Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 15 ოქტომბერი


„ქართველ უფროსკლასელებს ქურდულ რომანტიკას გადააჩვევენ“ - სტატიას ასეთი სათაურით „იზვესტია“ აქვეყნებს. მიხეილ ვიგნანსკი განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივის შესახებ წერს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს საჯარო სკოლების უფროსკლასელებს სპეცკურსს ჩაუტარებენ. კურსი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ერთიანი ეროვნული სტრატეგიის ნაწილი იქნება და მის დანერგვას 11 ოქტომბრიდან, ეტაპობრივად, დაიწყებენ.

ვიგნანსკის განმარტებითი ნაწილის შემდეგ სტატიაში მოჰყავს ელენე თევდორაძის კომენტარი, რომლის თანახმადაც, უკეთესი იქნება, თუ ამ კურსებს ჩაატარებენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ამ სფეროში მუშაობის პრაქტიკა და არა, უბრალოდ, ჩვეულებრივი მასწავლებლები. კურსის შესახებ „იზვესტია“ პარლამენტის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ალექსანდრე ქანთარიასაც ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია კურსი იყოს ისე მიწოდებული, რომ უფროსკლასელებმა ინტერესი გამოიჩინონ მის მიმართ.

კომენტარების შემდეგ ვიგნანსკი გვაცნობს შსს-ს პოზიციასაც. სამინისტრო კურსს პოზიტიურად მიიჩნევს და თვლის, რომ სკოლის მოსწავლეთა ინფორმირებისთვის მსგავსი გაკვეთილის ჩატარება აუცილებელია. ასევე დაგეგმილია მოსწავლეების ვიზიტები პოლიციის განყოფილებებში, სადაც ისინი კანონის დამცველების მუშაობას უკეთ გაეცნობიან. ვიგნანსკი წერს, რომ ასეთი პოლიტიკა იქნება პასუხი „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებზე, თითქოს ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობა უარესდება. ჟურნალისტი იხსენებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ქურდები მხოლოდ ედუარდ შევარდნაძის დროს იყვნენ ქვეყანაში, შემდეგ კი გაქრნენ და ბიძინა ივანიშვილის მთავრობის პირობებში კვლავ დაბრუნდნენ.

შემდეგ სტატიაში ერთგვარ რეტროსპექტივას ვკითხულობთ, თუ როგორი მეთოდებით ცდილობდა მიხეილ სააკაშვილი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას კარიერის სხვადასხვა ეტაპზე. ვიგნანსკი სააკაშვილის იმ პროექტსაც იხსენებს, რომელსაც პრეზიდენტი ჯერ კიდევ შევარდნაძის მთავრობაში ყოფნის დროს ახორციელებდა. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, როცა ის იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებდა, სკოლის მოსწავლეებს თბილისის ციხეებში ექსკურსიებს უტარებდნენ. შემდეგ ვიგნანსკის სტატისტიკაც მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, გარკვეული დროის განმავლობაში საქართველო, საერთო მოსახლეობისა და პატიმრების რაოდენობის შეფარდებით, ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებდა ევროპაში.

დაბოლოს, ვიგნანსკის მოჰყავს ახლანდელი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადება, რომ ახალი მთავრობა შეუპოვარი იქნება კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლაში.

რუსეთის პრესაში ასევე აქტუალურობას ინარჩუნებს გენადი ონიშჩენკოს განცხადებები და ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების საკითხი. ამჯერად პრესაში გენადი ონიშჩენკოს ის განცხადებებია აქტუალური, სადაც „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელი საქართველოს მოუწოდებს, დახუროს ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიები. ონიშჩენკოს განცხადებით, ლაბორატორიები საფრთხეს უქმნიან პროდუქტებს, რომლებიც რუსეთის ბაზარზეც უნდა შევიდეს. რუსეთის მთავარი სანიტარი აცხადებს, რომ საკვები ჯაჭვი, რომელშიც უნდა ჩაერთოს საქართველოდან შემოსული პროდუქტებიც, შესაძლოა დივერსიის მიზანი გახდეს და სწორედ ამიტომ მოითხოვს ბიოლოგიური ლაბორატორიების დახურვას. ონიშჩენკოს ამ განცხადებას „კომერსანტი“ აქვეყნებს.

ონიშჩენკოს განცხადებას აქვეყნებს „ნოვაია გაზეტაც“, რომელსაც შემდეგი ციტატა მოჰყავს: „ჩვენი შეფასებით, ლაბორატორია წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბიოლოგიური პოტენციალის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს“. „ნოვაია გაზეტა“ წერს: „ონიშჩენკო დარწმუნებულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არღვევს კონვენციას ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის შესახებ, ლაბორატორიის ნამდვილი მიზანი კი რუსეთის ტერიტორიაზე ვირუსების გავრცელების კერების შესწავლაა, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება რუსეთის ეკონომიკის დესტაბილიზაციისთვის“.

ამის საპირისპიროდ, ქართული ხილისა და სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქტის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შესახებ წერს „მოსკოვსკი კომსომოლეცი“. პუბლიკაციაში საუბარია „როსსელხოზნადზორის“ გადაწყვეტილებაზე, მოხსნას 2006 წელს მიღებული აკრძალვა საქართველოდან ფიტოსანიტარული რისკის შემცველი პროდუქტების იმპორტის შესახებ. „ჩვენ მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთში საქართველოდან კვლავ შემოვა ციტრუსები, ყურძენი, ვაშლი, მსხალი და სხვა კულტურები“, - განუცხადა ჟურნალისტებს „როსსელხოზნადზორის“ ხელმძღვანელმა სერგეი დანკვერტმა. სტატიაში მიმოხილულია ემბარგოს პერიოდი და რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების პროცესი.
XS
SM
MD
LG