Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 29 ოქტომბერი


რუსეთში გამომავალი გაზეთები აქტიურად გამოეხმაურნენ საქართველოში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს. „რომელმა იდეოლოგიამ გაიმარჯვა საქართველოში?“ - ამ სათაურით აქვეყნებს „იზვესტია“ მწერალ დმიტრი დრობნიცკის ანალიტიკურ სტატიას, რომლის მიხედვითაც, არჩევნების შედეგები არც რუსეთში ყოფილა ვინმესთვის მოულოდნელი. ავტორის აზრით, მთავარ ინტრიგას მეორე ადგილისათვის ბრძოლა ინარჩუნებდა, თუმცა, შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ნინო ბურჯანაძის მთავარმა კოზირმა - კონტაქტებმა რუსეთის პოლიტიკურ წრეებში - ვერ გაჭრაო, წერს ავტორი. მისივე თქმით, ყველა ძირითადი კანდიდატის პროგრამაში ნახავდით ერთსა და იმავე პუნქტებს: რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და დასავლეთთან დაახლოებას. გაზეთის დასკვნით, საქართველოს მოსახლეობამ უარი უთხრა სააკაშვილსა და მის პარტიას, მაგრამ უარი არ უთქვამს სააკაშვილის მთავრობის რეფორმების ნაყოფზე, რომლითაც სიამოვნებით სარგებლობენ საქართველოში.

„არ ღირს იმაზე ფიქრიც კი, რომ საქართველოში პოლიციის, საბაჟოსა და სახელმწიფო სერვისების მუშაობა ვინმეს არ მოსწონს. პირიქით, ხალხი სწრაფად მიეჩვია სიკეთეს და დღეს მეტს მოითხოვს. მთელი პოლიტიკური პროცესი 2011-2013 წლებში მიმართული იყო შიდა პოლიტიკაზე, რომლის შედეგიც, ბუნებრივია, ასახვას პოვებდა ქვეყნის მიმზიდველობაზე როგორც ევროპის, ასევე სეპარატისტული რეგიონების თვალში, თუმცა აქვე შეიძლება დაისვას რუსეთისთვის მნიშვნელოვანი საკითხიც: რამდენად მიმზიდველი შეიძლება იყოს თავად რუსეთი მეზობლებისათვის?“

დმიტრი დრობნიცკის დაკვირვებით, საქართველოში ანტირუსულ იდეოლოგიასა და დასავლური ღირებულებების ფანატიზმს ცვლის პრაგმატული ეკონომიკური გათვლები, რომლის ავტორებთან ურთიერთობა რუსეთისთვის ასევე არ იქნება იოლი, ვიდრე რუსეთის ეკონომიკა და სახელმწიფო არ იქნება მიმზიდველი თავად რუსეთის მოქალაქეებისათვის.

„სააკაშვილი ბებიასთან მიემგზავრება“ - ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული რადიო „ეხო მოსკვის“ ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ ბლოგ-პოსტს, რომლის ავტორის თქმით, პატარა ქვეყნის გამოცდილება მისაბაძი და სასარგებლო შეიძლება იყოს დიდი ქვეყნისთვის. წერილში ვკითხულობთ: „საქართველოში შეიცვალა ხელისუფლება. პრემიერი და პრეზიდენტი ერთი გუნდის წევრები არიან, სააკაშვილი კი, პირდაპირი მნიშვნელობით, ალაგებს ნივთებს და მიემგზავრება არა ჯანდაბაში, არამედ თავის ბებიასთან. შეიძლება ამაზე ბევრი ვიცინოთ, მაგრამ როცა გადაგვივლის, წამით წარმოვიდგინოთ რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც ტოვებს თანამდებობას და რეზიდენციიდან ჩვეულებრივ ბინაში გადადის. რუსეთის პრეზიდენტს შეუძლია გადავიდეს მხოლოდ ერთი სასახლიდან მეორეში, ყველა სხვა ვარიანტი ანტისამეცნიერო ფანტასტიკის სფეროა. არადა, ნორმალური ქვეყნისათვის ძალიან მნივშნელოვანია, რომ პრეზიდენტები, უბრალოდ, მიდიოდნენ. რომ პრეზიდენტობას უმტკივნეულოდ ემშვიდობებოდნენ და ჩვეულებრივი მოქალაქეები ხდებოდნენ. რომ ხელისუფლების შეცვლა არ იწვევდეს ტრაგედიებსა და კატაკლიზმებს და რომ ხელისუფლება იცვლებოდეს არა ხიშტებითა და რევოლუციით, არამედ თავისუფალი არჩევნებით“.

27 ოქტომბრის „კომსომოლსკაია პრავდა“ კი პოსტსააკაშვილისეული ეპოქის დადგომის შესახებ წერს, თუმცა გაზეთის რედაქცია ასევე გამოთქვამს ეჭვს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მეორე ადგილზე გასვლა სააკაშვილს დაბრუნების შანსს უტოვებს. სტატიაში, რომლის სათაურია „თბილისი კვლავინდებურად რუსულად ალაპარაკდა“, ვკითხულობთ: „მეორე ადგილისთვის გააფთრებით იბრძოდა ნინო ბურჯანაძე, რომელიც სააკაშვილის ციხეში ჩასმის პირობას იძლეოდა. ბურჯანაძის მეორე ადგილზე გასვლა ხელს აძლევდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც, რადგანაც, ჯერ ერთი, სააკაშვილი დარჩებოდა წარსულში და, მეორეც, ოპოზიცია იქნებოდა პრორუსული, ანუ უხიფათო, მაგრამ ქართველმა ხალხმა სხვა ოპოზიცია აირჩია“.

სტატიის ფინალში ავტორი ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებითად არაფერი შეიცვლება, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თბილისში უკვე ალაპარაკდნენ რუსულად, ავტომობილებიდან თავხედურად ისმის რუსული შანსონის ჰანგები და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში გაჩნდა მაღალი მოთხოვნა რუსულ რუბლზე.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG