Accessibility links

logo-print
“საქართველომ რუსეთს აპატია მეჩირაღდნედ სამხრეთ ოსეთის ომის მონაწილის დანიშვნა“ - სტატიას ასეთი სათაურით აქვეყნებს „ლენტა.რუ“. სტატიაში საუბარია სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობისა და ოლიმპიადის ერთ-ერთ მეჩირაღდნედ 2008 წლის ომის მონაწილე ივან ნეჩაევის დანიშვნის შესახებ. ნეჩაევი რუსეთის მთავრობამ დააჯილდოვა კიდეც გამოვლენილი გმირობისა და ვაჟკაცობისთვის. ნეჩაევი გახდა იმის მიზეზი, რომ საქართველომ შეიძლება გადახედოს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის საკითხს. სტატიის სათაურს მხოლოდ პუბლიკაციის პირველი აბზაცი ეხმაურება, სადაც მოყვანილია საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წევრის ლერი ხაბელოვის ფრაზა, რომ ოლიმპიური კომიტეტი არ აპირებს გადახედოს საქართველოს მონაწილეობის საკითხს.

ხაბელოვის ფრაზას მოსდევს მიხეილ სააკაშვილის მოწოდება კომიტეტისადმი, რომ განახლდეს მსჯელობა ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ. იქვეა მოყვანილი სააკაშვილის ფრაზაც, რომ ის დარწმუნებულია, ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო და ვლადიმირ პუტინი, „რუსული იმპერიალისტური კომპლექსებიდან გამომდინარე, ყველაფერს გააკეთებს საქართველოს ტალახში ამოსასვრელად“.

სტატიაში, ხაბელოვისა და სააკაშვილის განცხადებების გარდა, საქართველოს მთავრობის სპეციალური განცხადებაც არის მოყვანილი, სადაც ნათქვამია, რომ მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალს სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ქმედებებს და მონაწილეობის საკითხის გადახედვა დღის წესრიგში დადგება იმ შემთხვევაში, თუკი მთავრობა საბოლოოდ დარწმუნდება, რომ „მიმდინარეობს ოლიმპიადის ზედმეტი პოლიტიზება და საქართველოს წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედება“.

სტატიის ბოლოს ავტორი გვთავაზობს ერთგვარ რეტროსპექტივას, თუ რა პოზიცია ჰქონდა საქართველოს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის თაობაზე საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ და ასევე იხსენებს ამ თემაზე საქართველოში გამართულ დისკუსიებს. სტატიის დასასრულს კი ჟურნალისტი წერს, რომ დისკუსია საბოლოოდ 2013 წლის მაისში დასრულდა, როცა საქართველომ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებს.

სტატიას იმავე თემაზე „იზვესტიაც“ აქვეყნებს, თუმცა სათაურის კონტექსტი სხვაგვარია: „საქართველომ შეიძლება გადახედოს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის საკითხს“. მიხაილ ვიგნანსკი სტატიას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკანიანის განცხადებით იწყებს, სადაც დიპლომატი ივან ნეჩაევის ოლიმპიადის მეჩირაღდნედ დანიშვნის შესახებ ლაპარაკობს. ზალკანიანმა ისიც განაცხადა, რომ საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა საკმაოდ რთული გადაწყვეტილება მიიღო, როცა ოლიმპიადაში მონაწილეობაზე დათანხმდა, ვინაიდან მსჯელობა მიმდინარეობდა „ოკუპირებული ტერიტორიების ფონზე“. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა ასევე, რომ რუსეთმა ვერ შეაფასა საქართველოს მიერ გაგზავნილი ეს და სხვა პოზიტიური სიგნალები და დაამატა, რომ ნეჩაევის მეჩირაღდნედ დანიშვნა სპორტული ღონისძიების პოლიტიზების მცდელობაა.

სტატია გრძელდება საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადებით, რომელიც „ლენტა.რუ“-საც ჰქონდა მოყვანილი. ვიგნანსკი, უბრალოდ, განცხადების ერთ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც ნათქვამია, რომ თუკი ოლიმპიადა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, მაშინ მთავრობა სათანადო ზომებს მიიღებს ქვეყნის ღირსებისა და მოქალაქეების დასაცავად. სტატიის ბოლოს მოყვანილია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ამ თემაზე და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის, ელგუჯა ბერიშვილის, განცხადება, სადაც ბერიშვილი ამბობს, რომ „ბოიკოტის საკითხი არ განიხილება, თუმცა თუკი ასეთი პოლიტიკა გაგრძელდება, შეიძლება ამ საკითხზე მსჯელობაც დაიწყოს. ამჟამად ჩვენ ამოვდივართ იმ პოზიციიდან, რომ თამაშები სოჭში - ეს არაა რუსული ტურნირი, არამედ მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის მიერ ორგანიზებული შეჯიბრია რუსეთის ტერიტორიაზე“.

სოჭის ოლიმპიადის გარდა, რუსეთის პრესა აქტიურად ეხმაურებოდა გენადი ონიშენკოს განცხადებას, რომელიც რუსეთის მთავარმა სანიტარმა „ინტერფაქსთან“ საუბრისას გააკეთა. ონიშენკოს თქმით, სტანდარტების დაკმაყოფილება ვერ შეძლო 28 ქართულმა კომპანიამ. „ჩვენ კიდევ ერთხელ დავეჭვდით საქართველოს სურვილში, საფუძველი დაედოს ხანგრძლივ, სტაბილურ და ცივილურ ურთიერთობას, რომლის საფუძველიც იქნება მხოლოდ სტაბილური მაღალი ხარისხი იმ პროდუქტისა, რომელიც რუსეთის ბაზარზე შემოდის“, - განაცხადა ონიშენკომ.
XS
SM
MD
LG