კორესპონდენტი ესაუბრა ასევე აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ირაკლი ხინთბას, რომელთან ინტერვიუსაც სათაურად წამძღვარებული აქვს ფრაზა: „რუსეთის გავლენა აფხაზეთში, რასაკვირველია, არსებითია“. კორესოპნდენტის შეკითხვას, რა საფრთხეების წინაშე დგას დღეისათვის რესპუბლიკა, აფხაზი დიპლომატი უპასუხებს: „ამგვარი საფრთხეები დამახასიათებელია ყველა სახელმწიფოსათვის და ისინი დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან, სხვადასხვა სახის კრიზისებთან - მათ შორის, ეკონომიკურთან და პოლიტიკურთან. ამასთან, აფხაზეთი ტექნიკურად ვერ გამოვიდა ომის მდგომარეობიდან. შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ ჯერ კიდევ ხელმოუწერელია, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა მაქსიმალურია. მიუხედავად ფიზიკური უსაფრთხოების არსებული გარანტიებისა, საქართველო ჯერ კიდევ აღიქმება საფრთხედ, თანაც არა მხოლოდ ომის, არამედ პოლიტიკის, ეკონომიკის და დემოგრაფიის თვალსაზრისით. აფხაზეთში ბევრია დარწმუნებული, რომ საქართველო ამა თუ იმ გზით მაინც შეეცდება ჩვენი ხალხის პოლიტიკური იდენტობისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობისათვის ძირის გამოთხრას“. ინტერვიუს ირაკლი ხინთბასთან „კომერსანტ ვლასტიში“ წაიკითხავთ.

გაზეთი „იზვესტია“ კი იმის შესახებ წერს, რომ რობერტ სტურუა ერთდროულად იმუშავებს როგორც თბილისში, ასევე მოსკოვში. გაზეთის ცნობით, მოსკოვის თეატრ „Et Cetera“-ს მთავარმა რეჟისორმა რობერტ სტურუამ სეზონის გახსნის დღეს განაცხადა, რომ მადლობელია იმისათვის, რომ თეატრმა შეიფარა, როცა საქართველოდან გამოაძევეს, მაგრამ ამჟამად იძულებულია დატოვოს მოსკოვი და დაბრუნდეს თბილისში, სადაც მას უხმეს. თუმცა სტურუას გამოსვლის შემდეგ თეატრის მხატვრულმა ხელმძღვანელმა ალეკსანდრ კალიაგინმა განმარტა, რომ რეჟისორის ეს განცხადება არ ნიშნავს იმას, რომ ის თეატრიდან მიდის: „რობერტ რობერტის ძე არ გაურბის პასუხისმგებლობას, მაგრამ მას უყვარს კეკლუცობა. როგორც ჭეშმარიტი ქართველი, ლაპარაკობს სადღეგრძელოებით, რომლებიც გაჯერებულია იუმორით, ორაზროვნებითა და ქვეტექსტებით. ის რჩება მთავარ რეჟისორად და პასუხს აგებს თეატრის შემოქმედებით მდგომარეობაზე იმავე ხარისხით, როგორითაც მე. მას შეუძლია დადგას საქართველოშიც, მაგრამ შტაბბინა იქნება აქ“. „იზვესტიაში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, რობერტ სტურუა „Et Cetera“-სთან თანამშრომლობას გააგრძელებს.
XS
SM
MD
LG