Accessibility links

logo-print
რუსეთში გამოსული გაზეთების დიდი ნაწილი კვლავ საქართველოში გამართული არჩევნების შესახებ წერს. „როსიისკაია გაზეტა“ სტატიაში, რომლის სათაურია „ოცნება მიუწვდომელი რჩება“, არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური ვითარების გაანალიზებას ცდილობს. საქართველოში იცვლება სახელმწიფო მოწყობის სისტემა - საპრეზიდენტო მმართველობას ანაცვლებს საპარლამენტო. იცვლება მმართველი ელიტაც, თუმცა, რედაქციის აზრით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რადიკალურად იცვლება საქართველოს პოლიტიკური კურსი. სტატიის მიხედვით, საქართველო ემოციურად რუსეთის იმპერიას ჯერ კიდევ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ მოსწყდა, როცა საკუთარ თავზე გამოსცადა საბჭოთა სისტემის დამთრგუნველი ძალა. სწორედ ამ დროიდან იქცა „საქართველოს მოძმე რესპუბლიკა“ „ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოდ“. ამ იდეოლოგიას ემსახურებოდა ყველა წინა პრეზიდენტი - გამსახურდია, შევარდნაძე და სააკაშვილი და, ეჭვგარეშეა, რომ იმასვე გააკეთებს ახალი ხელისუფლებაც, რომელიც უარს არ იტყვის არც დამოუკიდებლობის იდეაზე და არც საქართველოს ინტეგრაციაზე ევროკავშირსა და ნატოში.

„რუსეთმა თბილისთან ურთიერთობის დროს მოცემულობის სახით უნდა გაითვალისწინოს საქართველოს პოლიტიკის ეს ფუნდამენტური საფუძვლები. რუსეთი მხარს უჭერდა სააკაშვილის მთავრობის შეცვლას, თუმცა მიზნის მიღწევის შემდეგ წარმოუდგენელია, რომ მოსკოვმა და თბილისმა სრულ ურთიერთგაგებას მიაღწიონ, რადგანაც საქართველოს მისწრაფება ნატოსა და ევროკავშირში, ისევე როგორც მისი პოზიცია სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან მიმართებით, შეუძლებელია კომპრომისის საგანი გახდეს. დაძაბულობის მოხსნა რეალობაა, რადგან ურთიერთობის მეტად გაუარესება შეუძლებელია, თუმცა სულ ესაა და ეს“, წერს „როისიისკაია გაზეტა“.

„ნერვების წყვეტის 20 წლის შემდეგ საქართველომ დაიმსახურა სიმშვიდე“ - ამ სათაურის სტატიით ეხმიანება გაზეთი „კომერსანტი“ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსა და ქვეყნის მომავალ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის დასახელებას. სტატიის ავტორი, რუსეთის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს თავკაცი ფედორ ლუკიანოვი, ცდილობს პასუხი გასცეს შეკითხვას - მომხდარი პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ შეაბიჯა თუ არა საქართველომ დემოკრატიაში. ავტორის აზრით, ქართველი რეფორმატორების მმართველობის პრაქტიკამ მართლა გამოიღო არაერთი მნიშვნელოვანი შედეგი, მაგრამ სააკაშვილის თაყვანისმცემლებსაც კი არ უბრუნდებათ ენა იმის სათქმელად, რომ წინა ხელისუფლების პირობებში საქართველოში დემოკრატია ყვაოდა. დისციპლინირებული და შრომისუნარიანი სახელმწიფო აპარატი - ეს არის სააკაშვილის ეპოქის მთავარი მიღწევა, განსაკუთრებით იმ არხეინი საქართველოს ფონზე, როგორსაც წლების განმავლობაში მიჩვეული ვიყავით რუსეთში, თუმცა ყოველივე ამის უკან იდგა სასტიკი რეპრესიული სისტემა, დაფუძნებული ტოტალურ კონტროლსა და ოპონენტების ნეიტრალიზაციაზე.

„შენარჩუნდება თუ არა არაკორუმპირებული საგზაო პოლიცია და სახელმწიფო მომსახურების ეფექტიანი სისტემა, როცა ქვეყანაში ხელახლა მოიკიდებს ფეხს პლურალიზმი და მჩქეფარე პოლიტიკური ცხოვრება? ყოველივე ეს მალე გამოჩნდება, თუმცა ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ ერთ რამეში უკვე გამოავლინა სიმწიფე: 1991 წლიდან მოყოლებული, პირველად შეიცვალა ხელისუფლება მშვიდობიანი გზით, როცა ერთი წლის წინ საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და სულ ახლახან, როცა პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილი იქნა არჩეული. ქვეყანას სჭირდება არა ახალი ქარიზმატული ლიდერები, ჩირაღდნებით ხელში, არამედ პროფესიონალები, რომლებსაც ხელეწიფებათ ხერგილების გასუფთავება და მომავლის მშენებლობა. არანაირი გარანტია არ არსებობს, მაგრამ ყველა შესაძლო შეცდომა უკვე დაშვებულია, მათ შორის რამდენიმეზე ჭკუაც კი იქნა ნასწავლი. სწორედ ეს იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს“, ვკითხულობთ ფიოდორ ლუკიანოვის სტატიაში.
XS
SM
MD
LG